"სავარაუდოდ, სილამაზის სალონში დავინფიცირდი" - ვიდრე ორსულობას დაგეგმავთ, დაგეგმეთ სკრინინგი - მშობლები

"სავარაუდოდ, სილამაზის სალონში დავინფიცირდი" - ვიდრე ორსულობას დაგეგმავთ, დაგეგმეთ სკრინინგი

2019-11-20 15:23:12+04:00

ორსულის სავალდებულო გამოკვლევებში C ჰეპატიტზე სკრინინგიც იგულისხმება. ეს დაავადება არც ამ მდგომარეობაშია დედისა და ნაყოფისთვის განაჩენი. ამის შესახებ გვწერს ერთ-ერთი მკითხველი, რომლის გამოცდილებას შეიძლება ბევრს გამოადგეს.

მე ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, რომელიც ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული აღმოჩნდა. რატომ? იმიტომ, რომ სულზე მომისწრო C ჰეპატიტზე უფასოდ მკურნალობის პროგრამამ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გვიან ასაკში გავთხოვდი. საბედნიეროდ, პირველ შვილზე მალევე დავორსულდი, მაგრამ ჩემი ბედნიერება უცებ დაჩრდილა ცნობამ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ. სავალდებულო გამოკვლევების (რომელიც C ჰეპატიტზე სკრინინგსაც მოიცავდა) ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ აქტიური ინფექციის მატარებელი ვიყავი. თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა, პირველად გავიფიქრე, რა ეშველება ჩემს შვილს? ვაითუ გადავდო... ექიმებმა დამამშვიდეს, რომ ნაყოფზე დედისგან ინფექციის გადადების საფრთხე ყველაზე მინიმალური იყო. მერე გავიფიქრე, ღმერთო, საიდან შემხვდა, მე რატომ? იქნებ ჩემი ქმრიდან გადამედო, იქნებ მანაც არ იცის, რომ სჭირს, იქნებ მას არც სჭირდა და მე გადავდე. ნერვიულობისგან მართლა კინაღამ მოვკვდი. კიდევ კარგი, მეუღლე მახლდა, გარეთ მელოდებოდა და ექიმებმა დაუძახეს. მათ აუხსნეს რაც ხდებოდა, უთხრეს რისგან არსებობს C ჰეპატიტის გადადების საფრთხე და მასაც სთხოვეს სკრინინგის გაკეთება. მეუღლეს ვირუსი არ აღმოაჩნდა. იმდენად ჯანმრთელი კბილები მაქვს, სტომატოლოგი არასდროს არ დამჭირვებია. არც რაიმე ოპერაციული ჩარევის საჭიროება მქონია ოდესმე. არც სისხლი გადამისხამს, მაგრამ სულ სილამაზის სალონებში ვიყავი, ვიკეთებდი მანიკიურს, პედიკიურს, ეპილაციას ნემსით. სავარაუდოდ, რომელიმე პროცედურის დროს დავინფიცირდი.
mshoblebi
მთელმა ორსულობამ შიშის ქვეშ ჩაიარა. მეშინოდა, რომ ბავშვი ჯანმრთელი ვერ დაიბადებოდა. საბედნიეროდ, ჩემი შიში ამაო აღმოჩნდა. გავაჩინე ჯანმრთელი გოგონა, გამიმართლა. კიდევ უფრო გამიმართლა იმით, რომ უკვე ამოქმედებული იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მკურნალობაში დროულად ჩავერთე. სულ რაღაც სამ თვეში დასრულდა ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი კოშმარი. მე ჯანმრთელი ვარ. მე დავამარცხე საშინელი სენი. ვცდილობ წარსული არ გავიხსენო. არ გავიხსენო როგორ მეკითხებოდნენ სამსახურში ხასიათის შეცვლის მიზეზს, როგორ ვაბრალებდი ჩემს მუდმივ უხასიათობას და დეპრესიას ორსულობას, სინამდვილეში კი ყველაფერთან ერთად მეშინოდა, რომ სამსახურში რომ გაეგოთ, გამრიყავდნენ, უარს იტყოდნენ ჩემთან ერთად მუშაობაზე. უამრავმა ადამიანმა, ისევე, როგორც მე, ვიდრე განსაცდელის წინაშე არ დავდექი, არაფერი იცის ამ საშინელი სენის შესახებ და ჰგონიათ, რომ ხელის ჩამორთმევითაც გადადის, ან თუ იმავე სკამზე დაჯდება, რომელზეც შენ იჯექი, აუცილებლად დაინფიცირდება. ადამიანები გულგრილები ვართ, ვიდრე თვითონ არ დაგვატყდება განსაცდელი, სხვისი შებრალების და თანაგრძნობის უნარებშიც მოვისუსტებთ და არც საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრი გვაწუხებს დიდად. ყოველწლიურად ვიტარებდი სამედიცინო კვლევებს, პროფილაქტიკის მიზნით. მეგონა, რომ ჯანმრთელი ქალი ვიყავი და ამ დროს, თურმე ჩემს ორგანიზმში c ჰეპატიტი მძვინვარებდა. თუ სკრინინგს არ გავიკეთებთ, თურმე ვერასოდეს მივხვდებით გვჭირს თუ არა C. მე დღესაც მეშინია სახალხოდ თქმის, რომ C მქონდა. ჩემმა უახლოესმა ნათესავებმაც არ იციან. არც ჩემი შეგონება ესმით, რომ სკრინინგი გაიკეთონ. არადა, მეშინია გულწრფელად მოვყუვე მათ ჩემი ამბავი, მაინც გარიყვის მეშინია. ჩემს მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდეთ, ვიდრე ორსულობას დაგეგმავთ, დაგეგმეთ სკრინინგი.

