როგორი შეფერილობის განავალია სახიფათო და რა სიხშირით უნდა იცლებოდეს ნაწლავები ახალშობილობიდან 5 წლამდე - მშობლები

როგორი შეფერილობის განავალია სახიფათო და რა სიხშირით უნდა იცლებოდეს ნაწლავები ახალშობილობიდან 5 წლამდე

2018-12-08 04:50:36+04:00

პედიატრ ლიკა თედიაშვილის რეკომენდაციები
პედიატრთან ვიზიტის დროს პატარას კუჭის მოქმედება, მისი სიხშირე, განავლის ფერი და მისი სხვა მახასიათებლები საუბრის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს, ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

როგორი უნდა იყოს ნაწლავთა მოქმედების სიხშირე ახალშობილობისა თუ ჩვილობის ასაკში, როგორი უნდა იყოს განავლის ფერი, კონსისტენცია, რა ახდენს გავლენას მის მახასიათებლებზე და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს. ამ საკითხზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი გვესაუბრება.

განავლის ძირითადი მახასიათებლები არის: ფერი, კონსისტენცია, სუნი

განავალი შედგება გადამუშავეული საკვების, ბაქტერიებისა და ნაწლავის მიერ გამოყოფილი უჯრედებისგან, ამ მასას ერევა ნაწლავებში გამოყოფილი ნაღველი, რომელიც განავლის ფერის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ახალშობილი ბავშვის განავალი სტერილურია, მოგვიანებით კი ხდება მისი ჩასახლება სხვადასხვა "ჯანმრთელი", აუცილებელი ბაქტერიებით. ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვის განავლის ფერზე გავლენას ახდენს დედის მიერ მიღებული საკვების რაობა და შედგენილობა, ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი ამ გავლენას მოკლებულია, თუმცა ნაწლავური ფლორის გავლენით ამ შემთხვევაშიც შესაძლოა სხვადასხვა ფერის განავალი წარმოიქმნას. ასე რომ, მშობლებო, გახსოვდეთ პატარას განავლის შეფერილობა შესაძლოა ყოველდღე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან და ეს წარმოადგენს ნორმას.

კონსისტენცია:

3 წლამდე ბავშვის განავალი შეიძლება იყოს კარაქის ან იოგურტის კონსისტენციის, ძუძუზე-მყოფი ბავშვის განავალი მდგოვის კონსისტენციისაა, მოყვითალო, წვრილმარცვლოვანი შედგენილობის. მაშინ, როცა ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვის განავალი შედარებით სქელი და მუქი ფერისაა. თუ განავლის კონსისტენცია ძალიან სქელი, ზონრისებრი ან მყარი წვრილმარცვლოვანი სახისაა, საფიქრებელია ყაბზობის არსებობა. ამიტომ აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.

სუნი:

განავლის სუნზე გავლენას ახდენს ნაწლავებში განავლის დაყოვნების ხანგრძლივობა, ნაწლავებში საკვების ხანგრძლივად დაყოვნების დროს, ბაქტერიების აქტიური ზეგავლენის შედეგად, უფრო მეტად ხდება სუნის გამძაფრება. ძუძუზე მყოფი ბავშვის განავალს სუნი თითქმის არ აღენიშნება, მაშინ, როცა ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვის განავალი შედარებით დამახასიათებელი სუნისაა. შედარებით მოგვიანებით, როცა დამატებითი საკვების ჩართვა ხდება რაციონში სუნი უფრო მძაფრი და დამახასიათებელი ხდება. თუ თვლით, რომ პატარას განავალს არაბუნებრივად მძაფრი და ცუდი სუნი აქვს აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.

mshoblebi

- რას გვეტყვით ნაწლავთა მოქმედების სიხშირეზე?

