სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები", რომლის მორიგი სეზონი დღეს მთავრდება, ალბათ ასეთი პოპულარული არასდროს ყოფილა. ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ქალის, ცოლისა და დედის მოულოდნელმა სახეცვლილებამ და ქმრი ღალატმა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში. თუმცა როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, მსახიობებს რეალურ ცხოვრებაშიც კი "განიკითხავენ" და პასუხს სთხოვენ პერსონაჟების ნაცვლად.
"ამ სერიის შემდეგ ჩემი დედამთილი საავადმყოფოში მოხვდა" - როგორ შეცვალა სერიალმა მსახიობების ცხოვრება
იმ ამბავს, თუ როგორ გაიგებდა ზაზა ქეთის ღალატს, მაყურებლები დიდი მოლოდინით ელოდნენ და ვარაუდობდნენ კიდეც, რა მოხდებოდა ამის შემდეგ. ესეც მოხდა და ახლა საზოგადოება იმაზე მსჯელობს, რით დასრულდება ყველაფერი და აპატიებს თუ არა ზაზა ქეთის, მოკლავს თუ არა აჩიკო-ექიმს და წავა თუ არა ციხეში... თითქოს ეს ყველაფერი მხოლოდ სერიალია, თუმცა როგორც კომენტარებიდან ირკვევა, რეალური ცხოვრების ბევრ დეტალს ასახავს და მაყურებელიც ხშირად სწორედ რეალობის ჭრილში განიხილავს, შესაბამისად, ამ თემაზე მსჯელობაში ისიც ჩანს, თუ როგორ აღიქვამს ზოგადად ჩვენი საზოგადოება მსგავს საკითხებს.
მორიგი დაძაბული სერიის წინ რამდენიმე გამორჩეულ კომენტარს გთავაზობთ:
ორი გზაა..... ან საშინელება მოხდება და ზაზა ქეთის მოკლავს ან როგორც ზღაპარი ისე დამთავრდება... ყველაფერი კარგად იქნება და ზაზა ქეთის აპატიებს (არ მგონია, მაგრამ შესაძლოა).
ბევრის არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, ადამიანს თუ ადამიანი უყვარდება უნდა დაშორდეს და თუ ის ცუდად ეპყრობა, იგივე არ უნდა გაიმეოროს, არ უნდა ჩააფურთხოს თავის თანამცხოვრებს სულში და პატარა გოგოს. დაშორდი, შემდეგ შენი საქმე აკეთე, მგონი ეგრე უნდა იყოს.
პირადად მე გამოსავალს ვერ ვხედავ, სამწუხაროდ. აპატიოს და თავმოყვარეობის ამბავია, როგორ უნდა გადაატარო შენს გულზე. არ აპატიოს - ცემოს და მოკლას, დაიღუპოს ცხოვრება, თან შვილს სამუდამოდ დაკარგავს.
გაშორდი და მერე რაც გინდა ის ქენი.
რატომ უნდა აპატიოს ზაზამ, ღალატი? ზუსტადაც ჭკუის სასწავლია სხვებისთვისაც ... აჩიკო-ექიმი მაგარი საცემია - ქმრიან ქალთან ჩალიჩი არ უნდა შერჩეს...
ქეთი დევდარიანს მივმართავ: არ გაბედო და სეზონი გაურკვევლად არ დაასრულო, თუ არ გინდა ჯოჯოხეთში მოხვდე. გაუგებრობაში ნუ დაგვტოვებ თვეობით.
მე ვფიქრობ, ზაზა აპატიებს ქეთის, ოღოდ ჯერ არა. ჯერ გაცოფდება, აგინებს კარგად - ალბათ დასარტყმელადაც გაიწევს, მაგრამ გოგოები გააკავებენ. იმ აჩიკოს მაგრად ცემს. მერე ილოთავებს კარგად და ბოლოს შეურიგდება. ცალკე გადავლენ საცხოვრებლად. უფრო მარტივი იქნებოდა ეს თემა, ასე არ "გაბაზრებულიყო", უფრო მარტივად შეურიგდებოდა, ახლა ასე ყველამ რომ იცის, დრო დასჭირდება... მაგრამ მაინც შეურიგდება. ასეთი ფსიხებისგან უფრო მოსალოდნელია მსგავსი საქციელი, ვიდრე ბულკი ქმრებისგან.
