როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს? - მშობლები

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს?

2014-10-08 05:06:31+04:00

ამ პათოლოგიის თანამდევი ანუსის აუტანელი ქავილი იწვევს ნერვული აგზნებადობის მომატებას, უძილობას, საერთო სისუსტეს, შრომის უნარისა და მეხსიერების დაქვეითებას "ჭიები განავალში" - უფროს თაობას ამ სიტყვებზე საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში ჩატარებული პროფილაქტიკური გამოკვლევები გაახსენდება. რამდენად ხშირია დღეს პარაზიტული დაავადებები, როგორ ხდება მათი გადაცემა და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან? ამაზე სასაუბროდ სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, ექიმ პარაზიტოლოგ ირმა კოკაიას ვეწვიეთ.

- დაგვეთანხმებით, რომ მშობლებს არცთუ იშვიათად შეუმჩნევიათ ბავშვის განავალში პარაზიტები და საკვლევი მასალით უმალვე ლაბორატორიისთვის მიუმართავთ. რომელი პარაზიტები შეიძლება აღმოვაჩინოთ ასეთი კვლევით?

- პაციენტები მართლაც ხშირად აღნიშნავენ განავალში პარაზიტების არსებობას, თუმცა მათ შთაბეჭდილებას ყოველთვის არ აქვს რეალური საფუძველი. განავალში უმეტესად არა პარაზიტი, არამედ მისი კვერცხები ხვდება, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველია, მხოლოდ მიკროსკოპიული გამოკვლევით შეიძლება აღმოვაჩინოთ. საზოგადოდ კი განავლის გამოკვლევით მართლაც შესაძლებელია ნაწლავური პარაზიტების გამოვლენა. ამათგან მოსახლეობა კარგად იცნობს ასკარიდოზს, ენტერობიოზს, ტენიოზს.

- როგორ ავადდება ადამიანი ენტერობიოზით?

- ენტერობიოზის გამომწვევია კუდმახვილა ანუ წვეტა ჭია – მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული ნაწლავის პარაზიტი. ამ პარაზიტით ინვაზიას პაციენტები ხშირად "წვრილი ჭიებით დაავადებას" უწოდებენ. ენტერობიოზით უმეტესად სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვები ავადდებიან, მაგრამ პარაზიტული ინვაზია ნებისმიერ სხვა ასაკშიც შეიძლება შეგვხვდეს. ადამიანი ავადდება კუდმახვილას მომწიფებული კვერცხის ჩაყლაპვით. კვერცხიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გამოდის მოძრავი მატლი. ნორჩი კუდმახვილები მაგრდებიან ნაწლავის ლორწოვან გარსზე. დროთა განმავლობაში მდედრი ჭიის ორგანიზმში კვერცხები მწიფდება, პარაზიტი სწორი ნაწლავისკენ გადაადგილდება და უკანა ტანის გარეთა ნაოჭებში კვერცხებს დებს. ეს უკანა ტანის არეში ქავილს იწვევს. ხშირად სწორედ ქავილია ამ პათოლოგიის ერთადერთი და მკვეთრად გამოხატული ჩივილი. ჭიის გამოსვლა და კვერცხის დადება ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი, თუმცა უმეტესად ეს ხდება ღამით, ძილის დროს. ენტერობიოზი კონტაქტური ჰელმინთოზია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ადვილად ვრცელდება საყოფაცხოვრებო ნივთების საშუალებით. დადგენილია, რომ ენტერობიოზით ინვაზიის წყარო მხოლოდ დაავადებული ადამიანია. ენტერობიოზის დროს ხდება როგორც აუტოინვაზია ანუ თვითდასნებოვნება - ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მისივე უკანა ტანის არეში არსებული კვერცხების მოხვედრა, ასევე ჰეტეროინვაზია – სხვა პირის დასნებოვნება. პარაზიტის მიერ გამოყოფილი მომწიფებული კვერცხები მიმოიფანტება ტანსაცმელზე, სათამაშოებზე, ჭურჭელზე, ისვრება ხელები, ხელებიდან კი კვერცხები პირის ღრუში ხვდება ბავშვთა ასაკში ფართოდ გავრცელებული ჩვევის – თითების პირში ჩადების გამო. გარდა ამისა, დაავადება გადაეცემა ჰაერისა და მტვრის საშუალებით, რომელიც შეიცავს პარაზიტის კვერცხებს. ზაფხულში კვერცხების გადატანაში მონაწილეობენ ბუზებიც. დადგენილია, რომ ბავშვებში ენტერობიოზისადმი მიმღებლობა განსაკუთრებით მაღალია, რასაც ხელს უწყობს ოჯახში, საბავშვო ბაღში, სკოლაში ბავშვების ახლო კონტაქტი ერთმანეთთან. მოზრდილებში დაავადება შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული, რადგან მოზრდილ ადამიანს უკვე გამომუშავებული აქვს ჰიგიენის ჩვევები, ორგანიზმიც აღჭურვილია ერთგვარი რეზისტენტობით, თუმცა იმუნიტეტი ენტერობიოზის წინააღმდეგ არ არის დადასტურებული.

