ყოველდღიური ბანაობისას საპონი არ უნდა გამოიყენოთ რა თქმა უნდა, ახალშობილისა და 6 წლის ბავშვის ბანაობის რეჟიმი ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება, აღარაფერს ვამბობთ მოზარდზე. ასევე განსხვავებულია რეჟიმი ზაფხულის სიცხესა და ზამთრის სიცივეში. თუმცა საინტერესოა, როგორია ზოგადი რეკომენდაციები - რა სიხშირით უნდა ვაბანაოთ ბავშვები სხვადასხვა ასაკში?
რა სიხშირით უნდა აბანაოთ ახალშობილი?
ყოველდღე (თუ სათანადო პირობები გაქვთ და თუ არ არის ბავშვის გაციებს საშიშროება). ეს პედიატრების რეკომენდაციაა. წყალი ხომ მხოლოდ გასუფთავების საშუალება არ არის ახალშობილისთვის, რომელიც ხშირად შარდავს და მთელ დღეს საფენებში ატარებს. წყალი მისთვის მოდუნების, კოლიკის შემსუბუქების, სიამოვნებისა და დამამშვიდებელი საშუალებაა.
ყოველდღიური ბანაობისას ტანის საპონი ან შამპუნი არ უნდა გამოიყენოთ - დასაბანი საშუალებები კვირაში ორ-სამჯერ საკმარისია.
სკოლამდელი ასაკის ბავშვი
ამ ასაკში ბავშვი თავადაც ირჩევს, როდის უნდა ბანაობა. ზოგს ყოველდღე მოსწონს და ამაზე უარის თქმა არ ღირს. ამ ასაკის ბავშვებს სათამაშოებთან ერთად ჭყუმპალაობა მოსწონთ. ტანის საპნის გამოყენება ყოველდღე არც მათთვის შეიძლება - ორ დღეში ერთხელ საკმარისია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება კანის სიმშრალე გამოიწვიოს.
თუ მგრძნობიარე კანი აქვს, აბაზანაში ბავშვის ზეთი ჩაამატეთ.
სკოლის მოწავლე
უმცროსკლასელები უკვე დამოუკიდებლად დგანან შხაპის ქვეშ და ეს პროცესი მოსწონთ კიდეც. შხაპს რომ უკეთ შეეჩვიოს და მალევე შეძლოს დამოუკიდებლად ბანაობა, აუხსენით, როგორ ისარგებლოს ამით - როგორ დაიჭიროს თავი, როგორ დადგეს შხაპის ქვეშ, როგორ წაისვას საპონი... ზოგიერთი ბავშვი უკვე მშობლის თანდასწრებით ბანაობაზე უარს აცხადებს, ამიტომ ჯობია ყველაფერს თავადაც ართმევდეს თავს.
ყოველდღე დაბანთ თუ დღეგამოშვებით, თქვენი გადასაწყვეტია. საერთოდ, უკეთესია ყოველდღიურ ჰიგიენას შეაჩვიოთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სპორტის ან ცეკვის მერე ბანაობა აუცილებელია.
გოგონები თანდათან თმის ბალზამებს, კრემებს და სურნელოვან საშუალებებს მიმართავენ - ეს მომავალი ქალისთვის კარგი ჩვევაა. ხელი შეუწყვეთ ასეთ სურვილებს და მისი კოსმეტიკის გამდიდრებაზეც იზრუნეთ.
კოსმეტიკა არც ბიჭებს აწყენთ - რაც უფრო მოვლილი კანი ექნებათ ბავშვობიდან, მით უფრო ნაკლებად შეაწუხებთ მოზარდობისას კანზე გამონაყარი.
თუმცა გადამეტება აქაც არ შეიძლება - ზედმეტი კოსმეტიკა და ანტისეპტიკური საშუალებების ზედმეტად გამოყენება ბავშვის კანს აშრობს და მედიკოსების დასკვნით, სხვადასხვა ალერგიების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზიც არის. ასე რომ, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.
ასევე იხილეთ: როცა ბავშვი ბანაობისას ტირის - როგორ დავაძლევინოთ წყლის შიში?