როგორ უნდა იკვებებოდეს მომავალი დედა ორსულობის I, II, III ტრიმესტრში და რა არ შეიძლება კატეგორიულად - მშობლები

როგორ უნდა იკვებებოდეს მომავალი დედა ორსულობის I, II, III ტრიმესტრში და რა არ შეიძლება კატეგორიულად

2019-03-12 19:24:28+04:00

როგორ უნდა იკვებებოდეს ორსული ორსულობის I, II, III ტრიმესტრში? რა აუცილებელი პროდუქტები უნდა მიიღოს და რომელი საკვებ პროდუქტების მიღება იკრძალება კატეგორიულად? ამ თემაზე ჩაჩავას კლინიკის მშობელთა სკოლის ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი ლელა შენგელია გვესაუბრება:

- ორსულობა გამორჩეულად ლამაზი, მნიშვნელოვანი და ამასთანავე საპასუხისმგებლო პერიოდია ქალის ცხოვრებაში. ჯანსაღ რეჟიმში გატარებული ორსულობა საწინდარია შემდგომში ჯანმრთელი შვილის დაბადების. საჭირო მინერალების და ვიტამინების მიღების საუკეთესო გზა სწორი კვებაა. ამიტომაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ორსულობის სამივე ტრიმესტრში, ასევე ორსულობისთვის მოსამზადებელ პერიოდში. თუ ორსული იღებს დამატებით ვიტამინებს აბების სახით, ჯანსაღი კვება დღის წესრიგიდან არ იხსნება. პირველი ტრიმესტრისგან განსხვავებით, II და III ტრიმესტრში ორსულს სჭირდება დამატებით 340-450 კალორია დღეში. გაზრდილია საჭირო მინერალებისა და ვიტამინების მოხმარება არაორსულ მდგომარეობასთან შედარებით. ცილა 1.1 გ/კგ/დღე, ნახშირწყალი 175 გრ/დღე, რკინა 27 მგ, კალციუმი სულ მცირე 250 მგ (ელემენტი კალციუმი 1000 მგ დღეში) ფოლიუმის მჟავა 0,4 მგ (0,6 მგ II და III ტრიმესტრში) იოდი 150 მკგ, ვიტამინი D 200-600 საერთაშორისო ერთეული. მუცლადმყოფი ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია პროდუქტები, რომელიც ფოლიუმის მჟავას შეიცავს: დაუფქვავი პური, მწვანე ფოთლიანი ბოსტნეული, ბარდა, ლობიო, ფორთოხალი, ბანანი, ნესვი, პომიდორი. კალციუმით მდიდარია: რძე, ხაჭო, ყველი, კვერცხი, ორაგული, კალმახი, ისპანახი, ბროკოლი. რკინას შეიცავს: საქონლის წითელი მჭლე ხორცი, თევზი, ქათმის ხორცი, გამომშრალი ხილი (ქიშმიში, ქლიავის ჩირი), ბურღულეული. ორსულის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს სეზონური ხილი.

- აუცილებელია თუ არა, რომ ორსული იკვებებოდეს გარკვეული რეჟიმით? საათობრივად?

- წინა საუკუნის მიდგომა "ჭამოს ორის ნაცვლად" არ არის სწორი, მაგრამ მნიშვნელოვანია დღის მანძილზე ორსულმა მიიღოს სულ მცირე 3 სრულფასოვანი კვება და დამატებითი ჯანმრთელი საკვები, ხილის ან რძის პროდუქტების სახით. ასევე წყალი 2-2,3 ლ. ცხელ დღეებში, ფიზიკური გადატვირთვისას შესაძლოა 3 ლიტრამდეც.

- რომელი საკვები/სასმელი იკრძალება კატეგორიულად ორსულობის დროს?

- ორსულობის დროს აკრძალულია: ალკოჰოლის ყველა სახეობა, თამბაქო, კონსერვირებული, შებოლილი პროდუქტები. ღვიძლი, თევზის ზოგიერთი სახეობა, მძიმე მეტალის - მერკურის მაღალი შემცველობის გამო (მაგ, ხმალთევზა, სამეფო სკუმბრია). შეზღუდულია კოფეინის მიღება 1-2 ფინჯანზე მეტი (დღიური ნორმა 300 მგ). კოფეინს ასევე შეიცავს ჩაი და ზოგიერთი გაზიანი სასმელი. ორსულმა თავი უნდა აარიდოს ხელოვნურ დამატკბობლებს, რაც ძირითადად შედის კანფეტების, იოგურტების, ტკბილი გაზიანი სასმელების შემადგენლობაში.

- 5 მთავარი პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს ორსულმა:

- ორსულისთვის საჭიროა მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება. რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს წყალი, ხბოს ხორცი, თევზი, ხაჭო, ხილი და ბოსტნეული.

სალომე გორგოშიძე

altსიმპტომები ორსულობის დროს, როდესაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს!