"გიგი ნანატრი შვილია, ქორწინებიდან მეშვიდე წელს მოგვივლინა უფალმა" - რას საქმიანობენ დღეს ინგა ბერაძე და გიგი გეგელაშვილი - მშობლები

"გიგი ნანატრი შვილია, ქორწინებიდან მეშვიდე წელს მოგვივლინა უფალმა" - რას საქმიანობენ დღეს ინგა ბერაძე და გიგი გეგელაშვილი

2018-11-19 17:29:11+04:00

საქართველოში ეს დედა-შვილის პირველი დუეტი იყო

წლების წინ უნიჭიერესი მომღერლის, ინგა ბერაძის და მისი შვილის, გიგი გეგელაშვილის ნამღერმა სრულიად საქართველო დაატყვევა. საქართველოში ეს დედა-შვილის პირველი დუეტი იყო. მათი სიმღერა "საბრძოლო" ნამდვილ ჰიტად იქცა და ის დღემდე ახსოვს ქართველ მსმენელს. სიმღერა ქალბატონი ინგას მეუღლემ, დავით გეგელაშვილმა დაწერა. ბატონი დათო პროფესიით ფიზიკოსია, თუმცა ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული შემოქმედებით საქმიანობაში. mshoblebi.ge გიგის და ქალბატონ ინგას ესაუბრა.

- ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ რაც დავიბადე მას შედეგ სცენაზე ვდგავარ. პირველი ჩემი დუეტი დედასთან ერთად შედგა. ეს იყო საახალწლო ღონისძიება, ლამაზ და სადღესასწაულო გარემოში მიდიოდა გადაღება. ზოგადად სამი წლიდან ვმღერი და საკმაოდ ხშირად გვქონდა კონცერტები. ოთხი წლის ვიყავი, როცა ფილარმონიაში პირველი სოლო კონცერტი გვქონდა მე და დედას. დედაც ძალიან პატარა ასაკიდან მღერის.

ჩემი ბავშვობის პერიოდში ერთადერთი საბავშვო სტუდია იყო "ბასტი-ბუბუ". ჩვენ ვთანამშრომლობდით მათთან და როდესაც დიდი კონცერტებს მართავდნენ, გამოვდიოდი მათთან ერთად, ვმღეროდი "ბასტი-ბუბუს" დაწერილ სიმღერებს. "ბასტი-ბუბუს" რამდენიმე კლიპშიც ვარ გადაღებული. ამ ყველაფერმა დიდი როლი ითამაშა ჩემს შემოქმედებაში. დღეს ძალიან დიდი მეგობრობა და ტკბილი მოგონებები მაკავშირებს სტუდიასთან.

გარდა ამისა, ძალიან ხშირად მიწევდა მოსკოვში კონცერტებზე გამოსვლა. 13 წლის ასაკში გამიკეთეს ბენეფისი, სოლო კონცერტი.

დღეს ჩემს ჯგუფთან ერთად აქტიურად ვცდილობ, სხვადასხვა ფესტივალზე გავაგზავნოთ ჩვენი საუნდტრეკები. საბედნიეროდ, დაინტერესება არის და მალე უცხო ქვეყნებშიც გვექნება კონცერტები.

mshoblebi

- მხოლოდ სიმღერით იყავით გატაცებული, თუ სხვა ჰობიც გქონდათ?

- მიტაცებდა სამსახიობო კარიერა. სხვათა შორის პროფესიით მსახიობი ვარ. დამთავრებული მაქვს თეატრალური უნივერსიტეტი. თავიდანვე მიტაცებდა თეატრი, კინო. მეც და ჩემი მშობლებიც ყოველთვის ვცდილობდით, რომ ყველა სიმღერა ყოფილიყო დადგმული. ყველა ნომერი იყო შინაარსობრივად დატვირთული, სადაც სხვადასხვა მოქმედება და ამბავი ხდებოდა. მეც მაქსიმალურად ვცდილობდი სცენაზე ეს ამბავი გამეცოცხლებინა. თუმცა თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შევქმენი ჩემი ჯგუფი და აღარ გავყევი თეატრს.

- თქვენი ბავშვობა საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა. რა გზა გაიარეთ, სანამ წარმატებას მიაღწევდით? რამდენად რთული იყო ეს გზა?

- ჩემამდე იყო ორი მომღერალი ბავშვი, ლევან ლაზარიშვილი და ალეკო ბერძენიშვილი. ალეკოს შემდეგ ვიყავი მე. როგორც დღეს არის დიდი კონკურენცია, მაშინ ასე არ იყო. ბავშვები ასე ფართოდ არ მღეროდნენ სცენაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი პერიოდი იყო, ჩვენ ძალიან ხშირად გვქონდა კონცერტები. მე და დედა იმ პერიოდში პირველი დედა შვილი ვიყავით, ვინც ვმღეროდით. ძირითადად ვმღეროდი სკოლის პრობლემებზე, სკოლის თემებზე, იმაზე, რაც ამ ასაკის ბავშვს არ უნდა აღელვებდეს, არ უნდა აწუხებდეს.

Videomshoblebi

ინგა ბერაძის და გიგი გეგელაშვილის ცნობილი სიმღერა წლების შემდეგ ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს მშობლებს. მათთან ერთად საკმაოდ შრომატევადი და რთული გზა გავიარე. აქამდე მოსვლა ნამდვილად არ იყო მარტივი. დამღლელი და რთული გრაფიკის მიუხედავად, ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა, რაშიც ჩემი მშობლები მიწყობდნენ ხელს. წარმოიდგინეთ, იმდენად დატვირთული გრაფიკი მქონდა, ისე ხშირად დავდიოდი ჩაწერაზე, რომ თამაშისთვის თითქმის დრო არ მქონდა.

mshoblebi

- ამის გამო პროტესტის გრძნობა არ გიჩნდებოდათ?

