რატომ აღარ დაჰყავს ბაღში ბავშვი ლელა მებურიშვილს - "შეიძლება ეს არ არის სწორი, უნდა გადაიტანოს ბავშვმა, მაგრამ..." - მშობლები

რატომ აღარ დაჰყავს ბაღში ბავშვი ლელა მებურიშვილს - "შეიძლება ეს არ არის სწორი, უნდა გადაიტანოს ბავშვმა, მაგრამ..."

2019-03-16 18:15:12+04:00

სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დასრულდა მუსიკალური შოუ „საქართველოს ვარსკვლავი“. პროექტის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ლელა მებურიშვილი გახლდათ. თითოეულ გადაცემაში ლელა საკუთარი მომხიბვლელობით ატყვევებდა მაყურებელს, რასაც ფეისბუქკომენტარებიც მოწმობს. მოგეხსენებათ, ლელა დაოჯახებულია, მისი მეუღლე ბიზნესმენი ბაჩო საგანელიძე გახლავთ, წყვილს ორი შვილი ჰყავს - 4 წლის ალექსანდრე და 2 წლის ლილიკო. ლელას ოჯახზე, შვილებზე და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- „საქართველოს ვარსკვლავი“ არ იყო პირველი პროექტი, სადაც თანაწამყვანი გახლდით, ბევრ მსგავს პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ყოველთვის ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ამ საქმეს. ძალიან მიყვარს და მომწონს ის გუნდი, რომელიც ამ შოუზე მუშაობს, მათთან თანამშრომლობა არის კომფორტი, რადგან ყველაფერი არის დალაგებული და გაწერილი, ზუსტად იციან, რასაც აკეთებენ და შენც ზუსტად იცი, რა არის შენი გასაკეთებელი და ასრულებ შენს საქმეს. გარდა ამისა, სასიამოვნოა ისიც, როცა ნიჭიერ ადამიანებს იცნობ და საზოგადოებას წარუდგენ მათ. „საქართველოს ვარსკვლავის“ დასრულების შემდეგ, ბუნებრივია, რიტმი ცოტა შენელდა, თუმცა იწყება ახალი პროექტი „რანინა“, რომელიც „საბავშვო ევროვიზიისთვის“ შეარჩევს საქართველოს წარმომადგენელს და იგივე და უფრო აქტიური რიტმით მომიწევს მუშაობა, იქაც წამყვანი ვიქნები. ეს პროექტი კიდევ უფრო ამაღლვებლი და ემოციური იქნება, რადგან ბავშვებს ეხებათ.

- როდესაც ადამიანი ეკრანზე ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ვიზუალური მხარე. პროექტის განმავლობაში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდით და ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია მაყურებელს. გაუმხილეთ ჩვენს მკითხველს თავის მოვლის საიდუმლო...

- ადამიანი ჩანს თუ არა ეკრანზე, აუცილებლად უნდა ზრუნავდეს საკუთარ გარეგნობაზე. მეც ყოველთვის ვცდილობ, ნორმალურად გამოვიყურებოდე და მოწესრიგებული ვიყო. როცა სახლში ვარ, მაშინაც ვზრუნავ ამ საკითხზე, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაკიაჟით დავდივარ, უბრალოდ ვცდილობ, კანს, თმას მოვუარო და ჯანსაღად ვიკვებო. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანსაღი კვება და ძილის სწორი რეჟიმია, რაც რთული დასარეგულირებელია, მაშინ როცა ბავშვები გყავს ან რეპეტიციები გაქვს გვიან. მიუხედავად ამისა, როცა დრო და საშუალება მაქვს, მაინც ვდილობ ხოლმე, რომ ნორმალურად მეძინოს. გაღვიძებისთანავე კანის მოვლა ჩემთვის მოწესრიგების მთავარი კომპონენტია.

mshoblebi

- ლელა, ორი პატარა შვილი გყავთ, როდესაც მუშაობთ, ბავშვების საკითხს როგორ აგვარებთ?

- მეხმარება ყველა: ჩემი მეუღლე, ჩემი მეუღლის მშობლები, დიდი ბებია, დედაჩემი, მამაჩემი. როცა სახლში ვარ, მაშინაც ყველა ჩართულია ბავშვების ცხოვრებაში, ცდილობენ, ხშირად მოვიდნენ, მოინახულონ, მათთან ითამაშონ, სულ ვიღაც მოდის ბავშვების მოსანახულებლად. როცა სამსახურში ვარ, კიდევ უფრო აქტიურობენ და მეხმარებიან.

- როგორია ბავშვების რეაქცია, როცა დედა არ არის სახლში, მაგრამ არის ტელევიზორში?

- რომ ვთქვა, ტელევიზორში აქტიურად მიყურებენ - არა, რომ დამინახავენ, „უი, დედააა“ - იტყვიან და სულ ესაა მათ რეაქცია.

mshoblebi

- ლელა, როგორი იყო თქვენი მშობლების მიდგომა შვილებისადმი და როგორი დამოკიდებულბა გაქვთ თავად შვილებთან? ემთხვევა მაშინდელი დამოკიდებულებები ახლანდელს?

