"ბანკეტზე სახლში შეკერილი კაბებით მიდიდან და სპორტული სამოსით აგრძელებენ დროსტარებას" - განსხვავებული ბანკეტები - მშობლები

"ბანკეტზე სახლში შეკერილი კაბებით მიდიდან და სპორტული სამოსით აგრძელებენ დროსტარებას" - განსხვავებული ბანკეტები

2019-05-24 10:43:02+04:00

სკოლის დამთავრების აღსანიშნავი ბანკეტი საქართველოში ურყევი ტრადიციაა. მიუხდდავად იმისა, რომ ოჯახების მატერიალური მდგომარეობა არ უმჯობესდება, მშობლები მაინც ხელგაშლილად აფინანსებენ შვილების ამ ერთ დაუვიწყარ დღეს. საბანკეტო ხარჯები საშუალოდ 500-1000 ლარს შეადგენს, თუმცა ზედა ზღვრის დადგენა საკმაოდ რთულია. ასეთ გრანდიოზულ წვეულებებს ბევრი უგემოვნოდ და დრომოჭმულად თვლის. დავინტერესდით, როგორ არის ამ მხრივ საქმე ჩვენზე მდიდარ, პროგრესულ და განვითარებულ ქვეყნებში. როგორ აღნიშნავენ სკოლის დამთავრებას იქაური ახალგაზრდები.

აშშ

ამერიკელებისათვის გამოსაშვები საღამო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, რისთვისაც ისინი დროსა და ფინანსებს არ იშურებენ. ყოველ მაისს ათასობით ამერიკელი მოსწავლე ემზადება მეჯლისისთვის, რასაც ამერიკაში Prom-ს უწოდებენ.

ხშირ შემთხვევაში მეჯლისისთვის მზადება სასწავლო წლის დასაწყისში იწყება. ამ დროს დამამთავრებელი კლასი მეჯლისის მოსაწყობად სპეციალურ კომიტეტს ირჩევს, რომელიც მეჯლისის ორგანიზებას იწყებს. ისინი არჩევენ მეჯლისის თემას, ქირაობენ დიჯეის და ამზადებენ დეკორაციებს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი მოსწავლეების მშობლები სკოლის დამთავრების აღსანიშნავად მნიშვნელოვან თანხას ხარჯავენ. ისინი ქირაობენ ლიმუზინს ან ძვირფას ავტმობილებს, ყიდულობენ ძვირადღირებულ კოსტიუმებსა და საღამოს კაბებს. მათ სურთ ყველასგან განსხვავებულად და საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ გამოსაშვებზე. ალკოჰოლური სასმელების ყიდვა და მოხმარება მეჯლისზე აკრძალულია.

ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორი მეჯლისის მეფესა და დედოფალს ასახელებს, რაზეც თითოეული მოსწავლე ოცნებობს.

პოლონეთი

პოლონელები ბანკეტს სკოლის დამთავრებდამე 100 დღით ადრე იანვარში მართვენ. როგორც წესი მოსწავლეები ძვირადღირებულ და მდიდრულ დარბაზს ქირაობენ და საუკეთესო ტანსაცმლით მიდიან. აღსანიშნავია, რომ ტრადიციის მიხედვით გოგონები კაბის ქვეშ წითელი მაქმანის ლენტს იკეთებენ. ალკოჰოლის მოხმარება ბანკეტზე შეზღუდულია და დასაშვები მხოლოდ ერთი ბოკალი ღვინის დალევაა. წვეულებას როგორც წესი სამეჯლისო ცეკვა პოლონეზი ხსნის, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში სამეფო კარის მეჯლისებს ხსნიდა. საღამოს ბოლოს კი სახელდება წვეულების მეფე და დედოფალი.

ნორვეგია

ნორვეგიელი მოსწავლეები სკოლის დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე სხვადასხვა ფერის კომბინიზონებს იცვამენ. მაგალითისათვის, წითელ კობინიზონს იცვამს ის, ვინც გადაწყვიტა ეკონომიკის მიმართულებას გაჰყვეს, ლურჯს ის, ვისაც მეცნიერად გახდომა სურს, შავი ტექნიკოსების ფერია, თეთრ კომბინიზონს კი სპორტსმენები იცვამენ.

mshoblebi

გამოსაშვებ საღამოზე კი ნორვეგიელები ნაციონალური სამოსით მიდიან. გოგონები დედის ან ბებიის ხელით შეკერილი კაბით იწონებენ თავს. საზეიმო საღამოს შემდეგ კი, ახალგაზრდები სპორტულ ფორმაში გამოწყობილები მიდიან დროის გასატარებლად.

ჩინეთი

სკოლის დამთავრების საინტერესო ტრადიცია აქვთ ჩინელებს. გამოცდების ჩაბარების შემდეგ ჩინელი მოსწავლეები გარეთ გამოდიან და რვეულების, კონსპექტებისა და წიგნების ხევას იწყებენ. ამის შემდეგ ისინი ამ ყველაფერს ფანჯრებიდან ყრიან. აღსანიშნავია, რომ ზაფხულის ამ დროს ქუჩები ქაღალდით არის მოფენილი.

ავსტრალია

ავსტრალიაში გამოსაშვებ საღამოს მეტად მოკრძალებულად აღნიშნავენ. მოსწავლეები მანქანებს ერთობლივად ქირაობენ, რათა უფრო ნაკლები დანახარჯი ჰქონდეთ. ამასთანავე, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლეები უცნაურ ტრანსპორტს ქირაობენ ბანკეტზე მისასვლელად, მაგალითად პოლიციისა თუ სახანძრო მანქანას ან თუნდაც ურემს. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში გამოსაშვებ საღამოზე ზომიერად დალევა დასაშვებია.

იაპონია

იაპონელებს ყველაზე მოკრძალებული ტრადიციები აქვთ. იაპონელი მოსწავლეები სკოლის დამთავრების შემდეგ წვეულებას არ აწყობენ. დიპლომის გადაცემის ცერემონიალზე კი ყოველდღიური ფორმით მიდიან. ამის შემდეგ ისინი სახლში ბრუნდებიან და ოჯახის წევრებთან ერთად ჩაის სვამენ.