"ის ძვირფასი პერიოდი, სანამ ჩვენს შვილებს ჯერ კიდევ ბავშვები ჰქვიათ, ერთად უნდა გავატაროთ, ხშირად უნდა ვისაუბროთ..." - მშობლები

"ის ძვირფასი პერიოდი, სანამ ჩვენს შვილებს ჯერ კიდევ ბავშვები ჰქვიათ, ერთად უნდა გავატაროთ, ხშირად უნდა ვისაუბროთ..."

2019-12-25 06:13:06+04:00

ბავშვის სწორად აღზრდა, მისთვის ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბება, ჯანსაღი დამოკიდებულებების განვითარება, განათლების მიცემა, მშობლებისა და პედაგოგების უმნიშვნელოვანესი ამოცანა და ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა.

სამწუხაროდ, ქართულ განათლების სისტემაში ბევრი პრობლემაა, პრობლემებია ოჯახებშიც, საზოგადოებაში და ეს მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს მოზარდთა სრულფასოვან განვითარებაზე. ხშირია ბულინგი, მოზარდთა თვითმკვლელობები და სუიციდის მცდელობები, გვაქვს განათლების დაბალი დონე, რასაც Pisa-ს ბოლო კვლევის შედეგიც მოწმობს, რომლის მიხედვითაც, წიგნიერების კუთხით ქართველი მოზარდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებენ.

რას ვაკეთებთ არასწორად, რა არის მთავარი პრობლემა, რატომ ვერ უგებენ ხშირ შემთხვევაში მოზარდები და უფროსები ერთმანეთს? - ამ და სხვა კითხვებით დაწყებითების საფეხურის მასწავლებელს, ვენენო მენაბდეს მივმართეთ.

პედაგოგი mshoblebi.ge-სთან ამბობს, რომ მთავარია, მოზარდი კეთილშობილ და მოსიყვარულე ადამიანად აღვზარდოთ. ის მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სასკოლო ცხოვრებაში პრობლემებია, კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

- რა არის დღეს მოზარდებთან ურთიერთობაში მთავარი პრობლემა, რატომ ვერ უგებენ ხშირად მოზარდები და უფროსები ერთმანეთს?

- პირველ რიგში, ადამიანს რომ გაუგო, მას უნდა მოუსმინო. ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში არ ვუსმენთ ერთმანეთს და ესაა დიდი პრობლემა. მივდივართ გულგრილობამდე. თითქოს, რაღაცნაირად გულგრილები ვართ ერთმანეთის მიმართ: მასწავლებელი მოსწავლის მიმართ, ბავშვები ერთმანეთის მიმართ, იმიტომ, რომ რასაც ხედავენ უფროსების ურთიერთობაში, იმავეს იმეორებენ. ჩვენ მათთვის მაგალითები ვართ.

პატივისცემას ნაკლებად ვავლენთ, სიყვარულზე რომ აღარაფერი ვთქვა... ბავშვები ხედავენ, რა მარტივად შეგვიძლია დავცინოთ ადამიანს და აბუჩად ავიგდოთ ჩაცმულობის გამო, მოსაზრების გამო, რომელსაც არ ვეთანხმებით და ა.შ...

ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. შემდეგ განათლება. საერთოდ, ვფიქრობ, განათლებული ადამიანი შინაგანად ძალიან კულტურულია და ის არ დაუშვებს, რომ პატივი არ სცეს სხვას. ეს არის ჯაჭვი, რომელიც ერთმანეთს ებმის.

- როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი, არის რაიმე რეცეპტი, იმისთვის, რომ იპოვოს ბალანსი - საგანიც ასწავლოს, მეგობრულიც იყოს, ბავშვის ფსიქოლოგიც, როგორი უნდა იყოს იდეალური მასწავლებელი?

- პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ იდეალური ამქვეყნად არავინ და არაფერია, თუმცა შეიძლება მივუახლოვდეთ იდეალურს. ვეცადოთ, რომ იდეალურები თუ არ ვიქნებით, მინიმუმ,დისკომფორტი მაინც არ შევუქმნათ მოსწავლეებს, ვაგრძნობინოთ მათ თანადგომა.

- მაშინ ვთქვათ როგორი მასწავლებელი სჭირდება ბავშვს?

- ბავშვებს, პირველ რიგში, მოსიყვარულე მასწავლებელი სჭირდებათ, რომელიც გაკვეთილზე მოვალეობის მოხდის მიზნით არ შედის. როცა ადამიანი პროფესიას ირჩევ, პასუხისმგებლობის აღებაც უნდა შეგეძლოს და ეს არ ეხება მხოლოდ მასწავლებლობას.

რადგან შენ ეს პროფესია აირჩიე, შენი საქმე საუკეთესოდ უნდა გააკეთო. თუ ვერ აკეთებ, არ აკეთებ და ამის სურვილი და ძალა აღარ შეგწევს, ე.ი. არასწორი არჩევანი გაგიკეთებია და ვფიქრობ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეცვალოს თავისი არჩევანი.

