ალბათ ყველა ბებია-პაპისთვის შვილიშვილებთან ერთად დროის გატარება, დიდი სიამოვნებაა. თუმცა აღმოჩნდა, რომ შვილიშვილებზე ზრუნვით თურმე ხანდაზმული ადამიანები სიცოცხლესაც იხანგრძლივებენ და ჯანმრთელობასაც იუმჯობესებენ.
ჟურნალში Evolution and Human Behavior გამოქვეყნდა კვლევის შედეგი, რომლის დროსაც 70 წელზე უფროსი, გერმანიაში მცხოვრები 500 ადამიანის მონაცემები გამოიკვლიეს. კვლევის შედეგების მიხედვით, ის ხანდაზმულები, რომლებიც შვილიშვილების მოვლაში ეხმარებოდნენ შვილებს, გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და სიკვდილის თუ სერიოზული დაავადებების ნაკლები რისკი აღმოაჩნდათ უახლოესი 20 წლის განმავლობაში, ვიდრე სხვა ხანდაზმულები, რომლებსაც არ ჰქონდათ ეს გამოცდილება.
დასკვნა ასეთია - შვილიშვილებს მოუარე და დიდხანს იცოცხლებ.
თანაც, მეცნიერების თქმით, ამ შემთხვევაში საუბარია არა უბრალოდ ბავშვების მეთვალყურეობაზე, არამედ მეურვეობაზე, აღზრდაზე - როცა ფიზიკურად და გონებრივად არიან ჩართულები ხანდაზმულები ბავშვების აღზრდის პროცესში და ძიძების ფუნქციებს ითავსებენ.
ექიმი რონან ფაქტორა ამბობს, რომ პირდაპირი კავშირია ბავშვებზე ზრუნვასა და სტრესის დონის შემცირებას შორის. ხანდაზმულებისთვის ასაკით პატარა ადამიანებთან ურთიერთობა მხოლოდ დადებითის მომტანი შეიძლება იყოს. ისინი ფიზიკურ მხნეობასაც ინარჩუნებენ, აქტიურ მდგომარეობაში არიან და ბევრი მათგანი გონებრივადაც აქტიურადაა ჩართული - უკითხავს, ხსნის, ასწავლის და ა.შ., რაც ასევე დადებითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე.
ასე რომ, ბებიებო და ბაბუებო, აქტიურად ჩაერთეთ ბავშვების აღზრდის პროცესში, ეთამაშეთ, ისწავლეთ მათთან ერთად და გაერთეთ, გაიხანგრძლივეთ ცხოვრება.