რას იწვევს უძილობა და როგორი უნდა იყოს ძილის რეჟიმი სხვადასხვა ასაკში - გამოცდილი ნევროლოგის რჩევები - მშობლები

რას იწვევს უძილობა და როგორი უნდა იყოს ძილის რეჟიმი სხვადასხვა ასაკში - გამოცდილი ნევროლოგის რჩევები

2019-04-16 17:09:19+04:00

უძილობა ანუ ინსომნია ფართოდ გავრცელებული და სერიოზული პრობლემაა. ხშირად მას მხოლოდ ნევროზულ ფონს უკავშირებენ, თუმცა მიზეზი სხვადასხვაგვარია - ნერვიულობით დაწყებული, ქრონიკული დაავადებებით დამთავრებული. გამომწვევ მიზეზებზე, მკურნალობასა და პრევენციის გზებზე mshoblebi.ge-ს ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თიკა ღლონტი ესაუბრა.

- მოდით, ჯერ გავიგოთ, რა იწვევს უძილობას?

- დღეს უძილობა პლანეტის მცხოვრებთათვის უკვე კარგად ნაცნობი პრობლემაა, მშფოთვარე ფიქრები და მომავალი დღის გეგმები – ის არასასიამოვნო ფაქტორებია, რომლებიც ნებისმიერს დაუფრთხობს ტკბილ ძილს. კონკრეტულად კი უძილობა შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც გარემო ფაქტორებით, რომლებიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებენ და მის ზედმეტ აღგზნებას იწვევენ, ისე თავად ორგანიზმში მიმდინარე პროცესებით - სხვადასხვა დაავადებითა და ამ დროს განვითარებული ნივთიერებათა ცვლის თავისებურებებით. უძილობის მიზეზი შეიძლება იყოს: გადაღლა, ფიზიკური და ემოციური დაძაბულობა, ხმაური, სინათლე, სიცხე, სიცივე, უჟანგბადობა, მძაფრი სუნები, თამბაქოს კვამლი, ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც ასტიმულირებენ ნერვულ სისტემას, მაგალითად ენერგეტიკული სასმელები, ყავა (ყველაფერი, რაც შეიცავს კოფეინს), ნიკოტინი, რომელსაც შეიცავს თამბაქოს ბოლი, მაშინაც კი გვიშლის დაძინებაში ხელს, როცა პასიური მწეველები ვართ; ცვლილებები ცხოვრების სტილში: მოგზაურობა, ოჯახური მდგომარეობის შეცვლა, რეჟიმის დარღვევა, ზოგი სამედინიცო პრეპარატის მიღება (მაგალითად, ციტრამონი შეიცავს კოფეინს, რომელიც აღაგზნებს ნერვულ სისტემას), ფიზიკური და ემოციური დაძაბულობა.

- როგორი უნდა იყოს ძილის რეჟიმი, რამდენ ხანს უნდა ეძინოს ადამიანს?

- არ არსებობს კონკრეტული ძილის ხანგრძლივობა, რომელიც ყველა ადამიანს მოერგება, მაგრამ ახლახანს გამოქვეყნდა ძილის ხანგრძლივობის რეკომენდაცია:

ახალშობილები (0-3 თვე): დღე-ღამეში 14-17 საათი. ჩვილები (4-11 თვე): დღე-ღამეში 12-15 საათი. ბავშვები (1-2 წელი): დღე-ღამეში 11-14 საათი. სკოლამდელი ასაკის ბავშვები (3-5): დღე-ღამეში 10-13 საათი. სკოლის ასაკის ბავშვები (6-13): დღე-ღამეში 9-11 საათი. თინეიჯერები (14-17): დღე-ღამეში 8-10 საათი. ახალგაზრდა მოზარდები (18-25): დღე-ღამეში 7-9 საათი. მოზრდილები (26-64): დღე-ღამეში 7-9 საათი. ხანდაზმულები (65+): დღე-ღამეში 7-8 საათი.

- რას იწვევს უძილობა?

- ძილის უკმარისობას მთელი რიგი უარყოფითი გავლენების მოხდენა შეუძლია ადამიანზე. იგი აქვეითებს კოორდინაციის და რეაგირების უნარს და ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს. არასაკმარისმა ძილმა შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა, უხასიათობა და გაღიზიანება, დეპრესიის რისკი, მეხსიერების, დასწავლის, კონცენტრაციის პრობლემები, გადაწყვეტილების მიღების უნარის დაქვეითება, კანის დაბერება, იმუნიტეტის დაქვეითება, ხშირი ინფექციები, გაცივება, წონაში მატება ან პირიქით - კლება, ჰალუცინაციები, მოტორული უნარების დაზიანება, ავარიების რისკი, ისეთი სერიოზული დაავადებების რისკი, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი წნევა, გულის დაავადებები.

mshoblebi
თიკა ღლონტი

- თავად, როგორც ექიმს, როგორი ძილის რეჟიმი გაქვთ?

- ფიზიოლოგიური ძილის რეჟიმი მაქვს ბავშობიდან და არასდროს მქონია უძილობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ჩემი ცხოვრების სტილი ჯანმრთელია, ესეც განაპირობებს ნორმალური ძილი პროცესს.

- რამდენად რთულია ექიმის პროფესია?

- ექიმის პროფესია მეტად რთული და საპასუხისმგებლოა, ექიმობა განუსაზღვრელი რისკია, მძიმე განცდაა, როცა საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელობას, მომავალს, არ გაქვს უფლება, შეცდომა დაუშვა, თუნდაც პროფესიული, თუნდაც ადამიანური.

- ასეთი საქმიანი რეჟიმის მქონე ნევროპათოლოგს თუ გრჩებათ დრო საკუთარი თავისთვის და რას აკეთებთ ამ დროს?

- ზოგადად, დრო პერსონალურია და არა უნივერსალური, ამიტომ ჩემთვის დრო ყოველდღიური განვითარების საშუალებაა, ვცდილობ დრო რაციონალურად გამოვიყენო და ავითვისო მნიშვნელოვანი ცოდნა თუ ინფორმაცია, შინაგანად შემოქმედებითი ადამიანი ვარ და დროში დროს ვქმნი, ცნება თავისუფალი დრო, ჩემთვის უცხოა, მაგრამ ძირითადი საქმიანობის შემდეგ დროს რასაც ვუთმობ, ეს არის კულინარია.

- ურჩიეთ Mshoblebi.ge-ს მკითხველს, როგორ დაარეგულირონ ძილის რეჟიმი და აიცილონ ჯანმრთელობის პრობლემა თავიდან?

- ძილის რიტმის დარეგულირებაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ჯანრთელი ცხოვრების წესი, მეტი ფიზიკური აქტივობა, პოზიტიური ფიქრები და აზრები.

ნინი აბრამიშვილი

altრას გეუბნებათ ბავშვის ძილის პოზა