ირა, 32 წლის.

რატომ უნდა გაიკეთო C ჰეპატიტის სკრინინგი დაუყოვნებლად?

იმიტომ, რომ C ჰეპატიტი ფარული დაავადებაა.

შესაძლოა, 20 წელიც კი ისე არსებობდეს ორგანიზმში, რომ ვერანაირი სიმპტომი ვერ იგრძნოთ, მაგრამ როდესაც დაავადება თავს იჩენს, უკვე დაგვიანებული იქნება. С ჰეპატიტის ნიშნებია ციროზი და ღვიძლის კიბო. ასეთ დროს, შესაძლოა მხოლოდ ვირუსისგან განიკურნოთ. ამიტომაც ნუ მიიყვანთ მდგომარეობას უმძიმეს შედეგამდე, ნუ დააყენებთ თქვენს ღვიძლს და შესაბამისად, თქვენს სიცოცხლეს სასიკვდილო დარტყმის ქვეშ.

mshoblebi

C ჰეპატიტის ვირუსი მხოლოდ სპეციალური ტესტის შედეგად დგინდება. სხვა, ვერცერთი ანალიზი ვერ დაგაეჭვებთ მის არსებობაში. ამიტომაც ნუ დაკარგავთ დროს და თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ. ჩაიტარეთ სკრინინგი.

საკმარისია სულ ცოტა, 15 წუთი. თითზე აბსოლუტურად უმტკივნეულო ჩხვლეტის შედეგად 15 წუთში მიიღებთ პასუხს დაავადებაზე, რომელიც გართულების შემთხვევაში კლავს. თუ გართულებამდე დაადგენთ მის არსებობას, სამთვიანი კურსით, დღეში მხოლოდ თითო აბის მიღებით სრულად განიკურნებით, თანაც ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე. თანამედროვე პრეპარატები სრულიად უმტკივნეულოდ და დისკომფორტის გარეშე კურნავენ. თქვენ არ მოგიწევთ სამსახურზე უარის თქმა, თქვენ არ მოგიწევთ ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლისგან, არადა, ეს ნამდვილად ღირს საიმისოდ, რომ ჯანმრთელი იყოთ და მეტი საქეიფო განწყობა გქონდეთ).

თუ სკრინინგის ანუ სწრაფი ტესტის შედეგად დაგიფიქსირდათ დადებითი პასუხი, ანუ სისხლში с ჰეპატიტის ანტისხეულების არსებობა, ნუ იღელვებთ, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ აქტიური ინფექცია გაქვთ. ზოგიერთ ორგანიზმს თვითგანკურნების უნარი ახასიათებს, მაგრამ არავინ იცის რომელს და როგორ. ამიტომაც, შესაძლოა, თქვენ გქონდათ C ჰეპატიტი, მაგრამ ორგანიზმი მოერია და განიკურნეთ. მიუხედავად ამისა, ანტისხეულები სისხლში რჩება, როგორც ნიშანი, რომ მავნე, ფარულმა, ვერაგმა სენმა მხოლოდ გაიარა.

თუ სწრაფი ტესტით ანტისხეულების არსებობა დაგიდგინდათ, ამის შემდეგ მოგიწევთ ღრმა ანუ კონფირმაციული კვლევის ჩატარება. არ იფიქროთ, რომ დიდი დრო დაგეხარჯებათ, რომ ძალიან ბევრი ფინანსური ხარჯი გექნებათ.

არანაირი ხარჯი!

არანაირი ფინანსური ვალდებულება!

არანაირი ხანგრძლივი ლოდინი ღრმა კვლევისა და მკურნალობის დასაწყებად.

ყველაფერი უფასოა!

უფასოა კვლევები, უფასოა მკურნალობა.

კვლევა შეგიძლიათ ჩაიტაროთ საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე. თანაც, არამხოლოდ სამედიცინო, არასამედიცინო დაწესებულებებშიც, მათ შორის, იუსტიციის სახლებშიც. იმისათვის, რომ გაიგოთ თქვენს საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სად შეიძლება სკრინინგის ჩატარება, დარეკეთ 1505-ზე და მიიღეთ საჭირო ინფორმაცია.

C ჰეპატიტი შეიძლება ჭირდეს ნებისმიერს, ვისაც კი ოდესმე შეხება ჰქონია მჭრელ საგნებთან, რომელზეც ადამიანის სისხლი ხვდება.

ყველას გვისარგებლია სტომატოლოგიური კლინიკებით, სილამაზის სალონებით, გაგვიკეთებია ტატუ, პირსინგი, მანიკიური, პედიკიური, ან სისხლის გადასხმით გვისარგებლია, გაგვიკეთებია ოპერაციები სხვადასხვა კლინიკებში, სადაც საჭირო იყო ინვაზიური ჩარევა... მიზეზი ძალიან ბევრია, რითაც დაინფიცირებული ადამიანის სისხლთან შემხებლობაში მყოფი და შემდგომ არასათანადოდ გასტერილებული საგნებით უნებლიედ შეიძლება გვესარგებლა. ამიტომაც ნუ დატოვებთ თქვენს ჯანმრთელობას კითხვის და რისკის ქვეშ. გაიკეთეთ C ჰეპატიტის სკრინინგი და დაადგინეთ თქვენი ჯანმრთელობის სტატუსი. ამის შედეგ, თუ საჭიროება მოითხოვს, დროულად ჩაიტარეთ ღრმა კვლევა და ჩაერთეთ მკურნალობის უფასო პროგრამაში.

mshoblebi