ცნობილი ადვოკატის პასუხები საინტერესი შეკითხვებზე საკმაოდ დიდია ჩვენი მკითხველის ინტერესი გარკვეული იურიდიული საკითხების მიმართ, მაგალითად, როგორიცაა განქორწინება, ალიმენტის დაწესება, შვილად აყვანა. ამ თემებზე სასაუბროდ ცნობილ იურისტ მარიამ კუბლაშვილს მივმართეთ. ამჯერად მარიამი შვილად აყვანისთვის საჭირო პროცედურებზე გვესაუბრება, რომელიც ხშირად ძალიან ბევრ წინააღმდეგობას უქმნის შვილად აყვანის მსურველებს.
- რა არის საჭირო შვილად აყვანისთვის? ანუ, რა შემთხვევაში აქვს წყვილს შვილის აყვანის უფლება?
- მეუღლეებს შეუძლიათ ბავშვი ერთად, შეთანხმებით იშვილონ. შვილად აყვანა არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისთვის დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსალოდნელია მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილებს შორის. მშვილებელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და აღრიცხულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრში. შვილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
- პროცედურულად იქნებ აგვიხსნათ, რა ეტაპები უნდა გაიაროს ადამიანმა, ვის ან რომელ ორგანოს უნდა მიმართოს შვილის აყვანის თაობაზე?
- შვილად აყვანის მსურველმა პირმა (პირებმა) ბავშვის შვილად აყვანისთვის უნდა გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში, რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. რეგისტრაციითვის საჭიროა ბავშვის შვილად აყვანის მსურველ პირთა განცხადების ფორმის შევსება და წარდგენა სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში. განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
- შეუძლია თუ არა, მაგალითად მარტოხელა ქალს ან მამაკაცს აიყვანოს შვილი? რა პროცედურებთანაა ეს დაკავშირებული?
- შეუძლია, რადგან მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. კერძოდ, მშვილებელი არ შეიძლება იყოს ის ვისაც, ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი პირი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო.
ასევე მშვილებელი არ შეიძლება იყოს ის, ვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული აქვს მშობლის უფლება-მოვალეობები მშობლის უფლებების განუხორციელებლობისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად განხორციელების გამო. პირი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია მშობლის მოვალეობათა ჯეროვნად შესრულება. პირი, რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლეობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პირი, რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლეობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. - თუ წყვილს ჰყავს აყვანილი შვილი, განქორწინებისას როგორ წყდება საკითხი, ისევე როგორც ბოილოგიური შვილის ყოლის შემთხვევაში?
- რა თქმა უნდა, თუ წყვილს აყვანილი ჰყავს შვილი, განქორწინების შემთხვევაში ისევე წყდება ნაშვილები ბავშვის საკითხი, როგორც ბიოლოგიური ბავშვის საკითხი, რადგან მათ შორის წარმოიშვება ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ეს ბიოლოგიურ შვილებსა და მშობლებს შორის არსებობს.
ციცი ომანიძე