პოლონელი ექიმი, პედიატრი მარია ლიპკა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და საქმიანობს, საქართველოში ბავშვთა მკურნალობის პრაქტიკას ეხმაურება, კერძოდ კი ინტრავენურ გადასხმას, რომელსაც, ექიმის აზრით, იმაზე ხშირად იყენებენ ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე საჭიროა.:
- შვებულებაში სამსახურს ბოლომდე ვერასდროს ვტოვებ, ბავშვების პრობლემებზე სულ მიწევს ფიქრი. საქართველოში ჩამოსვლამდე, რამდენიმე ქვეყნის, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში, საავადმყოფოში ვმუშაობდი. შემიძლია გითხრათ, საქართველოში პაციენტების მხრიდანაც განსაკუთრებით მაღალია ინტრავენური გადასხმის მოთხოვნა და ექიმებიც ზედმეტად ხშირად ნიშნავენ მას.
რატომღაც "გადასხმა" ეფექტური მკურნალობის ერთ-ერთ მაჩვენებლად ითვლება, მაგრამ არის კი საჭირო, ყველა პაციენტს ამ გზით ვუმკურნალოთ? საბედნიეროდ, უმრავლესობას ეს ნამდვილად არ სჭირდება.
ჩვეულებრივ, ჯანმრთელი ბავშვებისთვის, რომლებსაც საშუალო სიმძიმის დაავადებები აღენიშნებათ, გადასხმის გაკეთების ერთადერთი მიზეზი არის გაუწყლოება.
შევეცდები, მარტივად ავხსნა, რას ნიშნავს ეს:
გაუწყლოება, ანუ დეჰიდრატაცია - ეს არის მდგომარეობა, როცა იმაზე ნაკლები წყალი მიეწოდება ორგანიზმს, ვიდრე საჭიროა ან როდესაც მას ორგანიზმი კარგავს. ეს შეიძლება მოხდეს ღებინების, დიარეის, მაღალი გარეთა ტემპერატურის დროს და ასევე ჩვილებში, როდესაც დედა რაიმე მიზეზით ძუძუთი ვერ კვებავს ან ვერ აძლევს სათანადო სითხეებსა და საკვებს.
რა თქმა უნდა, არსებობს სხვა სიტუაციებიც, თუმცა ეს სახელმძღვანელო არ არის. მინდა განვმარტო: როდესაც ბავშვს დიარეა აქვს, მაგრამ ის შესაბამისად სვამს წყალს, რძეს, კარგად იკვებება, თუ ავადობა დროში ძალიან არ გახანგრძლივდა და ეპიზოდებიც ძალიან ხშირ-ხშირი არ არის, გადასხმა არ გჭირდებათ. საჭიროა მხოლოდ ყურადღებიანი მშობელი, რომელიც საკუთარ შვილს შეახსენებს სითხის მიღებას და შესაბამის მონიტორინგსაც გაუწევს. ღებინების დროს, რა თქმა უნდა, უფრო რთულია. ამ დროს, მას მცირე რაოდენობით, მაგალითად კოვზით უნდა მისცეთ სითხე. თუ თქვენ მას მოსთხოვთ რამდენჯერმე ნახევარი ჭიქა რძის დალევას, მაშინ დაუყოვნებლივ ამოიღებს უკან. ამიტომ, ყოველ 10-10 წუთში შეგიძლიათ დაალევინოთ სითხე, ჩვილს კი დედის რძე მცირე მოცულობით. ეს, რა თქმა უნდა, რთულია, რადგან, ბავშვი ხშირ შემთხვევაში, უარს ამბობს სითხეების მიღებაზე, ტირის და ჭირვეულობს. გადასხმა კი სწრაფად მოაგვარებს ამ პრობლემებს, მაგრამ ეს გამოსავალი სწორი არაა.
იმ ფლაკონში, რომელიც გადასხმის სისტემაში დგას და ასე სერიოზული მკურნალობის შთაბეჭდილებას უქმნის ბებიებს და დეიდებს, სინამდვილეში მარილიანი წყალი ასხია, იშვიათად - ტკბილი. სულ ეს არის. სამაგიეროდ, საავადმყოფოა დიდი სტრესი ბავშვისთვის, რომელმაც შეიძლება ექიმების მიმართ შიში ჩამოუყალიბოს, გამოიწვიოს ძილის დაქვეითება და ქცევის დარღვევები.
მოდით, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი შვილები ამ სტრესისგან. მე, რა თქმა უნდა, არ მოვუწოდებ მათ თვითმკურნალობისკენ. თუ ბავშვი პატარაა და, ზოგადად, მდგომარეობა რთულია, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
მაგრამ, ნუ მიწყენენ კოლეგები, ცუდი პრაქტიკაა, როცა საავადმყოფოში იმაზე ხშირად გზავნიან ბავშვებს, ვიდრე ეს საჭიროა და იმაზე მეტ გადასხმას აკეთებენ, ვიდრე აუცილებელია.