- რომელი სიმპტომებით ვლინდება ენტერობიოზი? რა საფრთხეს უქადის ის ადამიანის ორგანიზმს?

- ჩვეულებრივ, ენტერობიოზი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ რიგ შემთხვევაში იწვევს მნიშვნელოვან დისკომფორტს. ენტერობიოზის დროს ყველაზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომია უკანა ტანის ქავილი, რომელსაც ხშირად ერთვის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქცია, ტკივილი ბრმა ნაწლავის ირგვლივ, ზოგჯერ - თავის ტკივილი და თავბრუხვევა. ხშირად ამ პათოლოგიის თანამდევი ანუსის აუტანელი ქავილი იწვევს ნერვული აგზნებადობის მომატებას, უძილობას, საერთო სისუსტეს, შრომის უნარისა და მეხსიერების დაქვეითებას. ქავილის შედეგად ანალურ არეში შესაძლოა გაჩნდეს ნახეთქები ან კანის უფრო სერიოზული დაზიანება.

- როგორ ხდება ენტერობიოზის დიაგნოსტიკა?

- უშუალოდ განავლის გამოკვლევით ენტერობიოზის კვერცხების აღმოჩენა იშვიათად ხერხდება. დიაგნოსტიკისთვის იკვლევენ ანალური ხვრელის ირგვლივ არსებული ნაოჭების ანაფხეკს. გარდა ამისა, ძილის დროს ბავშვის დათვალიერებისას შეიძლება შევამჩნიოთ, რომ ანუსიდან პატარა თეთრი ჭიები გამოდიან.

- როგორია ენტერობიოზის მკურნალობის ტაქტიკა ან როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადება?

- ენტერობიოზს წარმატებით მკურნალობენ სხვადასხვა ანტიჰელმინთური – პარაზიტების საწინააღმდეგო - საშუალებით. პრეპარატის შერჩევა და დოზირება ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის მონაცემების გათვალისწინებით. ვინაიდან ენტერობიოზი კონტაქტური ჰელმინთოზია, ხშირია ამ დაავადების ოჯახური შემთხვევები. ამ დროს აუცილებელია ოჯახის ყველა წევრის მკურნალობა, რათა მოხდეს დაავადების კერის სანაცია და თავიდან იქნეს აცილებული განმეორებითი ინვაზირება. ენტერობიოზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, ადამიანს ბავშვობიდანვე გამოვუმუშაოთ პირადი ჰიგიენის დაცვის ჩვევები; აუცილებელია ხელების ხშირი ბანა საპნით, სათამაშოების რეგულარული გარეცხვა.

- ზოგჯერ შეშფოთებული მკითხველები გვწერენ, რომ განავალთან ერთად საკმაოდ გრძელი - 20 სანტიმეტრამდე ზომის ჭია "დაბადეს". რომელი დაავადების ნიშანია ეს და საშიშია თუ არა თავად აღნიშნული ფაქტი?

- ამ ზომის პარაზიტის გამოყოფა შესაძლოა მოხდეს ასკარიდოზის დროს. თავად პარაზიტის გამოყოფა (ჩვეულებრივ, ეს სიცოცხლისუუნარო პარაზიტია) საშიში არ არის, მაგრამ რიგ შემთხვევაში ასკარიდოზი ადამიანის ჯანმრთელობას მართლაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის, რადგან შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს.

იხილეთ გაგრძელება