შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ უკვე მე-13 წელია არსებობს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, იგივე გალობის უნივერსიტეტი, რომელიც ორიენტირებულია ქართული საეკლესიო გალობის რეგენტების, ხალხური სიმღერის ლოტბარებისა და საეკლესიო მუსიკის მკვლევარების მომზადებაზე. უნივერსიტეტში მოხვედრა ჩვეულებრივ სკოლის საშუალო საფეხურის დასრულების შემდეგ არის შესაძლებელი, მას შემდეგ რაც ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენას ჩააბარებთ. ამის შემდეგ ყველაფერს შიდა გამოცდები წყვეტს.
უნივერსიტეტის შექმნის სათავეებთან იდგნენ მთაწმინდის მამადავითის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე) და ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის მოამაგე ანზორ ერქომაიშვილი. სასწავლებლის დაარსების იდეას მხარი დაუჭირა ივანე ჩხარტიშვილმა.
სტუდენტების დაოსტატება მიმდინარეობს შემოქმედებით სახელოსნოებში, რომელთაც ხელმძღვანელობენ ანზორ ერქომაიშვილი, მალხაზ ერქვანიძე, დავით შუღლიაშვილი. სამი წლის წინ უნივერსიტეტს შეემატა ქალთა შემოქმედებითი სახელოსნო. მას ეთნომუსიკოლოგი თეონა რუხაძე ხელმძღვანელობს. უნივერსიტეტს სამი გუნდი ჰყავს: ვაჟთა, ქალთა და ერთობლივი.
გალობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარი მანანა დეკანოსიძე: უნივერსიტეტი უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა. სასწავლებელს აქვს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და ფაქტიურად, ყოველწლიური კი არა, ყოველდღიური წინსვლა გვაქვს. ბიბლიოთეკაში 5 წლის წინ 500 წიგნი იყო, დღეს მათი რიცხვი 1700 აჭარბებს. გვაქვს ტრადიციული საკრავების ბაზა - ჭუნირი, ჭიბონი, გარმონი, ფანდური, ჩონგური... საკრავებს შორის გამორჩეული და განსაკუთრებულია, საკმაოდ ლამაზი ჩუქურთმებით გაფორმებული ჭუნირი, ის ჩვენმა სტუდენტმა ზაზა ზურიაშვილმა გააკეთა. სასწავლებელს გვერდით უდგას ფონდი "ქართული გალობა", რომლის ძალისხმევით გადმოგვეცა საერთაშორისო სტანდარტების მუსიკალური ტექნოლოგიების სტუდია და კომპიუტერული კაბინეტი, სადაც სტუდენტები სწავლობენ აკუსტიკური მუსიკის ჩაწერას.
აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა გალობის უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი. ისინი სისტემატურად მონაწილეობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალებში და ყოველთვის გამარჯვებულები ჩამოდიან. წელს იანვარში ჩვენი სტუდენტები ამერიკაში ნოტრ-დამის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით იყვნენ. გამგზავრების წინა დღეს ისინი პატრიარქს ესტუმრნენ. ილია II ბავშვები დალოცა და თავისებურად დაარიგა. ახლა ველოდებით ამერიკელების ჩამოსვლას მაისის თვეში. ჩვენთან, აპრილში დაგეგმილია თურქეთში მცხოვრები ქართველების კონცერტი, სიმღერები ქართულად შესრულდება.
უნივერსიტეტის მოსწავლეები ექსპედიციებში მონაწილეობენ. ზემო აჭარაში - ხულოში მეოთხეკურსელები ასწავლიან გალობასა და ხალხურ სიმღერებს იქაური გუნდის წევრებს. ერთმა სტუდენტმა თხოვნით მომმართა, რომ ხულოს ბიბლიოთეკას წიგნების შეძენაში დავხმარებოდი. მივმართე ჩემს კოლეგებს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან, ადრე იქ ვმუშაობდი. მათ დიდი გულისხმიერება გამოიჩინეს და 150 წიგნი საჩუქრად გადასცეს ხულოს ბიბლიოთეკას. წიგნები უკვე დავამუშავე და გამზადებულია გადასაცემად. ამ სიმდიდრეს მალე ჩაიტანენ ხულოში.
გალობის უნივერსიტეტის კურდამთავრებულები ჩვენთან, მართლმადიდებლურ ტაძრებში, ასევე საქართველოს სამოციქულო ეკლესიის უცხოეთში არსებულ ეპარქიებში, პროფესიონალ მგალობელთა გუნდების ჩამოყალიბებასა და ტრადიციული ქართული გალობის აღდგენას ემსახურებიან.
ნანული ზოტიკიშვილი