ესპანელი პენელოპა კრუსი ბევრისთვის საყვარელი მსახიობია, განსაკუთრებით, პეტრო ალმოდოვარის ფილმების მოყვარულებისთვის. 44 წლის მსახიობი ავტომექანიკოსისა და პარიკმახერის ოჯახშია დაბადებული 1974 წლის 28 აპრილს, ესპანურ ქალაქ ალკობენდასში. ჰყავს და - ასევე მსახიობი მონიკა და უმცროსი ძმა ედუარდო - მომღერალი და მუსიკოსი.
პენელოპა ამბობს, რომ ძალიან ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა და იმასაც იხსენებს, რომ ბავშვობიდან ცეკვაზე უფრო ოცნებობდა, ვიდრე მსახიობობაზე.
კლასიკურ ბალეტს სწავლობდა და ესპანეთის ნაციონალური კონსერვატორია დაამთავრა. ამბობს, რომ ბალეტი დაეხმარა დისციპლინისა და შრომისმოყვარეობის გამომუშავებაში.
ასევე აინტერესებდა კინო და 10 წლის იყო, რომ მამამ ვიდეომაგნიტოფონი უყიდა, რაც იმ დროს დიდი იშვიათობა გახლდათ.
მოზარდობის წლებში მსახიობობამ კიდევ უფრო დააინტერესა და დაიწყო აგენტების ძიება, თუმცა საკმაოდ ბევრჯერ უთხრეს უარი, პატარა ასაკის გამო. თუმცა 15 წლისა მიიღეს დამწყები ნიჭიერი მსახიობების სააგენტოში და პირველი როლებიც გამოჩნდა. თუმცა პირველი სერიოზული განაცხადი იყო სურათი "ლორი, ლორი", რომლის შემდეგაც ახალ სექსსიმბოლოდ აღიარეს. სწორედ ამ ფილმში შეხვდა პირველად ჰავიერ ბარდემს, რომელსაც წლების შემდეგ ცოლად გაჰყვა.
სერიოზული პოპულარობა კი, როგორც მსახიობს, მოუტანა პედრო ალმოდოვართან თანამშრომლობამ, რასაც მოჰყვა უკვე "ოსკარებზე" გამოჩენა და ჰოლივუდური პროექტები. დღეს ის მსოფლიო ვარსკვლავია, სოლიდური ჰონორარებით და მსოფლიოს ულამაზეს ქალთა რეიტინგებშიც ყოველთვის ხვდება.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, რომანები ჰქონდა ტომ კრუზსა და მეთიუ მაკკონაჰისთან, თუმცა 2007 წელს თავის ძველ მეგობარს, ესპანელ მსახიობ ჰავიერ ბარდემს გაუმიჯნურდა, საიდუმლოდ იქორწინა და მისგანვე გააჩინა ორი შვილი - ლეონარდო და ლუნა.
პენელოპა და ჰავიერი ძალიან აქტიურად არიან ჩართული შვილების აღზრდაში, მათი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად. ხშირად ისე ანაწილებენ დროს, რომ ერთდროულად ორივეს არ ჰქონდეს გადაღებები და რომელიმე მშობელი მაინც იყოს ბავშვებთან. პენელოპას თავისი წესებიც აქვს - მისი შვილის ოფიციალურ ფოტოებს ვერც ჟურნალ-გაზეთებში ნახავთ და ვერც სოციალურ ქსელში. არავის აძლევს შვილების გადაღების უფლებას და რაც არის ინტერნეტში გავრცელებული, მხოლოდ პაპარაცული ფოტოებია.
ამბობს, რომ სოციალურ ქსელშიც არ დებს ბავშვების ფოტოებს.
- მინდა, ჩემს შვილებს დავუტოვო პირადი ცხოვრების უფლება. ჩემს გვერდზე ვერ ნახავთ მათ ფოტოებს და არც მომავალში ვაპირებ. შემიძლია გავაზიარო ჩემი ფოტოები მეგობრებთან, ახლობლებთან, თუმცა ყოველთვის არის ზღვარი, რომელსაც არ გადავალ, - ამბობს პენელოპა და იმასაც აღნიშნავს, რომ დედობა საუკეთესოა, რაც ქალის ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს.
- დედობა საუკეთესოა, რაც ქალს შეუძლია განიცადოს. დედა რომ ხდები, სხვა ადამიანად გრძნობ თავს. შვილის დაბადების შემდეგ ქალის სული და არსი იცვლება. ასეთი ტრანსფორმაცია ღრმად სულში ხდება და აუცილებლად აისახება თვალებში. შეუძლებელია, ეს არ შენიშნო.
როგორ გამოიყურება ახლა და როგორი დედაა ერთ დროს ყველაზე ლამაზი ლივ ტაილერი