ორგანიზაცია „გენი ქართულის“ დამფუძნებელი ნინო ალფაიძე-მენაბდე 12 შვილის დედა და 11 შვილიშვილის ბებიაა. მისი ცხოვრების გზა საკმაოდ რთული, მაგრამ ამავე დროს სიყვარულით და იმედით სავსე იყო. ქალბატონი ნინო მამა ბესარიონ მენაბდის მეუღლე გახლავთ. ფოფოდიას სტატუსი მისთვის ძალიან საპასუხისმგებლოა, რასაც დიდი წარმატებით ართმევს თავს. გაიცანით მენაბდეების საოცარი და მრავალრიცხოვანი ოჯახი.
- შვილები მთელი ჩემი ცხოვრების აზრია. უდიდესი პასუხისმგებლობაა, როცა ხარ მრავალშვილიანი დედა. 36 წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე დავოჯახდით. მეზობლები ვიყავით, გვერდიგვერდ სადარბაზოებში ვცხოვრობდით. ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ. ჩემი მეუღლე იყო არქიტექტორი. ძველი თბილისის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის სახელოსნოში მუშაობდა, გიგა ბათიაშვილთან. იმდენად შეერწყა იმ გარემოს, ისტორიულ თბილისს, ალბათ აქედან მოხდა მისი დაკავშირება ეკლესიასთან. უკვე ოთხი შვილი გვყავდა, როცა უწმინდესმა მღვდლად აკურთხა. მანამდე სტიქაროსანი იყო.
- სანამ დაოჯახდებოდით, მანამდე თუ გიფიქრიათ ბევრ შვილზე?
- მანამდე არასოდეს მიფიქრია, თუ ამდენი შვილი მეყოლებოდა. არც ეკლესიურად ვცხოვრობდით. ამ მხრივ ჩემში გარდატეხა მეორე შვილის დაბადების შემდეგ მოხდა. დღენაკლული დაიბადა. იმდენად უძლური აღმოჩნდა მედიცინა, რომ ექიმები იმედს არ გვაძლევდნენ. ყველა გვეუბნებოდა, რომ ბავშვმა თვითონ უნდა დაძლიოსო. მაშინ მივედი ღმერთის აღიარებამდე. მივხვდი, რომ ეს იქნებოდა მხოლოდ ღვთის შეწევნა. დღეს ის უკვე ხუთი შვილის მამაა. სწორედ ეს გახდა ჩემთვის ბიძგის მომცემი, რამაც შემიცვალა ცხოვრების სტილი და მისდამი დამოკიდებულება. რადგან ღმერთმა ასეთი წყალობა მოგვმადლა, შვილი შეგვინარჩუნა, სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეუღლემ, ყველა შვილი გაგვეჩინა, რამდენსაც უფალი მოგვცემდა.

- როცა თქვენი მეუღლე აკურთხეს, რამდენად მომზადებული შეხვდით მის კურთხევას? რთული არ იყო ფოფოდიას სტატუსი?
- როგორც გითხარით, ფოფოდია, როცა გავხდი, უკვე ოთხი შვილი მყავდა. ეკლესიური ცხოვრება კი მეორე შვილის დაბადების შემდეგ დავიწყე. ეკლესიური ცხოვრება და ფოფოდიობა იმდენად ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ საერთოდ არ გამიჭირდა. უბრალოდ ფოფოდიობა უფრო თვალსაჩინოა. საზოგადოება მეტად გაკვირდება. ამ დროს შენი მანერა, ცხოვრების სტილი უფრო შესამჩნევია. პასუხისმგებლობა ღვთის და ჩემი მეუღლის წინაშე უფრო მეტი მაქვს.
- საკმაოდ წარმატებული შვილები გყავთ. რას საქმიანობენ და როგორ ცხოვრობენ დღეს?
- სამი უფროსი შვილი დაქორწინებულია და მათგან 11 შვილიშვილი გვყავს. მყავს ასევე სტუდენტი შვილები, სამი კი მოსწავლეა. უფროსი შვილი, ვენენო 36 წლისაა, მასწავლებელია. ყველაზე პატარა კი - ათის, მეხუთე კლასში დადის. უფროსი შვილები უკვე დამოუკიდებლად ცხოვრობენ. სტუდენტებიც უკვე მუშაობენ.
ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს მათთან. ისნი არიან ჩემი მრჩეველები. დღეს ურთიერთობები და ცხოვრების სტილი შეიცვალა. ბავშვებიც შეიცვალნენ, დაჩქარდა ყველაფერი. მე უკვე ისეთ ასაკში ვარ, რომ ათი წლის ბავშვთან შესაძლოა გამიჭირდეს ურთიერთობა. ამიტომ ჩემს უფროს შვილებს ვეკითხები რჩევას, ისინი ავტორიტეტები არიან ჩემთვის. მე ვენდობი მათ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მათი შეფასება.