- ნაწლავთა მოქმედების სიხშირე მნიშვნელოვნად იცვლება ასაკისა და მიღებული საკვების შედგენილობის მიხედვით. განავლის წარმოქმნა იწყება საშვილოსნოსშიგა პერიოდში, მას მეკონიუმი ეწოდება. მეკონიუმი, სტერილური მომწვანო-მოყავისფრო წებოვანი მასაა, რომელიც ფორმირდება ნაყოფის ნაწლავებში გადაყლაპული ამნიოტური სითხის, თმის, ნაღვლის და უჯრედული ნაწილაკებისგან. მეკონიუმისგან გათავისუფლება დაბადებიდან 3-4 დღეში ხდება.

1-4 თვე: 3-4 დღიდან მეკონიუმი იცვლება წყლისებრი კონსისტენციის განავლით. ნაწლავთა მოქმედების სიხშირე 2 თვემდე შესაძლოა დღე-ღამეში 10-მდე აღინიშნოს, 2 თვიდან 4 თვემდე მოქმედების სიხშირე 2-4 მდე მცირდება დღე-ღამეში. რიგ შემთხვევაში ხდება ნაწლავის მიერ დედის რძის მნიშვნელოვანი ნაწილის შეწოვა, რის გამოც განავლოვანი მასა წარმოიქმნება ძალიან მცირე რაოდენობით, ამ დროს ნაწლავთა მოქმედება პატარას შეიძლება აღენიშნოს დღეში 1-ჯერ, ან იშვიათ შემთხვევაში კვირაში 1 ჯერაც კი. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვის ნაწლავთა მოქმედების სიხშირე შედარებით ნაკლებია, ვიდრე ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვისა. ამ დროს ნაწლავთა მოქმედების სიხშირეა 1-2-ჯერ დღეში, ან 1-2 დღეში ერთჯერ.

აქედან გამომდინე 1-4 თვის ასაკისთვის, როგორც ბუნებრივ ასევე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვის ნაწლავთა მოქმედების სიხშირე ნორმის შემთხვევაში შესაძლოა იყოს როგორც მრავალჯერადად დღეში, ასევე 1 ჯერ კვირაში.

5-12 თვე: ამ ასაკში რაციონში სხვადასხვა დამატებითი საკვების ჩართვის შედეგად განავლოვანი მასის შედგენილობა შედარებით იცვლება. ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვის განავლის კონსისტენცია სქელდება, ხელოვნურ კვებაზე მყოფის განავალი კი შდარებით თხელი კონსისტენციის ხდება. თუ პატარას აქამდე ნაწლავთა მოქმედება 5 დღეში ერთხელ აღენიშნებოდა, ამ ასაკისთვის მოქმედება შედარებით ხშირი და რეგულარული ხდება.

1-3 წელი: ამ ასაკში ხდება კვების ხასიათის მნიშვნელოვანი ცვლილება, რძის სრული ჩანაცვლება მყარი საკვებით, შესაბამისად იცვლება განავლის მახასიათებლები. უმრავლეს შემთხვევაში ის ხდება უფრო მყარი კონსისტენციის. 12-18 თვის ასაკში შესაძლოა პამპერსზე შენიშნოთ მოუნელებელი ბოსტნეულის ნარჩენები. ამან არ შეგაშფოთოთ. პატარას ნაწლავები "სწავლობს" ახალ საკვებს, მის გადამუშავებას და მონელებას, რომ არაფერი ვთქვათ არასრულფასოვან ღეჭვის აქტზე, დროთა განმავლობაში შენიშნავთ, რომ მასა გაცილებით მოწესრიგებული გახდება.

გახსოვდეთ 27-32 თვის ასაკი საუკეთსო დროა ქოთნის ტრეინიგის დასაწყებად. ამ დროს პირველ რიგში იგულისხმება ქოთანზე მოშარდვის უნარის ჩამოყალიბება, ნაწლავთა მოქმედების ჩვევა შედარებით მოგვიანებით ვითარდება და ეს არის 3-4 წლის ასაკი.

