რა არის ანგინა და როგორ მკურნალობენ მას? - მშობლები

რა არის ანგინა და როგორ მკურნალობენ მას?

2014-09-22 07:52:21+04:00

სტრეპტოკოკი, რომელიც იწვევს ანგინას, ბევრი დაავადების გამომწვევია ალბათ ყველასათვის ცნობილია სიტყვა ანგინა. ლათინურად „მოხრჩობას“ ნიშნავს. როდესაც წარმოითქმება სიტყვა ანგინა, მშობლები და ექიმები სახვადასხვა რამეს გულისხმობენ. ანგინა მშობლის გადმოსახედიდან წითელ ყელთანაა დაკავშირებული. შემთხვევების 99% -ში კი, თუ ბავშვს ყელი სტკივა, საუბარია ვირუსულ ინფექციაზე.

ამ დროს გამომწვევი არის ვირუსი, რომელიც ხუთ დღეში თვითონ გაივლის.

როდესაც გამომწვევი არის არა ვირუსი არამედ ბაქტერია, ეს უკვე ბევრად რთული სიტუაციაა. ანგინას იწვევს სტრეპტოკოკი, რომელიც მხოლოდ ანტიბიოტიკით იკურნება. როდესაც იგი მოხვდება ცხვირ-ხახაში, იწვევს ნუშურა ჯირკვლების მწვავე ანთებას, შედეგად ვიღებთ ინტენსიურ ტკივილს ყლაპვის დროს. ნუშურებზე წარმოიქმნება ჩირქი. როდესაც საქმე გვაქვს ბაქტერიულ ტონზილიტთან, ამ დროს ყელი წითელი და მტკივნეულია, არის ცხვირიდან გამონადენი. არის შემთხვევები, როდესაც 3-4 თვის ბავშვს უსვამენ ანგინის დიაგნოზს, არადა ნუშურები 6 თვიდან იწყებენ გაზრდას. ამდენად, ბავშვს დაბადებიდან პირველ თვეებში ანგინა უბრალოდ ვერ ექნება.

რატომაა საშიში ანგინა?

სტრეპტოკოკი, რომელიც იწვევს ანგინას, ბევრი დაავადების გამომწვევია. რევმატიზმის, თირკმლების ანთების, რევმატოიდული ართრიტის და სხვა. ყველა ეს დაავადება არის არასწორად ნამკურნალები ანგინის შედეგი, რომლის დროსაც უსარგებლოა სავლებების, იმუნომოდულატორების გამოყენება, ეს ყველაფერი მხოლოდ დამხმარე საშუალებებია, ანტიბიოტიკთან ერთად.

როდის არის აუცილებელი ადენოიდების (გლანდების) ამოჭრა?

არსებობს სტანდარტი: თუ ანგინის შემდეგ დარჩა გართულებები (რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ), თუ ნუშურა ჯირკვლები იმდენად დიდია, რომ ბავშვს ხელს უშლის ყლაპვის და ძილის დროს, თუ წელიწადში 4-ზე მეტჯერ ავადმყოფობს ანგინით და სჭირდება ხოლმე ანტიბიოტიკოთერაპია, მხოლოდ მაშინ არის საჭირო ოპერაციული ჩარევა. დანარჩენ შემთხვევაში კი უნდა ვუმკურნალოთ.