მე-12 კლასელი კომაროველი გენიოსი, რომელიც უკვე მასწავლებელია - როგორ ცხოვრობს ქართველი ბიჭი, რომლის ნიჭიც მსოფლიომ აღიარა - მშობლები

მე-12 კლასელი კომაროველი გენიოსი, რომელიც უკვე მასწავლებელია - როგორ ცხოვრობს ქართველი ბიჭი, რომლის ნიჭიც მსოფლიომ აღიარა

2019-10-26 10:38:43+04:00

კომაროვის სკოლა-პანსიონის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკა ბირკაძე, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს, რაც ქართველი მოზარდის უდიდესი აღიარებაა. ასეთ ტიტულს მხოლოდ ის მოსწავლეები იღებენ, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2 ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული. ქართველი გენიოსი კი, ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლის მფლობელია.

მე-12 კლასელი ნიკა უკვე სხვებსაც უზიარებს თავის ცოდნას. ის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“ მასწავლებელია. ნიკას ორი წლით უფროსი ძმა, საბაც წარმატებულია და განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. საბასაც კომაროვის სკოლა აქვს დამთავრებული. ახლა კი, სან დიეგოს უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია და ბიოქიმიას სწავლობს.

mshoblebi

ნიკა თავდაპირველად პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდა, მეშვიდე კლასიდან კი, განათლების მიღება კომაროვის სკოლაში გააგრძელა.

Mshoblebi.ge ნიკა ბირკაძის დედას, ლელა ნონიაშვილს ესაუბრა, რომელმაც ნიკას შესახებ საინტერესო დეტალები გაგვიმხილა. ქალბატონი ლელა გვეუბნება, რომ ნიკას არ უყვარს თავის წარმოჩენა და ამის გამო, ინტერვიუებზე ყოველთვის უარს ამბობს:

- თავიდანვე ძალიან ნიჭიერი იყო. სკოლაში მივიდა თუ არა, იმ დღიდანვე გამორჩეული იყო, განსაკუთრებით მათემატიკაში. რომ გითხრათ, თავს იკლავს მეცადინეობით-თქო, არა, ასე არ არის. ვეუბნები, კიდევ კარგი, ნიჭიერი ხარ-მეთქი. როცა მათემატიკურ კონკურსებში დავიწყეთ გამოსვლა, მესამე კლასში იყო და სულ წარმატებები ჰქონდა. მერე კომაროვის სკოლაში გადავიდა. ამის გარდა, დადიოდა, ახლაც დადის და პლუს ასწავლის საონფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“. სწორედ იქ დაინტერესდა ინფორმატიკით. წელს მიიწვიეს მასწავლებლად. ცენტრს ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა აქვს. ატარებენ კონკურსს და წარმატებულ ბავშვებს იწვევენ. ჩვენც კონკურსის შემდეგ მიგვიწვიეს. ნიკა მეექვსე კლასიდან დადის მანდ და წელს უკვე სთხოვეს, რომ იქნებ ერთი გაკვეთილი ინფორმატიკაში, პროგრამირებაში ჩაატაროო, დაეთანხმა ესეც და კვირაში ერთ გაკვეთილს ატარებს. ასე რომ, მასწავლებელიც გახდა.

mshoblebi

ფოტოზე - ნიკა მასწავლებლის ამპლუაში

- როდესაც საერთაშორისო ოლიმპიადებში წარმატებებს მიაღწია, დიდების დარბაზში შეიყვანეს, თვითონ რა რეაქცია ჰქონდა, შეიცვალა მასში რაიმე?

- რაღაცნაირი ბავშვია, რეაქციებს ნაკლებად გამოხატავს. ემოციების გამოვლენა მაინცდამაინც არ იცის ხოლმე. ვერ შეატყობ ვერაფერს. არ უყვარს გამოჩენა, ინტერვიუზე ვინც დაურეკა, ყველას უარი უთხრა. ვეუბნები, რომ უხერხულია, მაგრამ ნუ არ უყვარს გამოჩენა, თავის წარმოჩენა, ყველა ჟურნალისტი უარით გაისტუმრა.

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვი წარმატებული იყოს, როგორ უნდა მივცეთ მის ნიჭს სწორი განვითარება?