3-5 წელი: ამ ასაკში ნაწლავთა მოქმედება ჩამოყალიბებულ, რეგულარულ ხასიათს იღებს და ის არის 1-ჯერ დღეში. მოქმედება უნდა იყოს უმტკივნეულო, ხოლო განავლოვანი მასა რბილი კონსისტენციის. უხშირესად ამ ასაკში ჩნდება შეკრულობის პრობლემა, რაც თავის მხრივ აძნელებს ქოთნის ტრენირებას ბავშვებში. ისინი ტკივილის გამო თავს არიდებენ ქოთანზე დაჯდომას. ყაბზობის სამკურნალო უმთავრესი კომპონენტია დიდი რაოდენობით ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის შეტანა რაციონში. ქოთნის ტრეინინგის აქტიური გაგრძელება, რაც გულისხმობს ყოველი ჭამის შემდგ ბავშვის მოთავსებას ქოთანზე მცირე ხნით. ამ ჩარევების უეფექტობის შემთხვევაში კი გადავდივართ შეკრულობის მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, რომელსაც ნიშნავს ექიმი.

- რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს? რაზე უნდა გაამახვილოს მშობელმა ყურადღება?

- თუ განავალი არის თეთრი ფერის (რაც ნაღვლის არასაკმარისი გამომუშავების ნიშანია), შავი (რაც კუჭში და ნაწლავებში სისხლდენაზე მიუთითებს), ან შეიცავს ალისფერი სისხლის წვეთებს (რაც სწორი ნაწლავიდან სისხლდენაზე მიუთითებს).

თუ ბავშვს აქვს ძლიერ მტკივნეული დეფეკაცია,. თუ განავალი შეიცავს ლორწოს, რაც ინფექციის ან რომელიმე საკვების აუტანლობის ნიშანია. თუ განავლის შეხედულება იცვლება მნიშვნელოვნად, რომელიმე ახალი საკვების დამატების შემდეგ. (ეს შესაძლოა ამ საკვებზე ალერგიის გამოვლინება იყოს). თუ 1 წლის ასაკისთვის განავალი ჯერ ისევ ძალიან თხელი კონსისტენციისაა (ასევე მიმართეთ ექიმს თუ ბავშვს აქვს დიარეა-ამ ასაკში ეს არის წყლის შემცველი განავალი, ხოლო მოქმედების სიხშირე 3 ზე მეტია დღის განმავლობაში).

- რა ძირითადი ფაქტორები ახდენს გავლენას ნაწლავთა მოქმედებაზე?

- გამოიყოფა 3 ფაქტორი:

ანტიბიოტიკები

მათ შეიძლება ხელი შეუწყონ დიარეის, მეტეორიზმის, ან საჭმლის მომნელებელი სისტემის რაიმე დისკომფორტის წარმოქმანს. ამიტომ ეცადეთ ანტიბიოტიკი მიიღოთ მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით. ამ დროს მკურნალ პედიატრთან შეთანხმებით მიზანშეწონილია პრობიოტიკების მიღება, რაც თავიდან აგვარიდებს დიარეას, ან შეამცირებს მის ხანგრძლივობას.

გასტროენტერიტი

ნაწლავური ინფექციების დროს მიკრობების მიერ დაზიანებულ ფლორას საშუალოდ 2 კვირა მაინც სჭირდება მოწესრიგებისთვის. სწორედ ამ მიზეზით, შესაძლოა ამ პერიოდის განმავლობაში განავალმა გარკვეულწილად შეიცვალოს სტრუქტურა, თუმცა დროთა განმავლობაში, როცა ნაწლავებში ნორმალური ბაქტერიული ფლორა აღდგება, განავლის სტრუქტურაც დაუბრუნდება ნორმას.

მოგზაურობა

ეს ნაწლავთა დისფუნქციის წარმოშობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. ამ დროს განსხვავებული ადგილის საკვების და წყლის მიღება ასევე აზიანებს ნაწლავურ ფლორას, რაც დიარეის ან კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა პრობლემების წარმოქმნას უწყობს ხელს. ამ დროს მიზანშეწონილია მიკროფლორით მდიდარი საკვების (ოიგურტი, მაწონი), ან მოგზაურობამდე 1 კვირით ადრე პრობიოტიკების პროფილაქტიკური კურსის მიღება.

სალომე გორგოშიძე