"ბევრს მოსწონს, ბევრიც კრიტიკულად გვიდგება" - ქართველი დედა და ქალიშვილები ერთნაირად იმოსებიან - მშობლები

"ბევრს მოსწონს, ბევრიც კრიტიკულად გვიდგება" - ქართველი დედა და ქალიშვილები ერთნაირად იმოსებიან

2019-01-23 12:30:42+04:00

სოფო ბუცხრიკიძე ორი ულამაზესი გოგონას დედაა. ის დიდ ყურადღებას აქცევს ჩაცმას, თუ როგორ გამოიყურებიან მისი გოგონები. სტუმრად წასვლის დროს, წვეულებაზე, ან სულაც ყოველდღიურად, გარეთ გასვლისას, დედა და შვილები სრულიად ერთნაირი ტანსაცმლით იმოსებიან. ეს საზოგადოებაში განსხვავებულ ემოციებს იწვევს. ბევრს მოსწონს და კომპლიმენტებს არ იშურებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამის გამო დედას აკრიტიკებს. ამ ყველაფერზე სოფო ბუცხრიკიძე Mshoblebi.ge-ს ესაუბრა.

- ჩემს ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო დამთხვევა იყო. 2013 წელს, გიორგობა დღეს დავქორწინდი გიორგიზე. მყავს ორი შვილი - სამი წლის ბარბარე და წლი-ნახევრის ლილე. ქორწინებიდან ცხრა თვის თავზე, ხარება დღეს გავიგე, რომ დედა გავხდებოდი. პირველი შვილი 17 დეკემბერს, ბარბარობა დღეს მეყოლა. სწორედ ამიტომ დავარქვით ბარბარე.

mshoblebi

- დებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა არ არის. არ გაგიჭირდათ ორივეს ერთდროულად გაზრდა?

- თავიდან ძალიან განვიცდიდი, ასეთი პატარა სხვაობა რომ იყო, მაგრამ ოჯახის წევრების დახმარებით ყველაფერი კარგად განვითარდა. მეხმარებოდნენ და ასე გადავლახეთ რთული პერიოდი. ძალიან უყვართ დებს ერთმანეთი, სულ ეფერებიან და უფრთხილდებიან ერთმანეთს.

mshoblebi

- რატომ გაგიჩნდათ იდეა, რომ სამივეს ერთნაირი სამოსით გევლოთ?

- ბევრმა იფიქრა, რომ ეს ყურადღების მისაქცევად გავაკეთე, რეალურად ასე არ იყო. დაოჯახების შემდეგ მთელ დროს ოჯახს და შვილებს ვუთმობდი, ამიტომ გასახალისებლად, გასართობად გადავწყვიტე, გამეფერადებინა ჩვენი ყოველდღიურობა. ქსოვილებს ვყიდულობ, ან ძველ ტანსაცმელს ვნახულობ და იმას ვაახლებ. მყავს ჩემი მკერავი, რომელთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, სწორედ ის გვიკერავს ტანსაცმელს. ყოველთვის მომწონდა, დედა-შვილს რომ ერთნაირი ტანსაცმელი ეცვათ. ხშირად ვათვალიერებდი სხვადასხვა საიტზე მსგავს ფოტოებს.

mshoblebi

- სამი ერთნაირი ტანსაცმლის შეკერვა დიდ თანხებთან არ არის დაკავშირებული?

- შეკერვა არ ჯდება ძვირი. სამი ერთნაირი კაბა რომ იყიდო, უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე შეკერვა. თან წლებია ამ მკერავთან ვიკერავ კაბებს და მან ზუსტად იცის, რა მინდა, რა უნდა უდა შემიკეროს, თანაც ხელმისაწვდომ ფასად. გვაქვს ისეთი კაბები, რომელიც ჯერ არ ჩაგვიცვამს. უფროსს განსაკუთრებით მოსწონს და უხარია, როცა ერთნაირად გვაცვია.

mshoblebi

- გარშემო მყოფებს როგორ მოსწონთ ეს ყველაფერი?

- ბევრს მოსწონს, ბევრიც კრიტიკულად გვიდგება. ბევრს თბილი სიტყვებით შევუმკივართ, მოგვფერებიან, მაგრამ ბევრსაც უთქვამს, ნეტა ამ გოგოს სხვა საქმე არაფერი აქვს, მოცლილიაო. გავიგე, რომ რამდენიმე ახლობელიც გაღიზიანდა ამის გამო. თუმცა მე მომწონს და მათ საუბარს არ ვაქცევ ყურადღებას.

mshoblebi

- თუ ფიქრობთ მესამე შვილზე? ვთქვათ ბიჭი რომ იყოს, მაშინ როგორ მოიქცევით?

- კი, ძალიან გვინდა მესამე შვილი. თუ მესამე ბიჭი მეყოლება, ვეცდები, რომ მამა-შვილს ჩავაცვა ერთნაირი ტანსაცმელი. შესაძლოა მათი გარდერობი ისეთი მრავალფეროვანი არ იყოს, როგორც ჩვენი, მაგრამ აუცილებლად ექნებათ რამდენიმე ერთნაირი ტანსაცმელი.

მერი ბლიაძე