"ახალგაზრდებმა ბავშვის აღზრდა არ იცით, ერთი კარგად მისცხე ან მოქაჩე თმა და ნახე, თუ არ დაგიჯერებს..." - მეტროში მომხდარი ამბავი - მშობლები

"ახალგაზრდებმა ბავშვის აღზრდა არ იცით, ერთი კარგად მისცხე ან მოქაჩე თმა და ნახე, თუ არ დაგიჯერებს..." - მეტროში მომხდარი ამბავი

2019-03-31 17:36:42+04:00

არაერთხელ დაგვიწერია იმ დედების ტკივილზე, ვისაც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან ერთად მგზავრობისას აგრესია და დამცირება გადაუტანია. ზოგჯერ ასეთი ბავშვები გარეგნულად არაფრით განსხვავდებიან დანარჩენებისგან, თუმცა მათი თავისებური ქცევა გაუგებარია საზოგადოების ნაწილისთვის. არადა, ამ პატარებს, მათ მშობლებს ყველაზე მეტად სჭირდებათ გამხნევება და მხარში დგომა.
სწორედ ამიტომ ვაქვეყნებთ ამ წერილს, რომელიც ჩვენმა მკითხველმა - სოფი ცომაიამ გამოგვიგზავნა. მას და ბუნებრივია, ჩვენც, გვინდა, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ყველა, სანამ თავისი უტაქტო განცხადებებით გულს ატკენს ისედაც ბევრი პრობლემით გულდამძიმებულ დედას:
"დღეს მეტროთი მგზავრობისას ახალგაზრდა დედამ ატირებული ბავშვი შემოიყვანა ვაგონში, სკამზე დასვა, მაგრამ ამაოდ, ბავშვი არ ისვენებდა, რაღაცას ითხოვდა და ძირს გორავდა... დედა მოთმინებით ცდილობდა სკამზე დაესვა, ბავშვი კი აგრძელებდა გაბმულ ტირილს.

გვერდით მჯდომმა, დაახლოებით 60 წლამდე ასაკის ქალბატონმა ზიზღნარევი ხმით მიმართა:

- ასეთები ხართ დღევანდელი ახალგაზრდები... აღზრდა არ იცით შვილის, ერთი კარგად მისცხე ან მოქაჩე თმა და ნახე, თუ გაიმეოროს... ამ თქვენმა ვითომ თანამედროვე მიდგომებმა გააფუჭეს ბავშვებიო.

ამ ქალბატონს ვთხოვე, ადგილს გაგიცვლით, თუ წუხდებით-თქო. "მე რატომ უნდა ავდგე, ამ გოგოს რომ ნამუსი ჰქონდეს, ჩაიყვანდა ამ თავხედსო".

არადა, ბავშვს ეტყობოდა, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო და ამავდროულად - აღელვებული.

ეს ქალბატონი რომ არ გაჩერდა, მგზავრების უმრავლესობამ ხმა ამოიღო, ვეცადეთ მისთვის აგვეხსნა, რომ ასე არ შეიძლება, რომ დედა ისედაც განიცდის და არ არის საჭირო მისთვის შენიშვნების მიცემა და მით უმეტეს, ასეთი მენტორული ტონით საყვედურების თქმა... საბედნიეროდ, ბევრნი ვიყავით, ვინც ამ სიტუაციაში დედის მხარე დაიჭირა...

ბავშვის დედამ ჩასვლისას შეხედა ქალს და მშვიდი ტონით უთხრა:

- ქალბატონო, ეს ადამიანი გაიზრდება, თქვენ კი ეგეც არ ხართო...

მჯერა, რომ ჩვენ, ყველანი, შევცვლით და დავანგრევთ მსგავს შეხედულებებს".

altდედა მომუჭული ხელებით - ჩვენი მწარე რეალობა

alt"ნუ მკითხავთ, რატომ ღრიალებს შუა ქუჩაში ჩემი შვილი და რატომ წვება ძირს..." - ერთი ქართველი დედის პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა