დაურიგდებათ თუ არა საახალწლოდ ბავშვებს საჩუქრები ბაღში ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ბაღებში სადღესასწაულო სამზადისი დაიწყო. ბავშვები კარნავალისთვის, ნაძვის ხის ზეიმისთვის აქტიურად ემზადებიან და თოვლის ბაბუისგან საჩუქრებსაც ელოდებიან. საახალწლოდ ბაღების თითოეული აღსაზრდელი თბილისის მერიისგან სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს, ამის შესახებ Mshoblebi.ge-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე ესაუბრა.
- მინდა გითხრათ, რომ თბილისის ყველა ბაღში გაიმართება საახალწლო ღონისძიებები, სადაც ჩვენი ჩართულობა არის მნიშვნელოვანი და მაქსიმალური. კერძოდ, საახალწლო ნობათების ტენდერი დასრულდა და ყველა ბავშვს, ყველა აღსაზრდელს გადაეცემა საახალწლო ნობათი, ტკბილეული, არაგენმოდიფიცირებული პროდუქტი. ასევე ბაღებს ჩვენ ვუფინანსებთ თოვლის ბაბუის გამოძახების სერვისს. თითოეულ ბაღს საშუალოდ 1000 ლარის დაფინანსება ეძლევა. შესაბამისად, მოვუწოდებ ყველა ბაღის თანამშრომელს და კატეგორიულად მივმართავ მათ, რომ არ განხორციელდეს თანხის აკრეფა ბაღებში. ასევე მოვუწოდებ მშობლებს, მაქსიმალურად იყვნენ ჩვენთან კონტაქტზე, რათა აღვკვეთოთ მსგავსი ფაქტები. ეს არის მანკიერი პრაქტიკა და უკანონო შემოსავალი.
- აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას. როგორც აღვნიშნე, ეს არის უკანონო შემოსავალი და დაუყოვნებლივ ვაცნობებთ სამართალდამცავ ორგანოებს.
- თბილისის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 28 დეკემბერს დაიწყება და 13 იანვარს დასრულდება, 14 იანვარი უკვე სასწავლო დღეა.
მერი ბლიაძე