"კეთილი ხალხის გულწრფელი სიყვარული აქარწყლებს იმ ბოროტებას" - მარიამ შუკაკიძე ოჯახზე, პოპულარობაზე და უარყოფით კომენტარებზე - მშობლები

"კეთილი ხალხის გულწრფელი სიყვარული აქარწყლებს იმ ბოროტებას" - მარიამ შუკაკიძე ოჯახზე, პოპულარობაზე და უარყოფით კომენტარებზე

2019-03-24 19:52:56+04:00

ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს და როგორც თავად ამბობენ, ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ. წყვილმა მალე იქორწინა. მარიამ შუკაკიძე დიზაინერია, დათო ბოლქვაძე კი - მეზღვაური. წყვილის ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს სოციალურ ქსელში. მათზე ბევრს საუბრობენ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. წყვილი რუსული მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა (იხილეთ სტატია: რუსულ პრესაში ყველაზე ლამაზ ქართველ წყვილად აღიარებული მარიამისა და დავითის ქორწილი და პატარა ქალიშვილი). Mshoblebi.ge გაგაცნობთ, ვინ არის ულამაზესი ბათუმელი წყვილი, რომელზეც დღეს ბევრი საუბრობს.

– ჩემს შესახებ ძალიან ბევრი რამ შემიძლია მოგიყვეთ. ათი წელი ვცეკვავდი ქართულ ნაციონალურ ანსამბლში. მაქვს დამთავრებული ხელოვნების უნივერსიტეტი. პროფესიით დიზაინერი ვარ. ძალიან მალე ვაპირებ ჩემი ბრენდის დაარსებას, რომელზეც უკვე დავიწყე მუშაობა.

– თქვენი მომავალი მეუღლე როდის გაიცანით, როგორ დაიწყო თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა?

– ჩემი მეუღლე 2017 წელს გავიცანი. მისმა ნათესავმა გაგვაცნო. როგორც იტყვიან, ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი. შემდეგ ექვსი თვით წავიდა გემზე. ჩამოსვლის შემდეგ ერთ კვირაში დავოჯახდით.

mshoblebi

– დაოჯახების შემდეგ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

– დაოჯახების შემდეგ ტრანსფორმირება მოხდა ჩემში, უფრო პასუხისმგებლიანი და ძლიერი გავხდი, ვიდრე იქამდე ვიყავი. მეც და ჩემი მეუღლეც ვაცნობიერებთ, რა არის ოჯახი და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პირველ რიგში ჩვენ ვიყოთ ბედნიერები და ჩვენს შვილს შევუქმნათ უზრუნველი ცხოვრება.

– როგორი დედა ხართ? ბავშვს მარტო ზრდით თუ ვინმე გეხმარებათ?

– გვყავს სამი თვის ულამაზესი გოგონა, მართა. მყავს ძიძა, რომელიც გარკვეულ პერიოდში მეხმარება მართას მოვლაში, ძირითადად კი ყველა სირთულეს მე და ჩემი მეუღლე ვეჭიდებით და ვფიქრობ, კარგად გამოგვდის. ვისაც პატარა ჰყავს, ის მიხვდება, რამხელა დრო და ენერგია სჭირდება ბავშვს. როგორც უკვე აღვნიშნე, მეუღლეც არის ჩართული შვილის აღზრდის პროცესში. გარშემო მყოფებს, ვისაც უშუალოდ აქვს შეხება ჩვენს ოჯახთან, დათოს საუკეთესო მამას უწოდებენ და მეც დავეთანხმები მათ. დიდი ფუფუნებაა, როდესაც მეუღლე გეხმარება ბავშვის აღზრდაში.

mshoblebi

– არაჩვეულებრივად გამოიყურებით. თქვენი სილამაზის საიდულმო გაგვანდეთ. როგორ უვლით თავს?

– დიდი მადლობა. სილამაზე, ჩემი აზრით, ბედნიერებისგან მოდის. ჩემი სილამაზის საიდუმლო, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის სიყვარული. ყველა ქალი ლამაზია და სხვანაირად ასხივებს, ვინც ბედნიერი და ამაყია თავისი ოჯახით.

– როგორ შეხვდით თქვენს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს? ბევრი იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კომენტარი.

– ძალიან ცუდი მომენტია, როდესაც ნეგატივს აგზავნიან შენი მისამართით, მაგრამ დადებითი ენერგია, დადებითი კომენტარები და კეთილი ხალხის გულწრფელი სიყვარული აქარწყლებს იმ ბოროტებას. ბოროტებაა, როდესაც განიკითხავ სხვის ცხოვრებას, მით უმეტეს დედას! დედობა ჩემთვის ღვთიური ცნებაა და არასდროს შევხებივარ არავის შვილს ცუდად და არც დედას. ყოველთვის ჩვენს თავზე უნდა წარმოვიდგინოთ, რასაც სხვას ვუკეთებთ. სამყაროში ბოროტება უკვალოდ არ იკარგება...

mshoblebi

– როგორ ხედავთ თქვენს მომავალს?

– არ მიყვარს წინასწარ მომავალზე საუბარი, თუმცა ნამდვილად ბევრ და საინტერესო რაღაცას ვგეგმავ, რაც კარიერულ წინსვლას ეხება.

mshoblebi

მერი ბლიაძე