ტოქსიკოლოგის რჩევები წელს თბილისის ტერიტორიაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ უკვე 244 გველი დაიჭირა. ქალაქის თითქმის ყველა უბანში თითქმის ერთიდაიგივე რაოდენობის გამოძახებები ფიქსირდება, თუმცა ქვეწარმავლების გამოჩენა ძირითადად, მაინც გარეუბნებში ხდება.
"განსხვავება იმ კუთხით არის რომ ზოგან შხამიანი გველები გვხვდება, ზოგან არა. ზონები, სადაც შხამიანი გველი, გიურზა გვხვდება არის მაგალითად, ორთაჭალა, კრწანისი, ფონიჭალა, აფრიკა, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, რომელთა ბუნებრივ არეალში აღნიშნული ქვეწარმავლებია გავრცელებული. სწორედ ამიტომ ამ ქვეწარმავლის გადმოსვლა დასახლებულ პუნქტებში ხდება ხოლმე. სხვა უბნებში შხამიანი გველები არ გვხვდება, მაგრამ ქვეწარმავლების პრობლემა ნამდვილად დგას და გამოძახებებიც ხშირია ამ კუთხით",- განმარტა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა.
ვინაიდან არავინაა დაზღვეული ქვეწარმავლების თავდასხმისგან, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ გველის ნაკბენის შემთხვევაში და რა მოვიმოქმედოთ მანამ, სანამ კლინიკაში მივალთ?
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტოქსიკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ბეჟანიშვილი.
- გველის კბენის შემთხვევაში, კლინიკაში მიყვანამდე პაციენტმა სასურველია მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, ანტიჰისტამინური და სტეროიდული საშუალებები. ხოლო ძლიერი ტკივილის დროს ანალგეზიური საშუალებების მიღებაა რეკომენდებული. ამ ღონისძიებების მიღების შემდეგ, გართულებებისა და ლეტალობის თავიდან აცილების მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სწრაფი ჰოსპიტალიზება სპეციალიზირებულ კლინიკაში.
– რა არ უნდა მოვიმოქმედოთ გველის ნაკბენის დროს?
– გველის შხამი ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა გართულებას, მათ შორის ყველაზე მძიმე გართულებაა თრომბოჰემორაგიული სინდრომი. შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთში იწყება მკვეთრი და ძლიერი ტკივილი, თუმცა ზოგჯერ ტკივილის ინტენსივობა შეიძლება უფრო სუსტი იყოს. ნაკბენის ადგილას ნათლად ჩანს ერთი ან ორი კბილის კვალი. ადგილობრივად ინტოქსიკაცია გამოვლინდება შეშუპებითა და ერითემით, ჩნდება სისხლჩაქცევები და ჰემორაგიული სითხით სავსე ბუშტუკები. ნებისმიერი შხამი, რომელიც ხვდება ჩვენს ორგანიზმში, ბუნებრივია, საშიშროებას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, როგორც ასაკი, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, მაგალითად, ქრონიკული დაავადებების დროს რისკი იზრდება, ანამნეზში ალერგიის არსებობა. გართულებების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია დაგესვლის შემთხვევაში პაციენტმა რაც შეიძლება სწრაფად მიმართოს კლინიკას.
– აქვს თუ არა მნიშვნელობა კბენის ადგილს?
– მნიშვნელოვანია ნაკბენი ადგილის ლოკალიზება და დაზიანების სიღრმე. განსაკუთრებით საშიშია კისერი და სახე.