"მინდა დავამსხვრიო სტერეოტიპი, რომ მრავალშვილიანი დედა მოუვლელი უნდა იყოს... 9 შვილი მყავს, 9 ბედნიერება..." - მშობლები

"მინდა დავამსხვრიო სტერეოტიპი, რომ მრავალშვილიანი დედა მოუვლელი უნდა იყოს... 9 შვილი მყავს, 9 ბედნიერება..."

2019-04-02 13:10:35+04:00

დედები ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, რჩევებს. ვფიქრობ, განსაკუთრებით საინტერესოა მრავალშვილიანი და გამოცდილი დედების რჩევა, მოსაზრება ან თუნდაც მათი ისტორიის მოსმენა. დამეთანხმებით არ არის ადვილი იყო 9 შვილის დედა, სწორად გაანაწილო დრო და შვილებს სათანადო ყურადღება მიაქციო. ირინა ტომასიანი იმ დედების რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც აქვს სამსახური, ამავე დროს ჰყავს 9 შვილი და ყველა საქმეს იდეალურად უძღვება.

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. პროფესიით კოსმეტოლოგ-ვიზაჟისტი ვარ. თითქმის ყველაფერი მეხერხება, რაც სალონურ სფეროს უკავშირდება. ჩემი მომავალი მეუღლე, ვახტანგ ჭელიძე 22 წლის ასაკში გავიცანი და 24 წლის ასაკში შევუღლდით. 25 წლის ვიყავი, როცა პირველი შვილი გამიჩნდა. პატარა პირველად, რომ ავიყვანე ხელში, ენით აღუწერელი ბედნიერება განვიცადე და მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ ეს გრძნობა კიდევ მრავალჯერ განმეცადა. დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი თავიდანვე, როცა გავიგე, რომ შვილს ველოდებოდი. ზოგადად, ეს თვისება ადამიანში ძალიან მომწონს, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ყოველთვის სანდო და საიმედოა.

- მაშინ იფიქრებდით, რომ მრავალშვილიანი დედა იქნებოდით?

- მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, თუ მრავალშვილიანი დედა გავხდებოდი, თუმცა ვიგრძენი, რომ დედობრივი გრძნობა მოჭარბებულად მქონდა. ახლა 9 შვილი მყავს, 9 ბედნიერება.

mshoblebi

- საკმაოდ რთულია 9 შვილის მოვლა. ბავშვების აღზრდაში ვინ გეხმარებათ?

- ბავშვების აღზრდაში მეხმარება მეუღლე, მეშვიდე შვილის ნათლია და ბებიები.

- რთულია ცხრა შვილის დედობა?

- რთულია-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ არც ადვილია. თუ ხარ ბოლომდე მინდობილი უფალს, მაშინ ხვდები, რომ შეუძლებელიც კი შესაძლებელია და ეს განიჭებს დიდ სულიერ ბედნიერებას. როცა ადამიანი შინაგანად მშვიდი და ბედნიერია, ის ყოველთვის ყველაფერს შეძლებს. დედამ უნდა იცოდეს დროის და ენერგიის სწორი გადანაწილება, ესეც ერთგვარი ნიჭია.

- ყველაზე ხშირად რა სირთულეს აწყდებით ხოლმე?

- ყველაზე ხშირად ვაწყდებით პრობლემას საზოგადოების მხრიდან. მრავალშვილიან ოჯახებს არ გვაქვს სათანადო დაფასება.

- დროის და ყურადღების დეფიციტი თუ ჰქონიათ ბავშვებს? თუ უეჭვიანიათ ერთმანეთზე?

- სამწუხაროდ, გვიწევს მეტი დრო დავუთმოთ მატერიალურ საზრუნავს და ნაკლები დრო რჩება შვილებთან კომუნიკაციისთვის. რაც შეეხება ეჭვიანობას, ეს გრძნობა გამძაფრებული ჰქონდათ უფროს შვილებს, როცა მხოლოდ ორნი იყვნენ. შემდეგ ყოველი შვილის გაჩენისას, ეს გრძნობა უფრო განეიტრალდა ერთმანეთის ზრუნვაში.

mshoblebi

- ბავშვებს გაკვეთილების მომზადებაში თქვენ ეხმარებით?

- გაკვეთილების მომზადებაში უფროსები ეხმარებიან უმცროსებს და აქტიურად არიან ჩართული მათ აღზრდაში. მყავს ბევრი პედაგოგი მეგობარი, რომლებიც უანგაროდ მეხმარებიან კონკრეტული საგნების მომზადებაში, რისთვისაც თქვენი საშუალებით ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.

- არაჩვეულებრივად გამოიყურებით. როგორ ახერხებთ, რომ საკუთარი თავისთვისაც გამონახოთ დრო?

- როგორც ყველა ქალი, მეც ვალდებული ვარ კარგად გამოვიყურებოდე. ამაში ჩემი პროფესიაც მიწყობს ხელს. ზოგადად საზოგადოებაში არსებობს ასეთი სტიგმა, თითქოს მრავალშვილიანი დედა აუცილებლად უნდა იყოს მოუვლელი. სურვილი მაქვს დავამსხვრიო ეს სტერეოტიპი. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს სურვილი და აუცილებლად მოახერხებ ყველაფერს.

mshoblebi

- კიდევ თუ გიფიქრიათ შვილის გაჩენაზე?

- არასოდეს არ დამიგეგმია ჩემი ცხოვრება, ვარ მინდობილი უფლის ნებას და თუ უფალი ინებებს ამას, რა თქმა უნდა ასეც იქნება.

მერი ბლიაძე

alt"რადგან ოთხი შვილის დედა ვარ, სუპის სუნი უნდა ამდიოდეს?" - მრავალშვილიანი დედის მხიარული და გულახდილი ინტერვიუ