ბასტი ბუბუს გმირები მრავალი წელია ათასობით ბავშვს აბედნიერებენ. საბავშვო სტუდიაში, რომელსაც 25 წლიანი ისტორია აქვს, არაერთი ცნობილი სახე იქცა პატარებისთვის ბავშვობის საყვარელ მეგზურად. მათ შორისაა ყველასათვის საყვარელი გოგიჩა, რომლის ხელშიც ბასტუ-ბუბუს თაობებმა გაიარა. მოგეხსენებათ, გოგიჩა, იგივე გიორგი გოგიჩაიშვილი ორი ულამაზესი გოგოს მამა, ნანუკა ვიცე მის საქართველოა, ნინი კი სულ ცოტა ხნის წინ გახდა მის საქართველო 2018. მას ბავშვებზე ვესაუბრეთ და რა თქმა უნდა, შვილებზეც რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- უკვე მრავალი წელია ბასტი ბუბუს კონცერტების წამყვანი ხართ . წელს როგორი კონცერტი გველის, რა შეგიძიათ წინასწარ გაგვიმხილოთ?
- ეს კონცერტი კი არა მუსიკალური წარმოდგენაა. ელისის სიზმარი ბასტი ბუბუ ვერსიით იქნება წარმოდგენილი. ბაბილინა ლუის ქეროლის უკვდავ ნაწარმოებში შეუძღვება მაყურებლებს, სადაც ელისი ხან გაიზრდება, ხან დაპატარავდება, ხან ცრემლების ზღვაში გაცურავს, ხან ცეკვით გაშრება და ხანაც კარტების სახელმწიფოში შეხვდება ბოროტ დედოფალს.
BBB არხის სერიალის "ფერიების სკოლის" მთავარი გმირები სცენაზე ნამდვილ ჯადოქრობებს ჩაიდენენ.
სერიალ "BBB აკადემიის" უნიჭიერესი ბავშვები მთავარ როლებს ითამაშებენ და გააოცებენ თავიანთ თაყვანისმცემლებს. ისენი უკვე ძალიან ცნობილი ბავშვები არიან.
მაყურებლებთან ერთად ითამაშებენ მხიარული დოდები, ასე, რომ მაყურებელთა დარბაზი, მხოლოდ მაყურებელი კი არა, წარმოდგენის მონაწილეც გახდება.
ბასტი და ბუბუც გაახარებს პატარებს.
ჩვენი წარმოდგენისთვის რამდენიმე ახალი სიმღერა დაწერა ანუკი ცქვიტინიძემ და ის თავად სცენაზე გამოვა, როგორც ელისის სიზმრის ერთერთი საინტერესო გმირი.
ახალი დეკორაცია, კოსტუმები, დიოდური ეკრანი და პიროტექნიკა მომხიბვლელს გახდის ამ წარმოდგენას.
და ბოლოს, ამ ყველაფერს ვიღებ მე - რეჟისორი გოგიჩა! მაყურებელი ტელე გადაღების მონაწილე გახდება. კამერები, განათება, ოპერატორები და სცენის ასისტენტები თქვენს თვალწინ გააცოცხლებენ ელისის თავგადასავალს საოცრებათა ქვეყანაში.
- გიორგი, ბასტი-ბუბუს გამორჩეული სახე ხართ. თქვენს ხელში გაირა რამდენიმე თაობამ, რა შეგიძლიათ გვითხრათ მათ ცვლილებაზე, როგორები იყვნენ და როგორები არიან დღევანდელი პატარები?
