"დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა..." - მშობლები

"დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა..."

2019-03-21 06:55:43+04:00

ტელეწამყვანი და ბლოგერი დათო გორგილაძე დედის შესახებ ყოველთვის ისეთ ჩანაწერებს აკეთებს, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ. ჯერ ერთი წელიც არაა, რაც ამქვეყნად დედის გარეშე დარჩა. ცდილობს, გაუმკლავდეს მის გარეშე ცხოვრებას და რიგ შემთხვევებში რეალობასაც არ "აღიარებს"... გარდაცვლილი დედის პირველი დაბადების დღე განსაკუთრებული სიმძიმის აღმოჩნდა მისთვის, ამის შესახებ ფესიბუქზე ჩანაწერიც გააკეთა:

"დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო. ყველას, ოროსანს, ხუთოსანს, სპორტსმენს, ძველ ბიჭს, მოცეკვავეს, რუსულში მაღალი ნიშანი ჰყავდა.

- გაგაგდებენ - ვეტყოდი ხოლმე.

- კარგი ერთი...

- მაშინ დაგიჭერენ.

- კიბატონო, მაგრამ ჯერ ისინი დაიჭირონ, ზევით - ამბობდა და თვალს მიკრავდა. მთავრობას გულისხმობდა, ცხადია.

- რუსულად “დედა” როგორაა, იცის?

- არა, მაგრამ კარგი ბავშვია. მომეშვი დათუნა.

მანანასთვის არ არსებობდა ცუდი ბავშვი. ყველა კარგი იყო, რაღაცნაირად.

დღეს ყველაზე ცუდი მასწავლებლის და ყველაზე კეთილშობილი ადამიანის დაბადების დღეა. არ მიყვარს, რომ ამბობენ ამდენი და ამდენი წლის გახდებოდაო. ვერ გახდა, ფაქტია. დედაჩემი სულ 42 წლისაა. ამდენის იყო, როცა პირველად ვკითხე და ამდენის იქნება სულ - ცივ სამარეშიც და ჩემს მეხსიერებაშიც.

ხანდახან, როცა მისი არყოფნა განსაკუთრებით აუტანელი ხდება, ვაზისუბანში მივდივარ და მისი ზარდახშის მუსიკას ვუსმენ - ეს უფრო ცუდად მხდის. სუსტი კაცი ვარ, რომ იცოდეთ.

ზოგჯერ იმ ადგილებში ვსეირნობ, ერთად რომ დავდიოდით. ამასწინათ, ბაზრობაზე მისი საყვარელი დახლის მეპატრონემ მკითხა, დედა როგორ არის, სად დაიკარგაო. კარგადაა, ვეღარ იცლის, საქმეები და რამე, ხომ ხვდებით-მეთქი. გამოვბრუნდი და გავსკდი ჯღავილით.

mshoblebi

სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩვენი უკანასკნელი დიალოგი. ასეთივე სიცხადით წარმოვიდგენ ჩვენს სამომავლო შეხვედრას. არ ვიცი, მე რამდენის ვიქნები, მაგრამ დედა... დედაჩემი, როგორც გითხარით, 42 წლისაა. მორცხვად გამიღიმებს, აქ სად მოსულხარ შე მაიმუნოო, მეტყვის და ბევრს მაკოცებს. მერე ამ მთისასაც მოვყვებით და იმ ბარისასაც.

დაბადების დღეს გილოცავ, ყველაზე მაგარო გოგო.

დღეს გინახულებ."

თეკლა ჟვანია

alt"ის შენი ბოლო დღეების გამოხედვა, რომელშიც ყველაფერი ერთად იკითხებოდა, რომლის მონატრებაც ახლაც მახრჩობს..." - ნოე სულაბერიძე გარდაცვლილ დედას