- რა თქმა უნდა მქონდა პროტესტის გრძნობაც. ხშირად, როცა ჩემი მეგორები ფეხბურთის სათამაშოდ მიდიოდნენ, მე ჩაწერაზე მივდიოდი, ამის გამო ძალიან მწყდებოდა გული. თუმცა სიყვარულით სავსე ბავშვობა მქონდა და დღეს ნამდვილად არ ვუჩივი ბედს.

- თვლით, რომ თქვენს მომავალ არჩევანზე, შემოქმედებაზე ოჯახმა და მშობლებმა დიდი გავლენა მოახდინა?

- რა თქმა უნდა. ძალიან შემოქმედებითი ოჯახი მყავს. დედაჩემის სამი წლის ასაკიდან მღერის. სხვათა შორის ჩემი პირველი დიდი წარმატება დედას უკავშირდება. როცა სოხუმი დაეცა, მამაჩემმა ჩემთვის და დედაჩემისთვის დაწერა სიმღერა "საბრძოლო", რომელმაც ძალიან დიდი წარმატება მოგვიტანა. იმდროინდელ ჯარისკაცებს ძალიან დიდ სტიმულს აძლევდა ეს სიმღერა.

შემდეგი წარმატება იყო 13 წლის ასაკში ბენეფისი. ეს საკმაოდ უცნაურო მოვლენა იყო, რადგან ამ ასაკში არავის არ უკეთებდნენ სოლო კონცერტს. ძალიან მაგარი კონცერტი გამოვიდა და უბედნიერესი ვიყავი. ეს არ იყო უბრალო კონცერტი, ეს იყო შოუ, თავისი შადრევნებით და გაფორმებებით.

მოგვიანებით, 2006 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩემი მუსიკა პირველად შესრულდა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ასკაციანი პროექტი იყო. სიმფონიურ ორკესტრთან, კაპელასთან და ჯგუფთან ერთად ვასრულებდი ჩემს მუსიკას. მივიჩნევ, რომ ესეც იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი წარმატებული პერიოდი. სხვათა შორის, ეს კონცერტები დღემდე გრძელდება. დაახლოებით ორი წლის წინ ნიკოლოზ რაჭველთან და მის ორკესტრთან ერთად გვქონდა კონცერტი.

mshoblebi

- დღეს რა პროექტებში ხართ ჩართული, რას საქმიანობთ?

- მყავს ორი ჯგუფი, გვიწევს სხვადასხვა კლუბებში დაკვრა. ასევე ვმართავთ ძალიან საინტერესო პროექტებს. ახლა ვმუშაობთ ახალ ალბომზე, რომლითაც ვფიქრობთ საზღვარგარეთ წასვლას.

გიგის შესახებ მის დედას, მომღერალ ინგა ბერაძეს ვესაუბრეთ.

- გიგი არის ჩვენთვის უფლის საჩუქარი. ნანატრი შვილია, იგი ქორწინებიდან მეშვიდე წელს მოგვივლინა უფალმა. იზრდებოდა სიამტკბილობაში. თავიდანვე ვამჩნევდით, რომ მუსიკალური მონაცემები ქონდა, მაგრამ არასერიოზულად მიგვაჩნდა. სახლში სამივე ერთად, ასე ვთქვათ, ვთამაშობდით. მე და ჩემს მეუღლეს გვიყვარდა თეატრალიზირებულად ბავშვის გართობა. სამი წლის ასაკში დამთავრებული გვქონდა ზღაპრების ასაკი და უკვე პატარა მინი სპექტაკლების ვდგამდით. ვუკითხავდით შექსპირის ჰამლეტს და თამაშ-თამაშით ვდგამდით სცენებს. მისი ტვინი ღრუბელივით ისრუტავდა ამ ყველაფერს. ალბათ ამან მოახდინა მასზე გავლენა.

mshoblebi

პირველი დუეტი შევასრულეთ საახალწლო გადაცემაში. მაშინ გიგი ოთხი წლის იყო. წარმოიდგინეთ ოთხი წლის ბავშვი, ჩემთან ერთად მღეროდა მეორე ხმას. ისეთი ჯენტლმენური თვისებები ქონდა, გვერდით ნამდვილი პარტნიორი მედგა სცენაზე. ასე ნელ-ნელა გაიზარდა გიგი. დღეს შესანიშნავი პარტნიორია, ისეთი როგორსაც ვერც კი ვინატრებდი.

რაც შეეხება გიგის პირადს ცხოვრებას, მას შემდეგ რაც დაოჯახდა, ჩვენგან წავიდა და თავის მეუღლესთან და ვაჟთან ერთად ცხოვრობს. მთელი ჩვენი გული მათ წაიღეს. ყოველთვის გვენატრება, გვინდა, რომ ჩვენს გვერდით იყვნენ, მაგრამ დღეს თავისი ოჯახი აქვთ. არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, რომელიც სულ გვერდით უდგას და ხელს უწყობს გიგის. უსაყვარლესი შვილიშვილი გვყავს, დათუნა. მასაც აქვს მუსიკალური მონაცემები. სხვათა შორის, სოლო კონცერტი გავმართე, სადაც მე, გიგიმ დათუნამ ერთად შევასრულეთ სიმღერა.

mshoblebi

მერი ბლიაძე