ქალები, რომლებსაც ბედნიერი ბავშვობა ჰქონდათ, უკეთესი დედები არიან - მშობლები

ქალები, რომლებსაც ბედნიერი ბავშვობა ჰქონდათ, უკეთესი დედები არიან

2014-09-19 17:52:55+04:00

მეცნიერებმა დასკვნის სახით ურჩიეს მშობლებს, განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გაზარდონ გოგონები ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და აღმოაჩინეს კავშირი ბავშვის ტირილზე დედის რეაქციასა და დედის ემოციურ მდგომარეობას შორის.

მეცნიერები 300-მდე ქალს დააკვირდნენ, რომლებიც ახალბედა დედები იყვნენ. ყველა სხვადასხვა ეკონომიკურ, სოციალურ და რასობრივ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. მათ აკვირდებოდნენ ორსულობის დაწყებიდან ბავშვის დაახლოებით 7 თვის ასაკამდე. დედები ავსებდნენ კითხვარებს, რომლებიც მათ პიროვნულ და ემოციურ მახასიათებლებს ავლენდა, ასევე იმას, თუ რამდენად ბედნიერი ბავშვობა ჰქონდათ.

ორსულობის დროიდანვე უჩვენებდნენ ქალებს მოტირალი ჩვილების ვიდეოს – და ჩვენების დროს აფასებდნენ მათ ფიზიკურ მდგომარეობას (გულისცემას, ოფლის გამოდენას), რათა გაერკვიათ მათი რეაქცია სტრესზე. შემდეგ მომავალი დედები პასუხობდნენ შეკითხვებს ბავშვის ტირილთან დაკავშირებულ განცდებსა და ფიქრებზე.

აღმოჩნდა, რომ დედები, რომლებსაც შედარებით ცუდი ბავშვობა ჰქონდათ გადატანილი ან ახლო წარსულში დეპრესიასა და სტრესს განიცდიდნენ, ნაკლებად რეაგირებდნენ ბავშვების ტირილზე და მათ საჭიროებებზე მეტად, საკუთარ პრობლემებზე დარდობდნენ. შემდგომშიც, როცა დედები გახდნენ, ბავშვის ტირილზე მათ ნაკლები რეაქცია ჰქონდათ, ვიდრე იმ დედებს, რომლებსაც ბედნიერი ბავშვობა გამოევლოთ ან შედარებით გაწონასწორებული ხასიათი ჰქონდათ. ასეთი ქალები უფრო სათუთნი და მგრძნობიარენი იყვნენ თავიანთი შვილების მიმართ და მათ ემოციებსაც მეტად უფრთხილდებოდნენ.

მეცნიერებმა დასკვნის სახით ურჩიეს მშობლებს, განსაკუთრებული სინაზით, სითბოთი და სიყვარულით გაზარდონ გოგონები, რათა შემდგომში ისინი კარგი დედები გახდნენ.