ზურა ყიფშიძის დედა, ასევე ცნობილი მსახიობი ელენე ყიფშიძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.
როგორც ყიფშიძებიის ოჯახთან დაახლოებული პირები აღნიშნავენ, დედა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონიათ.
ლენა ისეთი დედა იყო, რომ მათ დედაშვილობაზე თურმე ანეკდოტები დადიოდა. ერთხელ, გენერალურ რეპეტიციაზე. უცებ ამდგარა ლენა და უთქვამს, უნდა წავიდეო. ყველას გაუკვირდა – როგორ, გენერალური რეპეტიციაა და სად მიდიხარო. არა, უნდა წავიდე, ზურა ჩამოდისო... ზურასაც არანორმალურად უყვარდა დედა. მე არ მინახავს, დედა-შვილი სულიერად ისე ახლოს ყოფილიყო ერთმანეთთან, როგორც ესენი იყვნენ. შენიშვნას რომ მისცემდა, ზურა აღტაცებული უსმენდა. მერე მომიტრიალდებოდა ლენა და მეტყოდა: ხედავ, რა ჭკვიანია? ჩემზე ჭკვიანია. იმის ნაცვლად, რომ სწყენოდა, გაუხარდაო. - ისხენებს ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ლენა ყიფშიძის ბავშვობის მეგობარი, ნუნუ ებანოიძე.
ზურა ყიფშიძე პრაიმ ტაიმისთვის მიცეულ ინტერვიუში იხსენებდა:
"მახსოვს, სოფელში ვიყავი, ასე წარმადგინეს, გაიცანით, ესაო, ეროსის ბიჭიაო. გავგიჟდი, მეთქი ვინ ეროსის ბიჭი ვარ, დავიწყე ყვირილი, ბოლო-ბოლო გამაგებინეთ ვინ ვარ, რა ვარ, ვისი შვილი ვარ… 13-14 წლის ვიყავი, როცა გავიგე ვინ იყო ბოლო-ბოლო მამაჩემი - მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთო ვერულეიშვილი. აღმოჩნდა რომ ძმაც მყავს თურმე უფროსი, ისიც ზურიკო. ძალიან კარგი ხალხი აღმოჩნდა, მიმიღეს და მეც მივიღე.
ყველაფერი შედარებით მარტივად მოხდა, სხვაგან მოყვებოდა რაღაც საშინელება… დედაჩემი და მამაჩემი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ. ერთ თეატრში თამაშობდნენ და იყო ერთი კურიოზები. მახსოვს, მამას ხშირად ავიწყდებოდა ტექსტი. დედა თამაშობდა კინტოს. ერთ-ერთ სცენაში ლენა ცეკვავდა, ავთო უნდა შემოსულიყო და ეკითხა "საით მიდიხარ"? ლენა კიდე მთელი მონოლოგით პასუხობდა ამ კითხვას. ერთხელაც მამაჩემს დაავიწყდა ტექსტი, და "ნნნ" იძახის. ლენა ცეკვავს თან ხმადაბლა ეუბნება, რა "ნნნ", თქვი ბიჭო. თან ცეკვას აგრძელებს – მეორე წრეზე წავიდა. მამაჩემმა ბოლოს ჰკითხა – "სადა მუშაობ?" სად უნდა მუშაობდეს კინტო? ლენამაც გასცა რა პასუხი – "ლიხაჩოვის ქარხანაში, შენი დედა ვატირე"…
მსახიობის დედა სიმსივნით, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნუნუ ებანოიძე:
"სულ დაკავებული იყო, კბილის ექიმთანაც ვერ მიდიოდა. ერთი-ორჯერ ენაზე ცუდად იკბინა. ერთხელაც, ერთ-ერთ სპექტაკლში ასეთი სცენა ჰქონდა – იატაკიდან ამოდიოდა. უცებ მძიმე სარქველი თავში მოხვდა და მაშინაც ენაზე იკბინა საშინლად. არ მიაქცია ყურადღება და სიმსივნე განვითარდა. დაახლოებით რვა წელი ებრძოდა მძიმე სენს. მის გვერდით მხოლოდ მე და ზურა ვიყავით, სხვას არავის უშვებდა თავისთან. ყოველდღე დავდიოდი, ვუვლიდი. ზურა გადაყოლილი იყო დედაზე. გაიგებდა, სადღაც ვიღაც კარგ წამალს ამზადებსო და მაშინვე გარბოდა მოსატანად. არაფერი დააკლო დედას. ნუნუ, იცი, ბავშვები მოვიდნენ და ბურთით გამიფუჭეს ტელევიზორი. ვუყვირე, გადით აქედან-მეთქი, მაგრამ, არ დამიჯერესო. მივხვდი, რომ რაღაცები ეჩვენებოდა. გავედი და ნაცნობ ტელევიზორის ხელოსანს დავურეკე. ვუთხარი, რაშიც იყო საქმე და გავაფრთხილე: რომ მოხვალ, არ თქვა, რომ არაფერი სჭირს ტელევიზორს, ვითომ მართლა დაზიანებულია, ეჭვი რომ არ შეეპაროს-მეთქი. ამ დროს ზურაც მოვიდა და ეს ამბავი ვუამბე. ცოტა ხანში ლენას მწარედ დაასხა ოფლმა. ზურას ვუთხარი, პირსახოცის საბანი მაქვს და, წამოდი, გამოგატან, გამოუცვალე-მეთქი. არაფრით არ წამომყვა – წავალ და ვიშოვიო. რას იშოვი ამ შუაღამისას, დაკეტილი იქნება ყველაფერი-მეთქი. ნახევარ საათში მირეკავს და მეუბნება: აი, შენს ჯინაზე გადასარევი ლურჯი საბანი ვიშოვეო. მეორე დღეს ისევ მირეკავს – ლენა აღარ არისო. მთელი ღამე საწოლში დედამისთან ჩახუტებული იწვა და ტიროდა."
მოამზადა რუსკა კილასოანიამ