- მე რასაც ვუყურებ, წინა თაობას ყოველთვის ჯობია შემდეგი. ჯობია გარეგნობით, გონებით.. კაცობრიობა ვითარდება და ეს ნორმალურია. აკვირდებით, რომ თუ ტელეფონს მისცემთ 4 წლის ბავშვს, მან უფრო მეტი იცის ტელეფონის მენიუში, ვიდრე მაგალითად მე, რომელსაც 30 წელია უკვე ტელეფონი მაქვს. ისინი, ვინც 20-25 წლის წინ დადიოდნენ ბასტი-ბუბუში, იყვნენ არაჩვეულებრივები, ლამაზები, ნიჭიერები, მაგრამ 15 წლის შემდეგ ახალი თაობა რომ მოვიდა, უკეთესები იყვნენ წინამორბედებზე. ბედნიერებაა, რომ ახალი და ახალი თაობა უკეთესი და უკეთესია. ჩემს დროს თბილისში ორი "კრასავიცა" გოგო დადიოდა და მთელი თუ არა, ნახევარი თბილისი გიჟდებოდა მათზე, დღეს კი აღარაა თითზე ჩამოსათვლელი ლამაზი გოგოები, ერთი და ორი კი არა უამრავი ლამაზი გოგო და ბიჭი გვყავს ირგვლივ. დღეს სცენაზე რომ გამოდიან 5-7-10-12 წლის ბავშვები, ესენი არიან მომავალი მის საქართველოები, მისტერ მეცნიერები, მისტერ გაეროები, მისტერ მსოფლიოები, რომლებიც დიდ გადატრიალებას მოახდენენ და უკეთესობისკენ შეცვლიან ცხოვრებას.
- როგორ ფიქრობთ, ბავშვებთან მიმართებაში სიმკაცრე უფრო იძლევა შედეგს, თუ თავისუფლება?
- ჩვენ რომ ბავშვები ვიყავით, მოგვწონდა მკაცრი უფროსები? მე მგონი არა. ძალიან ადვილია ბავშვებთან ურთიერთობის დამყარება სიმკაცრის გარეშე. ჩემი მშობლები მსახიობები არიან, მე თეატრში გავიზარდე და სულ ვუყურებდი რეჟისორს, რომელიც იყო მკაცრი. კი მომწონდა და მინდოდა მსახიობობა, მაგრმ რომ მახსენდებოდა დიქტატრი რეჟისორი, სურვილს ვკარგავდი. საბოლოო ჯამში მაინც ხელოვნებისკენ წავედი, მაგრამ არ მომწონდა ის სიმკაცრე, რაც ჰქონდათ.
ადვილია გაიგო, რა აინტერესებს ბავშვს და ძალით არ ასწავლო ის, რაც მის ინტერესის სფეროში არ შედის. მე მესმის, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს ყოველმხრივი განათლება, უნდა იცოდეს ტექნიკური საგნებიც და ჰუმანიტარულიც, მაგრამ როგორ მაკაცრადაც არ უნდა მივუდგეთ და ვასწავლოთ მაგალითად, ტრიგონომეტრია ( რომელიც ვთვლი, რომ დიახ, უნდა იცოდეს, ძირფესვიანად თუ არა ტრიგონომეტრიის საფუძვლები მაინც) სიმკაცრით მაინც ვერ შევაყვარებთ. ჯობია, მას დავეხმაროთ იმ ფასეულობების განვითარებაში, რაც მასშია ჩადებული და რისკენაცაა მოწოდებული. შეიძლება ბავშვი არის მოწოდებით სპორსტმენი, მან უნდა მიიღოს განათლება, მაგრამ ხელი არ შევუშალოთ მიჰყვეს მის მოწოდებას, რადგან შესაძლოა ის ყველაზე ძლიერი ადამიანი აღმოჩნდეს პლანეტაზე, მაგალითად როგორიცაა ჩვენი ლაშა ტალახაძე, ან გიორგი თუშიშვილი ან სხვა და სხვა... უარავი სასახელო ადამიანი გვყავს.
ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები
- გიორგი, როდესაც მამა გახდით, თავიდანვე იგრძენით მამობის პასუხისმგებლობა და ტვირთი, თუ მერე და მერე მოვიდა ის ემოცია და შეგრძნებები?
- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები 90-იან წლებში, ძალიან რთულ პერიოდში გაჩნდნენ, ეს მოვლენა ტვირთად არ აღმიქვამს, ერთადერთი ტვირთი არის ის, რომ მხოლოდ 2 შვილი მყავს და მეტი არა.
- ბავშვების გაზრდაში თუ იყავით ჩართული, მაშინ ცოტა სხვაგავარად უყურებდნენ მამების აღზრდის საკითხებში ჩარევას..
- გააჩნია ჩართულობაში რას გულისხმობთ, წყალს ვუსხამდი ( იცინის) ამიტომაც გაიზარდა ნანუკა მაღალი, მეორესაც ვუსხამდი და ისიც მაღალია ( იცინის). ჩემს და ჩემი მეუღლის მშობლებს ძალინ დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი შვილების აღზრდაში, დიდი საქმე გაგვიკეთეს და შეიძლება ითქვას, რომ ბებია-ბაბუებმა აღზარდეს ჩვენი შვილები, რაც დიდი ბედნიერებაა. დღესაც, ჩემს სახლში სამი თაობა ერთად ვცხოვრობთ. მთელი ცხოვრებაა ვმუშაობ და შემეძლო, ცალკე მეცხოვრა, მაგრამ მერჩივნა სამი თაობა ერთად ვყოფილიყავით, ეს სხვა სითბო და სხვა ტრადიციაა, სხვათა შორის არც ჩემს შვილებს არ უნდათ ცალკე გასვლა.
- ორი ულამაზესი გოგოს მამა ხართ, რომელნიც გარშემორტყმულნი არიან თაყვანისმცემლებით, რთულია ასეთი გოგოების მამობა?
- ბედნიერი ვარ, რომ ჭკვიანი და კარგად აღზრდილი შვილები მყავს. ნანუკა ვიცე მის საქართველო 2009 გახლვთ, ნინი მის საქართველო 2018. ბუნებრივია, ჰყავთ თაყვანისმცემლები, მაგრამ არ მახსოვს, ნანუკას ვინმეს ნაჩუქარი ყვავილი სახლში მოეტანოს, გარეთ ტოვებდა. 50 წლის რომ გავხდი, მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ჩემი შვილი შეყვარებულია, ნანუკაზე მაქვს საუბარი, გავიცანი მისი რჩეული, კარგი კაცი და კარგი ადამიანია და მიყვარს ის ბიჭი, რომელიც ჩემს შვილს უყვარს. მე ქართველი, კავკასიელი ადამიანი ვარ და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ევროპელობა გარყვნილებაა, პირიქით, ევროპელობა დიდი კულტურაა. სწორი გაგებით თავისუფალი ადამიანი არის ევროპელი. საქართველოში უფრო მეტი ოჯახი ინგრევა, ვიდრე ჰოლანდიაში. ვინც ყოფილა ამერიკაში, ჰოლნადიაში, გერმანიაში, დამეთანხმება, რომ იქ ტრადიციული ოჯახები აქვთ, მაგრამ ჩვენთან მათზე ცოტა მცდარი შეხედულება აქვთ, ამიტომ ვამბობ, რომ მე ვარ კავკასიელი, ქართველი, ევროპელი ადამიანი. მე ვაძლევ ჩემს შვილებს თავისუფლებას, ოღონდ ეს თავისუფელბა არ გამოიხტება გარყვნილებაში, ეს თავისუფლება არის მათ განათლებაში, მათ გონებაში და იმაში, რომ თავად მიიღონ გადაწყვტილება, სად ჩააბარონ, რა ისწავლონ და.ა.შ. ამიტომაც მე ნაკლებად მაქვს პრობლემები შვილებთან, რადგანაც მე მათ ბავშვობიდანვე ვზრდი თავისუფალ ადამიანებად, სწორი გაგებით თავისუფალ ადამიანებად.
ციცი ომანიძე