გარდაცვლილის ახლობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ატარონ შავი ტანსაცმელი 40 დღე ან არაუმეტეს 1 წელი... ყოველი ოჯახი მძიმედ განიცდის უახლოესი წევრის გარდაცვალებას და გლოვით გამოხატავს თავის წუხილს, მაგრამ ბოლო დროს ეს დამახინჯებული ფორმით ვლინდება.
ხშირია შემთხვევა, როცა ახლობლები მრავალი წლის ან მთელი სიცოცხლის მანძილზე არ იხდიან შავ სამოსს და ჩამოშორებულნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებას.
უსაზღვრო გლოვა, გოდება, ტირილი მეტყველებს ადამიანის ურწმუნოებაზე; იმაზე, რომ მას არ სწამს ღმერთი, არ სწამს სულის უკვდავება და თვლის, რომ გარდაცვლილი სამუდამოდ დაკარგულია მისთვის; ამით კი ჭირისუფალის უდიდეს ცოდვას იღებს თავის თავზე, რადგან იგი არასწორი ქცევით მეტად ამძიმებს გარდაცვლილის უკვდავ სულს, ამძიმებს თავისი ოჯახის ცხოვრებას.
ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს მის მოსპობას. ადამიანის სული ცოცხალია, უკვდავია და იგი მარადიულ ცხოვრებაში იმკვიდრებს იმ ადგილს, რასაც თავისი სარწმუნოებითა და ქცევით იმსახურებს.
მიწიერი ჩვენი ცხოვრება არის მომზადება მარადიულობისათვის. იგია თითოეული ჩვენთაგანისათვის უდიდესი გამოცდა.
ბედნიერია, ვინც მართლმადიდებელი სარწმუნოებით, სიყვარულითა და კეთილი საქმით წარდგება ამ გარდაუვალი დღის წინაშე და მართალთა სავანის მკვიდრი გახდება.
ხშირია შემთხვევა, როცა კეთილი ადამიანი ადრე ტოვებს ამ წუთისოფელს, ანდა მცირე ასაკისა შეერთვის მარადიულობას. ამაშიც ჩვენ უნდა დავინახოთ განგება უფლისა: ღმერთს ისინი ნაკლებად ცოდვილნი მიჰყავს თავისთან.
ყოველივე ამის გამო განვაჩინებთ:
1. ავადმყოფს აუცილებლად უნდა მოვუყვანოთ მოძღვარი აღსარებისა და ზიარებისთვის, რადგან წმიდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა და ხშირია შემთხვევა, როცა წმიდა ზიარებით სასწაულებრივად განკურნებულა ადამიანი; ასევე მეტად კარგია ავადმყოფისთვის ზეთის კურთხევა.
2. გარდაცვალების შემთხვევაში პირველივე დღიდან დასაფლავებამდე მიცვალებულის თავთან ჩაუქრობლად უნდა ენთოს სანთელი და კანდელი, უნდა იდგეს ხატი, ხორბალი, წყალი, ღვინო, მარილი, და დღედაღამ ახლობლების მიერ უნდა იკითხებოდეს დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნები.
3. ფსალმუნის კითხვა (თუნდაც დღეს მხოლოდ ერთი კანონის) სასურველია, დასაფლავების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მაინც გაგრძელდეს.
4. გარდაცვლილს გულზე უნდა ეკიდოს ნაკურთხი ჯვარი.
5. თუ მიცვალებულის ახლობლები მოუნათლავია, კარგია თუ ისინი გარდაცვლილის დასაფლავებამდე მოინათლებიან; თუ მიცვალებულია მოუნათლავი, მისი მონათვლა არ შეიძლება.
6. საერო პანაშვიდების დროს სასურველია საერო სიმღერებისა და მუსიკის ნაცვლად შესრულდეს საეკლესიო საგალობლები.
7. მიცვალებული უნდა დაიკრძალოს გარდაცვალებიდან 3-5 დღის განმავლობაში.
8. მიცვალებულს არ უნდა ჩაატანონ ზედმეტი ტანსაცმელი ან სხვა რაიმე ნივთები.
9. დასაფლავების დღეს, დილით, ან წინა ღამეს მოძღვარმა უნდა აუგოს წესი მიცვალებულს და უკურთხოს საფლავის მიწა, ღვინო, პური, მარილი, წყალი.
10. დასაფლავების დღიდანვე საფლავზე უნდა დაიდგას მღვდლის მიერ ნაკურთხი დროებითი ჯვარი (ხის, ლითონის ან სხვა მასალის), რადგან უჯვრო საფლავს, წმიდა მამების სწავლებით, ეშმაკი ეპატრონება.