- ბევრია ისეთი რამ, რაც მაშინ იყო მისაღები და ახლა კატეგორიულად მიუღებელია, ეგ კი არა, 2-3 წელიწადში იცვლება მიდგომები, თუნდაც კვებასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, დრო გვაჩვენებს, რა არის სწორი. ყველაზე მთავარი შვილების მიმართ ინდივიდუალური მიდგომაა, იმიტომ, რომ ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია და ყველასთვის ერთი პრინციპი არაა მისაღები. რა თქმა უნდა, არის რაღაც ძირითადი და მთავარი, მაგრამ ყველა ბავშვს უნდა დააკვირდეს მშობელი და ინდივიდუალურად მიუდგეს, ბიჭს სხვანაირად, გოგოს - სხვანაირად, აქტიურს - სხვანაირად, პასიურს - სხვანაირად. მშობლები ხშირად აღზრდაზე ვფიქრობთ და არა იმაზე, რომ სიამოვნება მიიღოს ბავშვმა, ხშირად კეთდება აქცენტი იმაზე, რაც სწორია და არა იმაზე, რაც სასიამოვნოა ბავშვისთვის.

- ალექსანდრე 4 წლისაა, დადის ბაღში?

- სექტემბერში მივიყვანე ბაღში და ძალიან მოეწონა, მაგრამ იანვრის შემდეგ აღარ მიმიყვანია, ვირუსების შეგვეშინდა. შეიძლება ეს არ არის სწორი, უნდა გადაიტანოს ბავშვმა ვირუსიც და ყველაფერიც, მაგრამ ლილიკო ძალიან პატარა, იმასაც ედება ხოლმე ალექსანდრეს ვირუსი და ამიტომ ვუფრთხილდები მაინც.

mshoblebi

- როგორ ფიქრობთ, შვილებთან ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის?

- მათთვის დროის დათმობა. ყველას გვაქვს დროის დეფიციტი, მაგრამ უნდა მოვახერხოთ მათთან დროის გატარება. არის შემთხვევა, როცა იღლები, სახლში მისულს დასვენება გინდა და მათთან ურთიეთობის თავი არ გაქვს, ზიხარ და მობილურს სქროლავ, იმიტომ, რომ ესეც განტვირთვაა და ტვინი არ იღლება სხვა დანარჩენით. მშობლებმა სიამოვნება უნდა მივიღოთ შვილებთან ურთიერთობით, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი რელაქსი მათთან ურთიერთობაა. ბუნებრივია, ვიღლები მათთან თამაშითაც, მაგრამ სასიამოვნო დაღლაა. ყველაფერს ვაკეთებ, რომ მთელი ჩემი ყურადღება მათ დავუთმო და მათით ვიყო მოცული. მეკითხებიან ხოლმე, ტელვიზორს საერთოდ არ უყურებო?! ტელევიზორი რომ ჩართულია და ერთი თვალით უყურებ, მეორე თვალით ჟურნალს ათვალიერებ და თან ტელეფონში ხარ ჩაფლული, იმხელა ენერგიას ვეღარ გასცემ, ამიტომ, როცა ბავშვებთან ვარ, თავიდან ბოლომდე მათი ვარ, ვზივარ ძირს მათთან ერთად და ვთამაშობ.

- ბოლო წლებში მამების ჩართულობა ბავშვების აღზრდის საკითხში გაიზარდა, თქვენი მეუღლე რამდენად აქტიურია ამ მხრივ?

- ბაჩო თავადაც ძალიან ჩართულია, მაგრამ მეც აქტიურად ვუწყობ ხელს მის ჩართულობას. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ვურეკავ და ვეუბნები, დღეს შედარებით გვიან დაიძინებენ ბავშვები და იქნებ ცოტა ადრე მოახერხო მოსვლა, რომ მეტი დრო გაატარო მათთან. დილაობითაც ვცდილობ, წიგნები და სათამაშოები მოვუმზადო, რომ სახლიდან გასვლამდე მოახერხოს ცოტა თამაში ან წაკითხვა. მინდა ხოლმე, რომ ის ნახევრი საათიც კი ერთმანეთისთვის გამოიყენონ.

- როგორც ახსენეთ, ბევრი ადამიანი გეხმარებათ ბავშვების აზღრდაში, ბუნებრივია, ყველას თავისი მოსაზრება ექნება ამა თუ იმ საკითხზე, თუ ითვალისწინებთ მათ რჩევებს?

- ყველას რჩევა საინტერესოა, მოსმენა და გაგება შეიძლება, რაც მისაღებია, ვითვალისწინებ, რაც არა - ვისმენ და შესაძლოა, სამომავლოდ რაღაც დოზით გამომადგეს.

ციცი ომანიძე