- როგორც აღნიშნეთ, 11 შვილიშვილი გყავთ. ახერხებთ, რომ მათთვისაც გამონახოთ სასურველი დრო?
- ძალიან ძნელია ყველასთვის სასურველი დროის გამონახვა, ამიტომ სულ მონატრებაში ვარ. ჩემმა შვილებმაც იციან ჩემი ცხოვრების წესი და ვგრძნობ, რომ მარიდებენ გარკვეულ ვალდებულებებს. რაც შემიძლია ვაკეთებ, ისინიც ხვდებიან ჩემი შესაძლებლობების ზღვარს. სულ ერთმანეთის მონატრება გვაქვს და მათი თითოეული სიტყვა სიცოცხლის მომმატებელია. 9 ნოემბერს მქონდა დაბადების დღე და შევიკრიბეთ ოჯახი. შვილები, სიძეები, შვილიშვილები, სულ 27 ადამიანი ვართ ოჯახში. მე და ჩემი მეუღლე ყველას ერთად რომ ვხედავთ, თან გაოცებულები ვართ, თან ბედნიერები, ნუთუ ეს მართლა ჩვენები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ასე ვიღლები ფიზიკურად, ეს მე მაძლიერებს და სულიერ მხნეობას მმატებს. სულ ვფიქრობ, რომ ამისთვის ღირდა ცხოვრება და იმ ყველაფრის გადატანა, რაც გადავიტანეთ. რთული პერიოდი გამოვიარეთ, ბევრი რაღაც გვაკლდა, მაგრამ სიყვარულით და იმედით მოვედით დღემდე.
- მრავალშვილიანი დედებისთვის შექმენით ორგანიზაცია. რატომ გადაწყვიტეთ მისი შექმნა და რა არის ორგანიზაციის მიზანი?
- მადლობა ღმერთს, სერიოზული ძალა ვართ მრავალშვილიანი დედები. მამაოს მრევლში ძალიან ბევრი მრავალშვილიანი ოჯახია. ზოგადად, როგორი ცხოვრების წესიც აქვს მოძღვარს, ისეთივე აქვს მის მრევლს. ვერ უქადაგებ ადამიანებს, თუ ყველაფერი შენი და შენი ოჯახის მაგალითით არ უჩვენე.
ეს ორგანიზაცია დავაფუძნეთ მრავალშვილიანმა დედებმა და მიზნად დავისახეთ მრავალშვილიანობის პოპულარიზაცია.
ბოლო პერიოდში ძალიან გამიზნულად აკნინებენ მართლმადიდებლურ ფასეულობებს. სამწუხაროდ, მრავალშვილიანი ოჯახი გაიგივდა სოციალურად დაუცველთან. ტელევიზიებში გაკეთდა არაერთი სიუჟეტი და ბევრჯერ გაიჟღერა ფრაზამ, რატომ აჩენენ შვილებს, თუ არ შეუძლიათ რჩენა.
მიდის ისეთი ტენდენცია, რომ მრავალშვილიანობა არის შეზღუდვა, დატვირთვა და ა.შ. ეს არ არის სწორი მიდგომა. ამის გასაბათილებლად ხუთი წლის წინ შევქმენით ეს ორგანიზაცია. მე ვფიქრობ, რომ მიზნის მიღწევამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, თუმცა ასე თუ ისე წამოვიდა ისეთი თემები, როგორიცაა საქმიანი მრავალშვილიანი დედა. სამწუხაროდ, ტელევიზიები საერთოდ არ გვაქცევენ ყურადღებას, პირიქით, იგნორირებას გვიკეთებენ, რადგან ეს თემები არ არის მათთვის საინტერესო და მომგებიანი. ამის მიუხედავად ჩვენი შესაძლებლობებით მაინც ვახორციელებთ პატარ-პატარა პროექტებს. არის ორგანიზაციები, რომლებიც მხარს გვიჭერენ, რომ წარმოვაჩინოთ წარმატებული მრავალშვილიანი დედები, ოჯახები. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება სახელმწიფოსთანაც. საკანონმდებლო ინიციატივებით შევედით პარლამენტში. იყო ძალიან დიდი დაპირებები. მრავალშვილიან ოჯახს არ ჰქონდა სტატუსი და საბოლოო ჯამში მხოლოდ სტატუსი მოგვანიჭეს. სხვა დანარჩენი შეთავაზებების იგნორირება მოხდა და მხოლოდ ოთხი შვილიდან ენიჭება ოჯახს სტატუსი. სულ ეს იყო მთელი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. სამწუხაროდ, ყველა ინსტანციაში, სადაც მივედით, ყველგან ფიგურირებს სოციალურად დაუცველი სტატუსი და მრავალშვილიანს არანაირი წახალისება, ხელშეწყობა არ აქვს.

- რამდენი ოჯახია დარეგისტრირებული ორგანიზაციაში?
- ყოველი პროექტის შემდეგ გვემატებიან მხარდამჭერები და ჩვენს ორგანიზაციაში საქართველოს მასშტაბით უკვე 6 700 ოჯახია გაწევრიანებული. აქედან ბევრი როგორც ქართველი, ისე არაქართველი, მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ოჯახია. ჩვენ ჩვეულებრივი დედები ვართ და არანაირი ფინანსური საშუალება არ გვაქვს, რომ ფინანსური პროექტი გავაკეთოთ. ჩვენ უფრო სიტყვიერ თანადგომას ვუწევთ ერთმანეთს. თუმცა ვიმედოვნებ, რომ მალე ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.
მერი ბლიაძე
ასევე იხილეთ, ქალბატონი ნინოს უფროსი ქალიშვილის, დაწყებითი კლასების მასწავლებლის ვენენო მენაბდის ცნობილი წერილი
"შენ გმირი ხარ. ახლა მე მომეცი საშუალება, გმირად ვიქცე!" - ერთი კარგი მასწავლებლის ემოციური წერილი თავის მოსწავლეს