17 წლის იყო, როცა პირველი შვილი ეყოლა, დღეს 12 შვილი ჰყავს - "ამდენი შვილი თუ მეყოლებოდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი" - მშობლები

17 წლის იყო, როცა პირველი შვილი ეყოლა, დღეს 12 შვილი ჰყავს - "ამდენი შვილი თუ მეყოლებოდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი"

2019-06-07 13:42:28+04:00

დედები ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, რჩევებს. ვფიქრობ, განსაკუთრებით საინტერესოა მრავალშვილიანი და გამოცდილი დედების რჩევა. ჩვენი დღევანდელი სტუმარი 12 შვილის დედა, თამილა კირთაძეა. 17 წლის იყო, როცა პირველი შვილი ეყოლა, თუმცა მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ 12 შვილის დედა გახდებოდა.

- 40 წლის ვარ. ვცხოვრობ ქალაქ ფოთში. 24 წელია მე და ჩემი მეუღლე დავქორწინდით. მაშინ 16 წლის ვიყავი. პირველი შვილი 17 წლის ასაკში მეყოლა. პატარა პირველად რომ ავიყვანე ხელში, ენით აღუწერელი ემოცია ვიგრძენი. დედობა ალბათ ყველაზე საოცარი გრძნობა და დიდი პასუხისმგებლობაა.

- გათხოვებამდე ბევრ შვილზე გიფიქრიათ?

- ოთხი შვილი მინდოდა, ხშირად მიფიქრია ამაზე, მაგრამ ამდენი შვილი თუ მეყოლებოდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი.

- თქვენს შვილებზე მოგვიყევით...

- უფროსი შვილი 23 წლისაა. მას უკვე თავისი ოჯახი აქვს. ჰყავს ერთი შვილი, წლის და ცხრა თვის ბიჭი. ჩემი ოთხი შვილი სკოლაში დადის. ბაღში არც ერთი არ გამიშვია, მირჩევნია ჩემთან იყვნენ. უფროსი ბიჭები სპორტით არიან დაკავებულები, პატარებიც მათ ბაძავენ. ვცდილობ ყოველთვის იყვნენ ჩართული აქტიურ ცხოვრებაში.

- თქვენი მეუღლე იღებდა მათ აღზრდაში მონაწილეობას?

- მეუღლე იშვიათად მეხმარებოდა, რადგან სულ მუშაობდა, ღამის ცვლაშიც კი. მოგეხსენებათ რთულია ამხელა ოჯახის შენახვა, ბავშვებს ძალიან ბევრი რამე სჭირდებათ. ამიტომ ბავშვებს მარტო ვზრდიდი.

mshoblebi

- უფროსი შვილები თუ გეხმარებიან პატარების აღზრდაში?

- კი, უფროსები ძალიან მეხმარებიან პატარების გაზრდაშიც და სახლის საქმეშიც. მათი იმედი მაქ ყველაფერში, თორემ ამდენს მარტო ვერ შევძლებდი.

- როგორ ახერხებთ დროის განაწილებას? როდისმე ყურადღების დეფიციტი ქონიათ უფროსებს, თუ უეჭვიანიათ ერთმანეთზე?

- ვცდილობდი ყურადღება და სითბო თითოეულზე ერთნაირად გადამენაწილებინა. ეს ადვილი არის, თუმცა მეტნაკლებად გამომდიოდა. რა თქმა უნდა, ეჭვიანობის მომენტები იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი. ზოგჯერ კინკლაობენ კიდეც, როგორც ყველა დედმამიშვილი, მაგრამ თორმეტივეს ძალიან უყვართ ერთმანეთი.

- რა შეგრძნებაა, როცა მრავალშვილიანი დედა ხართ?

- არ მინდა ბანალური ვიყო... დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამავე დროს დიდი ბედნიერებაც. დედისთვის იმაზე დიდი სიხარული არფერია, როცა ამდენი შვილი გყავს და ყველა ბედნიერები და ჯანმრთელია.

- საკუთარი თავისთვის თუ ახერხებთ დროის გამონახვას? რა დროს ისვენებთ?

- ეს მარტივი საქმე არ არის, თუმცა ვცდილობ ჩემი თავისთვისაც გამოვნახო მცირედი დრო. მაგრამ ჩემთვის უპირველესი მაინც შვილები და ოჯახია.

- დღეს, ყველაზე ხშირად რა პრობლემები აწუხებთ მრავალშვილიან ოჯახებს?

- სხვების სახელით გამიჭირდება საუბარი. ალბათ ჩემი გადმოსახედიდან პირველ რიგში უმუშევრობაა დიდი პრობლემა. დაბალი ანაზღაურებით ამდენი შვილი გაზარდო, ამხელა ოჯახი შეინახო, დამეთანხმებით, ადვილი არ არის.

mshoblebi

- როცა საქმე შვილების კეთილდღეობას ეხება, თქვენთვის დაუძლეველი პრობლემა არსებობს?

- მარტო ჩემთვის კი არა, ალბათ ამ დროს არც ერთი დედისთვის არ არსებობს დაუძლეველი პრობლემა. შვილები ღვთის საჩუქარია. ჩვენ კი ვალდებული ვართ, მათ გავუფრთხილდეთ და დავიცვათ.

მერი ბლიაძე

alt"მინდა დავამსხვრიო სტერეოტიპი, რომ მრავალშვილიანი დედა მოუვლელი უნდა იყოს... 9 შვილი მყავს, 9 ბედნიერება..."