მასწავლებელს რაც შეეხება, პირველ რიგში, უნდა უყვარდეს თავისი საქმე, უნდა ჰქონდეს კომპეტენცია, იცოდეს რა ასწავლოს, ეცნობოდეს თანამედროვე სწავლების მეთოდებს, სიახლეებს და არ ტრიალებდეს ერთ წრეზე. ხუთი წლის წინ თუ გაკვეთილი ერთი მეთოდით წარმატებულად ჩავატარე, ეს არ ნიშნავს, რომ იგივე მეთოდი ხუთი წლის შემდეგაც გამომადგება.

ყოველდღიურად თუ არა, ხშირად უნდა ვიფიქროთ და გადავხედოთ ჩვენ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს. ვეცადოთ, რომ უკეთესი და უკეთესი იყოს. ერთხელ ჩატარებული კარგი გაკვეთილი არ უნდა გვაკმაყოფილებდეს. იმიტომ, რომ თაობები იცვლება, ინტერესები იცვლება.

- როგორი უნდა იყოს თანამედროვე სკოლა და რა ხარვეზებს ხედავთ თქვენ?

- თანამედროვე სკოლა, პირველ რიგში, უნდა იყოს აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. ფიზიკური გარემო უნდა შეუქმნა ბავშვს იმდენად კომფორტული და სასიამოვნო, რომ უხაროდეს სკოლაში მისვლა, მაგრამ კომფორტული გარემო თუ შეუქმენი და პედაგოგს არ ჰყოფნის კომპეტენცია, ბავშვს ის გარემო მალე მოწყინდება და აღარ დააინტერესებს.

თვითონ მშობლის დაკვეთაც რა არის? - თანამედროვე მშობელი სკოლას სთხოვს, რომ გაზარდოს ლიდერი. ეს ფანტასტიკურია და კი, მეც მინდა, რომ ჩემი შვილები ასეთები იყვნენ, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს მთავარი - პირველ რიგში, ჩვენ ისინი ადამიანებად უნდა გავზარდოთ, კეთილშობილ, მოსიყვარულე ადამიანებად.

პირადად ჩემთვის, ყველაზე ცივილური ის ადამიანია, რომელიც სხვას სცემს პატივს. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთად უნდა შევძლოთ ბალანსის დაჭერა, ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ. სიყვარულით, პატივისცემით, ემპათიით და ტოლერანტობის გრძნობით სავსე ბავშვები უნდა გავზარდოთ და ამავდროულად, დავეხმაროთ ლიდერის თვისებების გაძლიერებაში. ეს რომ გამოგვივიდეს, მასწავლებელი უნდა იყოს ადამიანურიც, განათლებულიც, წარმატებულიც, უყვარდეს და უხაროდეს თავისი საქმის კეთება.

ზოგადად, კადრები ჭირს, მარტო სკოლაში არა, ქვეყანას უჭირს პროფესიონალი კადრები, ეს არის პირველ რიგში, რაც ხელს გვიშლის განვითარებაში.

mshoblebi

- გახშირებულ თვითმკვლელობებზეც უნდა გკითხოთ... რას ვაკეთებთ არასწორად, რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთი მოზარდი პრობლემის გაჩენისთანავე ან თავს იკლავს, ან თვითმკვლელობით იმუქრება?

- ამას წინათ ერთ-ერთ ცნობილ ფსიქოლოგს ვუსმენდი. ამ საკითხზე საუბრობდა და ასეთი რაღაც თქვა: ადამიანი ასეთ გადაწყვეტილებას მაშინ იღებს, როცა ჩიხშია და ჩიხში ადამიანი არის მაშინ, როცა მარტოა. ალბათ, ყველა ადამიანს გვაქვს ის მომენტი, როცა გვეჩვენება, რომ გამოსავალი აღარ არის. სინამდვილეში გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეიძლება. ასეთ დროს, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ჩიხშია და გამოსავალი აღარ არის, დამლაპარაკებელი მაინც რომ ჰყავდეს, ჩამხუტებელი მაინც რომ ჰყავდეს, დარწმუნებული ვარ, 100-დან 99 ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებსო.

ზოგიერთ შემთხვევაში ალბათ ისაა მიზეზი, ამ საკითხზე ფსიქოლოგები უფრო კომპეტენტურად საუბრობენ. ისევ გაუცხოება, გულგრილობა. მარტო არ უნდა ვაგრძნობინოთ თავი ბავშვებს. უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. დარწმუნებული ვარ, ყველა მშობელი ფიქრობს, რომ მისი შვილის გვერდით არის ყოველთვის, მაგრამ მაინც გვაკლია შვილებთან ურთიერთობა, ზოგადად, ადამიანებს გვაკლია ურთიერთობა ერთმანეთთან. დედა-შვილს, მამა-შვილს, ცოლ-ქმარს. არ გვაქვს ამის დრო, რომ აქტიური და რაც მთავარია, სწორი კომუნიკაცია გვქონდეს. და ყველაზე მნიშვნელოვანი - ხშირად ვუთხრათ, რომ ჩვენ ისინი უპირობოდ გვიყვარს.