რა სისულელეა, დაიკიდეო რომ ეუბნებიან, ნეტა თუ არსებობს მამაკაცი, რომელიც ცოლის საყვარლის გაჩენაზე ურეაქციოდ იქნება და "დაიკიდებს". კარგით რა, ძაან არარეალური იყო ეგ ეპიზოდი, უნდა დაულეწოს ცხვირ-პირი იმ არამზადა აჩიკოს და ქეთი დაივიწყოს სამუდამოდ, აწი როგორ ენდობა.
ახლა არ ვიცი მე, ქალბატონმა დევდარიანმა გაათხოვოს ეს ქეთი, როგორც აუწეწა ცხოვრება, ისე დაულაგოს, დავწყდით ხალხი.
რაც არ უნდა ვიძახოთ, ქალი მაინც სხვა არის! ამით რა თქმა უნდა კაცის ღალატი არ მართლდება! ღალატი დასაგმობია ორივესგან! მაგრამ ჩემთვის არანაირად არ არის გასამართლებელი, ღალატის სამაგიეროდ ცოლმაც უღალატოს ქმარს! და მერე რომ ვთქვა, რა მოხდა, ქმარიც ხომ ღალატობდა-მეთქი! არ უნდოდა და დაშორებოდა! ან დასაწყისშივე რომ ატყობდა უყვარდებოდა სხვა კაცი, ეთქვა, გაშორებოდა და მერე ექნა, რაც უნდოდა! ღალატი ყველაზე საშინელი გამოსავალია! მე არ ვაპატიებდი!
საერთოდ არ ვუყურებ ამ სერიალს, მაგრამ ამ გოგოს მასიური ლანძღვის მერე დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ ლანძღავენ ქალს, რომელიც მრავალი წელი ისეთი მიჩმორებული, ხმაჩაგდებული და დამცირებული იყო, რომ ესე რო არ დასრულებულიყო ეს ამბავი, სიმართლე გითხრათ, უფრო გამიკვირდებოდა. ბედნიერი და შეყვარებული ცოლები ქმრებს არ ღალატობენ. არ ღალატობენ არც ის ცოლებიც, რომელთაც შესაძლოა, რომ ქმრები არ უყვარდეთ, მაგრამ სამაგიეროდ უზარმაზარ პატივს სცემდნენ თავად ქმრებტსგან გამოვლენილი სითბოს და მზრუნველობის გამო. ღალატი - თავისთავად არის საშინელი მოვლენა და ნამდვილად რთულია მისი გადახარშვა და პატიებაც, მაგრამ თქვე კარგო ადამიანებო, ორმეტრიანი წყევლის ტექსტებს რომ წერთ, ჯერ ამ პერსონაჟის ტყავში ჩაძვერით, განიცადეთ, როგორია, როცა თავად ქმარი გღალატობს, როგორია, როცა მეათეხარისხოვნად გრძნობ თავს და ხმაც კი არ გაგაჩნია და მერე ილანძღეთ. ყველა ძლიერად არც იბადება და არც ყალიბდება. შეცდომას კი ნებისმიერი ჩვენგანი უშვებს. ქვას ვერც ერთი ვერ ესვრის ამ პერსონაჟს, რადგან უცოდველი ადამიანები მონასტერშიც აღარ არიან.
მოღალატე კაცი ამაზრზენია, მაგრამ ქალი მოღალატე საერთოდ სხვა თემაა. იმ კაციდან მოდიოდა და ბავშვს მიუწვებოდა ხოლმე.ზაზას საზიზღარი ხასიათების მიუხედავად არანაირი გამართლება არ აქვს ქეთის.
შეუმდგარი პიროვნებაა დაბალი თვითშეფასებით, ამიტომაც არ აფასებდა ზაზაც, ამიტომ წამოეგო ექიმის კომპლიმენტს.
აუ რაკარგი ტიპია ზაზა... იცოდე, თავი არ შემაძულო და არ შეურიგდე ქეთის... როცა ქმარი არ გივარგა, არ გაქვს უფლება, უვარგისი გახდე მით უმეტეს, როცა დედა ხარ...