"ჩვენთან რომ მოვიდა, ტიროდა ისიც და მთელი კლინიკა" - ზუგდიდელმა ქალმა შვილი გარდაცვლილი მეუღლისგან გააჩინა - მშობლები

"ჩვენთან რომ მოვიდა, ტიროდა ისიც და მთელი კლინიკა" - ზუგდიდელმა ქალმა შვილი გარდაცვლილი მეუღლისგან გააჩინა

2019-04-05 09:58:01+04:00

ზუგდიდელმა ქალმა შვილი გარდაცვლილი მეუღლისგან გააჩინა. როგორც აღმოჩნდა, წყვილმა დაახლოებით ორი წლის წინ ექიმებს ინვიტრო განაყოფიერებისთვის მიმართა, თუმცა სამწუხარო ამბის გამო მათი გეგმები შეიცვალა. აღნუშნული ფაქტის შესახებ დაწვრილებით გვიყვება, "კარაპს მედლაინის" ინ-ვიტრო მიმართულების ხელმძღვანელი, ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა ქოჩიაშვილი, რომელმაც წყვილს დახმარება აღმოუჩინა და დიდი წვლილი შეიტანა ახალშობილის ამ ქვეყნად მოვლინებაში:

- 9 წლის უნაყოფობის შემდეგ მომართვა იყო ასეთი, მოვიდა ბიჭის დედა, რომელმაც მთხოვა, ერთი შვილი მყავს და მიშველეთ რამე, ცუდ დიაგნოზს გვეუბნებიანო. გვითხრეს, რომ შვილი მას არასდროს ეყოლებაო, თუმცა ჩვენ გამოვიკვლიეთ და ვნახეთ, რომ შეიძლება ბუნებრივად არა, მაგრამ ინვიტრო განაყოფიერებით ეს იქნებოდა შესაძლებელი და დავიწყეთ წყვილის მომზადება, ოღონდ რეზერვი რადგანაც იყო სპერმატოზოიდის ცოტა, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა დაგროვებითი პროგრამა, რაც გულისხმობს ემბრიონების დაგროვებას და ამ წყვილის შემთხვევაში, შეგროვების პირველ ჯერზე მივიღეთ ერთი ემბრიონი, შემდეგ ერთი თვე დავასვენეთ, მოვამზადეთ წყვილი და ისევ მივიღეთ კიდევ ერთი ემბრიონი, თუმცა ამ ემბრიონებს შორის ხარისხობრივად იყო განსხვავება. მეორე შემთხვევაში შეიქმნა უკეთესი ხარისხის ემბრიონი, რაც ისევ გაიყინა და როდესაც ველოდებოდით მათ მესამე პროცედურაზე, რომ ემბრიონი გადაგვეტანა საშვილოსნოს ღრუში, წყვილი ჩვენთან აღარ ჩამოვიდა.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, მოვიდა კლინიკაში წვეროსანი მამაკაცი, რომელიც გარეთ გველოდებოდა, გვითხრა, რომ მისი შვილი ავარიით გარდაიცვალა, მესამე პროცედურამდე რამდენიმე დღით ადრე. ძალიან ვინერვიულეთ და განვიცადეთ ეს ამბავი. მამაკაცმა გვთხოვა, თქვენი იმედი გვაქვს და იმ ემბრიონით დაეხმარეთ ჩემს რძალს ბავშვის გაჩენაშიო. რა თქმა უნდა, დავთანხმდით, უბრალოდ ვუთხარით, რომ მის რძალს სჭირდება სტრესის დაძლევა და შესაბამისი ფსიქოლოგიური მომზადება ამ ყველაფრისთვის. თან ავუხსენით, რომ 100%-ით გარანიტრებულ შედეგზე პასუხს არ ვაგებდით. ამას პაციენტებს პროცედურების დაწყებამდე ვუთანხმებთ. მოკლედ, მამაკაცის გარდაცვალებიდან ერთი წლის გავლის შემდეგ, მისი მეუღლე ჩამოვიდა, მაგრამ მისი ანალიზებით მისი ორგანიზმი არ იყო მზად და 8 თვე ვამზადებდით, ფსიქოლოგიურად მზად იყო იმისთვისაც, რო სასურველი შედეგი არ დამდგარიყო, მაგრამ როგორც გვითხრა, ერჩივნა მისი ქმრის ემბრიონი საშვილოსნოში გადაეტანა, ვიდრე გაყინულ მდგომარეობაში ყოფილიყო. საბოლოოდ, ორი ემბრიონიდან ერთ-ერთმა გაამართლა, რომელსაც ჩვენმა თურქმა ემბრიოლოგმა ბრჭყვიალა ემბრიონი დაარქვა. ფაქტობრივად გზა გვქონდა გახსნილი.

ემბრიონის გადატანიდან ათ დღეში დადასტურდა ორსულობა, ვერ მოითმინა და ორი დღით ადრე გაიკეთა ტესტი ჩვენმა პაციენტმა. ჩვენთან რომ მოვიდა, ტიროდა ისიც და მთელი კლინიკა. 12 კვირის შემდეგ წავიდა ზუგდიდში და დაახლოებით ფეხმძიმობის 5 თვის ვადაზე, ძალიან კომპეტენტურმა ექიმმა ზუგდიდან უთხრა, რომ იყო ნაადრევი მშობიარობის საფრთხე, რაც თბილისშიც დადასტურდა და არ შემიძლია არ ვუთხრა იმ ექიმს მადლობა ასეთი პროფესიონალიზმისთვის. შემდეგ ორსული იყო ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ თბილისში და ბავშვი გააჩინა ვადაზე ორი კვირით ადრე ბუნებრივი მშობიარობით. ღმერთი ყველას გვეხმარეოდა, პაციენტსაც და ექიმებსაც. ჩემს თვალში ეს პაციენტი იყო გმირი და ახლა უკვე არის შესანიშნავი, ჯანმრთელი გოგონას გმირი დედა. ეს იყო სიყვარულის და გმირობის გამოხატულება ახლაგაზრდა ქალბატონის მხრიდან.

რუსკა კილასონია