"არ მესმის, ტერმინი „ცუდი მასწავლებელი“ რას ნიშნავს" - რას ჰყვება ზუგდიდელი მოსწავლე, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი შექმნა - მშობლები

"არ მესმის, ტერმინი „ცუდი მასწავლებელი“ რას ნიშნავს" - რას ჰყვება ზუგდიდელი მოსწავლე, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი შექმნა

2019-07-25 12:36:09+04:00

ზუგდიდელი ბექა შეროზია რამდენიმე წელია ბოტებით არის დაინტერესებული და არც მეტი არც ნაკლები, თავადაც ხელოვნული ინტელექტის შექმნელია, რომელსაც ბექ ბოტი დაარქვა.
როდის და რატომ გაუჩნდა სურვილი ხელოვნური ინტელექტი შეექმნა და სამომავლოდ რა გეგმები აქვს - ამის შესახებ ბექა თავად გიყვება:

- იდეა გამიჩნდა 2 წლის წინ, ყოველთვის მინდოდა, რაიმე მსგავსის შექმნა, თუმცა არ ვიცოდი, რა სახით და როგორ, შემდეგ გამოჩნდა პლატფორმა, რომელიც ჩატ-ბოტის შექმნის შესაძლებლობას მომცემდა, თუმცა დღესდღეობით ბექ ბოტის სრული მუშაობისთვის და ფუნქციონალის სრულყოფილად შესასრულებლად გამოყენებულია 3-ზე მეტი პლატფორმა.

mshoblebi

- რამდენი ხანი დაგჭირდა ბექ ბოტის შესაქმნელად?

- ბექ ბოტი შექმნის დღიდანვე ხელმისაწვდომი იყო, იგი დროთა განმავლობაში განვითარდა, დღესდღეობით ჰყავს 48 ათასი გამომწერი (თუმცა ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება) და ყოველდღიურად პასუხობს 15 ათასი ადამიანის კითხვას.

- რას ემსახურება ეს ხელოვნური ინტელექტი, რით არის გამორჩეული? როგორ ფიქრობ, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მომხმარებლისთვის?

- ბექ ბოტი ემსახურება მომხმარებლისთვის ინტერნეტის გამოყენების გააადვილებას. გამორჩეულია სხვა ბოტებისგან ბევრი რამით, მაგალითად: ტურისტული სერვისით, გუგლის მოთხოვნადი საიტების საძიებო სისტემით, პარამეტრების ფუნქციით და სხვა. ბექ ბოტის გამოყენება შეუძლია ყველა ფეისბუქის მომხმარებელს.

- ახალი ფუქნციები ემატება? ბექ ბოტი ჰგავს სხვა ხელოვნურ ინტელექტუალურ თამაშებს?

- ახალი ფუნქციები ემატება დროთა განმავლობაში. ეს არ არის სათამაშო პლატფორმა, იგი არის შემეცნებითი და გასართობი. არ ჰგავს სხვა ბოტებს, მისი თითოეული ფუნქცია განსაკუთრებულია.

mshoblebi

- წარმატებული მოსწავლე ხარ. აშაკარაა, რომ ტექნიკური საგნები მოგწონს, სკოლაში სხვა საგნებს როგორ სწავლობ?

- ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვავლინო ჩემი თავი ყველა საგანში, ყველაფერში ერთნაირი აკადემიური მოსწრება მაქვს, თუმცა გამოვარჩევდი ისტორიას და ინგლისურს.

- შენი აზრით, როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი? რა უნარებს უნდა ფლობდეს?

- პირველ რიგში უნდა იყოს თავისი საქმის პროფესიონალი და უნდა უყვარდეს მოსწავლეები, სიმართლე გითხრათ, მე ამ კუთხით გამიმართლა და არ მესმის ტერმინი „ცუდი მასწავლებელი“ რას ნიშნავს. ეს სფერო მხოლოდ მოსწავლის კუთხით არ მაქვს დანახული, რადგან ბავშობიდან ვესწრებოდი დედაჩემის ლექციებს.

- სწავლას რა დროს უთმობ?

- საჭიროების მიხედვით ვანაწილებ დროს.

- სამომავლოდ რას აპირებ? რა მიმართულებაზე გსურს სწავლის გაგრძელება?

- სამომავლოდ ორი პროფესიისკენ მიჭირავს თვალი, იურიდიული ყველა ვარიანტში და ჟურნალისტიკა ან პროგრამირება.

რუსკა კილასონია