საქართველოში H1N1-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - როდის ველოდებით გრიპის ვირუსის პიკს - მშობლები

საქართველოში H1N1-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - როდის ველოდებით გრიპის ვირუსის პიკს

2019-12-10 07:17:17+04:00

საქართველოში ზამთრის სეზონზე H1N1-ის პირველი შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი მოზარდია. გარდა ამისა, H2N3 თბილისში, მცირეწლოვანს დაუფიქსირდა. ორივე შემთხვევა გასულ კვირას იყო და პაციენტები უკვე გამოჯანმრთელდნენ.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის შესაფასებლად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს, ხათუნა ზახაშვილს დავუკავშირდით:

- გრიპის ვირუსები საქართველოში ისევე, როგორც ევროპის რეგიონში, გამოჩნდა. ჯერ-ჯერობით ერთეული შემთხვევებია. რესპირაციული ვირუსები უფრო აქტიურია, ვიდრე გრიპის ვირუსი, რაც რეალურად ამ სეზონისთვის დამახასიათებელი და ნორმალურია. გრიპისმაგვარი დაავადებები და სხვა რესპირაციული ვირუსები ჯერ-ჯერობით ისევ ფონურ მაჩვენებელზეა და ცოტა უფრო დაბალია, ვიდრე შარშან, ანალოგიურ პერიოდში. რაც შეეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, შეიძლება ვთქვათ, რომ ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე შანრშან ან გასულ წლებში იყო. წელს უფრო მეტი ადამიანი აიცრა როგორც სახელმწიფოს მიერ, ასევე კერძო სექტორში. თუმცა, ეს რაც მაინც არ არის მიზნამდე მიღწევა, რაც გულისხმობს იმას, რომ მაღალი რისკის კატეგორიის ადამიანების 70% მაინც უნდა იყოს აცრილი. თუმცა ჯერ ადრეა საუბარი, რადგან კიდევ იცრებიან ადამიანები.

წინასწარი პროგნოზირება, ზუსტად როდის დაიწყება ეპიდაფეთქება, შეუძლებელია. როგორც წესი, გრიპის ვირუსის გამოჩენიდან გრიპით ავადობა 3-4 კვირაში იწყებს. ბოლო 2-3 წლის მანძილზე ეს ემთხვევა დეკემბრის ბოლოსა და იანვრის პირველ კვირებს. თუმცა, ამის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია. გრიპს აქვს ერთი და იგივე სიმპტომები, ესაა დაავდების მოულოდნელი დაწყება, მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელი ტკივილი. " - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

თამარ იაკობაშვილი