2020 წლის ეროვნული გამოცდების საგამოცდო ტესტებში ცვლილებაა - რომელ საგნებს შეეხო ცვლილება და როგორი იქნება ახალი ტესტები? - მშობლები

2020 წლის ეროვნული გამოცდების საგამოცდო ტესტებში ცვლილებაა - რომელ საგნებს შეეხო ცვლილება და როგორი იქნება ახალი ტესტები?

2019-11-21 16:26:45+04:00

2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წინა წლების მსგავსად, ცვლილებები საცდელი ტესტირების, მისი შედეგების გაანალიზებისა და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა.

ცვლილება შეეხება ისტორიის ტესტს. კონკრეტულად კი:

გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება.

საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება:

1.„ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ 2. „ისტორიული მოვლენის შეფასება“.

რას გულისხმობს ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი?

naec.ge-ს ცნობით, აბიტურიენტმა ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) წყარო უნდა შეაჯეროს და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გაანალიზების საფუძველზე გასცეს კითხვებს პასუხი.

რას გულისხმობს „ისტორიული მოვლენის შეფასება“ ?

აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი - შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება. უცვლელი რჩება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

იხილეთ ნიმუში

ცვლილებაა მათემატიკს ტესტშიც:

აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

იხილეთ ნიმუში

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს უცხოური ენების ტესტის ერთ-ერთი დავალების აპრობაცია. შედეგების დამუშავების შემდეგ გადაწყდება, შევა თუ არა 2020 წლის ტესტში რაიმე ცვლილება.

ცვლილება შეეხო სხვადასხვა საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარსაც:

აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

როგორც წინა წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება კონკრეტულ პროგრამებზე აწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.