- მიმართულებას ყოველთვის ვაძლევდი. ვიცოდი, ორივეს მათემატიკის ნიჭი ჰქონდა. თავიდან ძალიან გამიპროტესტეს კომაროვში გადასვლა. მოგეხსენებათ, არ უყვართ ბავშვებს სკოლის შეცვლა. ამბობდნენ, არ გადავალთო, მაგრამ მერე ორივე ძალიან დიდ მადლობას მიხდიდა, რომ გადავიყვანე. მშობელმა უნდა იცოდეს, რა მოსწონს მის შვილს, რა ინტერესი აქვს და მისცეს ამის მიხედვით მიმართულება. მე ორივეს შემთხვევაში ზუსტად გამოვიცანი. გამიმართლა ამაში. ნიკა თავისებური ბავშვია, რაღაცებს ვეხვეწები, ასე ქენი, ისე ქენი, რაც გაიზარდა, ისე აღარ მიჯერებს, როგორც ადრე.

mshoblebi

არ არის აქტიური ბავშვი. ისევ გავიმეორებ, სულ ვეუბნები, კიდევ კარგი, რომ გაქვს ეს ნიჭი და თავისთავად გამოამჟღავნე ცოდნა-მეთქი. თვითონ რომ რამე ეძებოს, რაღაცები სცადოს, ასეთი არ არის. ყველაფერი თავისთავად მოხდა. რადგან ასეთია, თვითონ იწვევენ ახლა და თავისით მოიტანა ამ წარმატებებმა მისით დაინტერესება.

mshoblebi

- როგორი იყო ბავშვობაში, უყვარდა თამაში, თუ მხოლოდ წიგნებით ინტერესდებოდა? - ჩვეულებრივი ბავშვი იყო, არაფრით გამორჩეული. მასაც, სხვა ბავშვების მსგავსად, უყვარდა თამაში. ახლაც უყვარს გართობა, მეგობრებთან წასვლა და ასე ვთქვათ, გადახვევა. ბავშვობაშიც ეგეთი იყო. ძალიან ქება გამომდის ახლა, მაგრამ მართლა იმდენად მცირე დროში ახერხებდა მეცადინეობას, საკმაოდ დიდი დრო რჩებოდა. დატვირთული არ მყავდა. ძალიან არასპორტული შვილები მყავს. ვერანაირი სპორტით ვერ დავაინტერესე და ამაზე გული მწყდება. სხვა არაფრით არ იყვნენ დაკავებულები, სკოლაში და შემდეგ საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში დადიოდნენ.

- თუ აქვს მათემატიკის და ინფორმატიკის გარდა სხვა ინტერესები?

- ორივე ძმას ხატვა უყვარს და საკმაოდ კარგად ხატავენ. მეგობრებთან ერთად გართობა უყვართ, ცხადია. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე სხვა საგნით იყოს განსაკუთრებულად დაინტერესებული.

mshoblebi

- რამდენად დიდი როლი აქვთ ნიკას წარმატებაში სკოლასა და მასწავლებლებს? - სკოლამ ძალიან დიდი როლი ითამაშა. კომაროვში ყველა საგანში არის უფასო გაძლიერებული წრეები. შეგიძლია რა საგანსაც აირჩევ, იმ საგანში დამატებით იმეცადინო, კვირაში ორი ან სამი საათი. ნიკამ აირჩია მათემატიკა. ასევე, ყოველთვის აღვნიშნავ საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის როლსაც. არ გამიკონტროლებია, რას და როგორ მეცადინეობდა, ამიტომაც, ცხადია, კარგი პედაგოგების დამსახურებაც არის.

mshoblebi

- ნიკა მე-12 კლასშია, რა პროფესიის არჩევას აპირებს, რა გეგმები აქვს სკოლის დამთავრების შემდეგ?

- ამ საკითხზე სერიოზული განხილვები გვაქვს. ამერიკაში, მასაჩუსეთსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მათემატიკის განხრით სურს სწავლა, მაგრამ ამასაც წელავს. თვითონ უნდა მისწეროს, გააქტიურდეს, დაფინანსება მიიღოს. გადაწყვიტა, რომ ერთი წელი არ წავა. თუ მივიღებთ დაფინანსებას, შემდეგ წავა, თუ არადა, აქ ალბათ „თავისუფალ უნივერსიტეტში“ ჩააბარებს მათემატიკისა და ინფორმატიკის მიმართულებით. ჯერჯერობით ასეთი გეგმები გვაქვს.

ხატია ვარდოსანიძე

alt"მასწავლებელმა იმ ბავშვს უნდა მიაქციოს ყურადღება, ვინც მცდარი პასუხი გასცა" - კომაროვის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი