მეგან მარკლმა მშობიარობამდე სამეფო ოჯახის კიდევ ერთი ტრადიცია დაარღვია. სასექსის ჰერცოგინიამ და პრინცმა ჰარიმ უარი თქვეს მშობიარობის შემდეგ ჩვილთან ერთად საჯარო ფოტოსესიის მოწყობაზე.
სამეფო ოჯახის რამდენიმე თაობა სამშობიაროდან გამოსვლის შემდეგ ფოტოს აუცილებლად იღებდა. ასე მოიქცა ტრაგიკულად დაღუპული პრინცესა დიანაც, როცა 1982 წელს ჩვილ უილიამთან და პრინც ჩარლზთან ერთად სამშობიაროს ფონზე პოზირებდა.
ასევე მოიქცნენ კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი.
ამ სამეფო ტრადიციის მიზანია, ფოტოების საქველმოქმედო მიზნით გაყიდვა.
უცნობია, ფოტოს გადაღებაზე უარის თქმა მეგანის იდეა იყო თუ ჰარის, მაგრამ ამერიკელი მსახიობის მოძულეები სწორედ მას აბრალებენ ტრადიციის დარღვევას.
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ჩვილის დაბადებას უკვე ყოველდღე ელიან. ის სამეფო ტახტის მეშვიდე პრეტენდენტი იქნება. მომავალი მშობლების თქმით, მეგანი შვილს შინ გააჩენს. ამ შემთხვევაშიც სასექსის ჰერცოგინია გამონაკლისი იქნება, რადგან ლედი დიმ და კეიტ მიდლტონმა შვილები წმინდა მარიას სამშობიაროში გააჩინეს.
იქნებ, მეგან მარკლს სურს, ელისაბედ მეორეს მიბაძოს, რომელმაც ოთხივე შვილი ბუკინგემის სასახლეში გააჩინა. თავად დედოფალი კი ბებია-ბაბუის სახლში, მეიფერში გაჩნდა.
მეგანი თავის ახალ სახლში უინძორში, ფროგმორ-ჰაუსში იმშობიარებს. მშობიარობის შემდეგ კი საშუალება ექნება ისარგებლოს თბილი აბაზანით, აუზით - ბუნებრივი მშობიარობისთვის. გარდა ამისა, სპეციალურად მისთვის შეიძინეს ელექტრონერვული სტიმულაციის აპარატი. ცნობილია, რომ სასექსის ჰერცოგინია და პრინცი ჰარი სამშობიარო ჰიპნოთერაპიას იტარებენ.
ამასთანავე, პრინცი ჰარი ცოლის მშობიარობას დაესწრება და ეცდება, დაეხმაროს და გაამხნევოს საყვარელი ცოლი.
თუმცა, შესაძლოა, მეგანს სამშობიაროში გამგზავრებამ მაინც მოუწიოს. 35 წლის ყოფილი მსახიობი ასაკის გამო რისკის ქვეშაა. შეიძლება საკეისრო კვეთა დასჭირდეს ან ანესთეზია. თუმცა, სასექსის ჰერცოგინია წმინდა მარიას სამშობიაროში მაინც არ გაემგზავრება. მან სახლთან ახლოს მდებარე მედპუნქტი აირჩია, პრესის გადამეტებულ ყურადღებას თავი რომ აარიდოს.
"მე კეიტი არ ვარ" - მეგან მარკლი კიდევ ერთ ტრადიციას არღვევს