- სამი შვილის დედა ხართ, თავად თუ გქონიათ გაუცხოების მომენტი შვილებთან და როგორ ძლევთ ხოლმე მსგავს პრობლემებს. როგორც დედა, როგორც პედაგოგი რას ურჩევდით მშობლებსა და მასწავლებლებს, რა არის მსგავს სიტუაციაში გამოსავალი?

- სიმართლე გითხრათ, შვილებთან უფრო მქონია ხოლმე გაუცხოების მომენტი, ვიდრე მოსწავლეებთან. აღმომიჩენია, რომ ყველანი ვსხედვართ სახლში საღამოს და ერთმანეთს არ ველაპარაკებით - ზოგი კომპიუტერშია, ზოგი ტელეფონში ჩამძვრალი, ზოგი ტელევიზორს უყურებს და კომუნიკაცია არ გვაქვს.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემ თავზე ვბრაზდები ხოლმე. თან თავს ვიმართლებ, სამსახურიდან მოსული ძალიან დაღლილი ვარ და ლაპარაკის თავი აღარ მაქვს-მეთქი, ვამბობ. მაგრამ არა, ამის უფლება არ გვაქვს, ისედაც ცოტა დრო გვაქვს, უფრო სწორად, არაფრის დრო არ გვაქვს და ის ძვირფასი პერიოდი, სანამ ჩვენს შვილებს ჯერ კიდევ ბავშვები ჰქვიათ, ერთად უნდა გავატაროთ, ხშირად უნდა ვისაუბროთ. მოვუყვეთ ერთმანეთს, რა მოხდა დღის განმავლობაში.

სამწუხაროდ, ამას მეც ვერ ვახერხებ. მაგრამ სულ ვცდილობ, შაბათ-კვირას მაინც მქონდეს უფრო მეტი ურთიერთობა მათთან , უნდა გვავიჭირვოთ, მოვინდომოთ, გადავდოთ ყველანაირი პრობლემა და ვესაუბროთ ჩვენს შვილებს.

- ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ რომ ბავშვებს წიგნის კითხვა არ უყვართ. მშობლები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვები ციფრულ ტექნოლოგიებზე არიან დამოკიდებულები, გამოქვეყნდა Pisa-ს კვლევაც, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ ბოლო ადგილს ვიკავებთ წიგნიერების კუთხით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის. როგორ უნდა შევაყვაროთ მოზარდს კითხვა?

- ეს არ არის მარტივი საკითხი, თუმცა არც დაუძლეველი და მოუგვარებელი პრობლემაა. ამას მხოლოდ მასწავლებელი, ან მხოლოდ მშობელი ვერ მოაგვარებს. მე პირადად ძალიან ბევრ ჩემს მოსწავლეს შევაყვარე კითხვა და ამას მათი მშობლებიც დამიდასტურებენ.

სკოლაში დავსხედით, შევიმუშავეთ საინტერესო წიგნების სია, ვეცადეთ, რომ ყოფილიყო ასაკთან შესაბამისი. კვირაში ერთი დღე გვაქვს კითხვისთვის გამოყოფილი. ვსხდებით და ერთად ვკითხულობთ წიგნებს. შემდეგ განვიხილავთ, ვწერთ წაკითხული წიგნის შესახებ, ვხატავთ, გვაქვს პრეზენტაციები, პარალელურ კლასელებს ვუცვლით ინფორმაციას.

მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულები. ჩემი, როგორც მასწავლებლის ფუნქცია არ არის ის, რომ სახელმძღვანელოში არსებული ტექსტები ვაზუთხინო ბავშვებს, ჩემი მთავარი მიზანია, ბავშვები კარგ მკითხველებად ჩამოყალიბდნენ.

ოჯახზეც ბევრია დამოკიდებული, როცა ბავშვები ხედავენ, რომ დედა და მამა ხშირად კითხულობენ მათგან მაგალითს იღებენ.

თუ ბავშვი დაიჯერებს, რომ კარგი მკითხველია, მართლა კარგად გამოუვა ეს საქმე, თუ ვეტყვით, რომ არ შეუძლია, ამასაც დაიჯერებს. ბევრი მშობლისგან გამიგია, არაფერი შეუძლია ამას, ორი სიტყვა ვერ გავაგებინეო... ასე არ შეიძლება.

მერე ბავშვს სჯერა, რომ მართლა არ შეუძლია და მთელი ცხოვრება ექნება თვითშეფასების პრობლემა. ამიტომ, უნდა დავაჯეროთ მოზარდი, რომ ძალიან კარგია, თუმცა საღი და ჯანსაღი ამბიციები გავუვითაროთ. ხშირად შევუქოთ შრომისმოყვარეობა და მონდომება.

- თავად მრავალშვილიანი ოჯახიდან ხართ, 12 და-ძმა ხართ და ყველანი წარმატებულები. აღზრდის როგორ მეთოდებს იყენებდა დედა და თქვენ თუ ზრდით შვილებს მისი მეთოდებით?

- დედა ძალიან განათლებული ადამიანია, არ არსებობს სფერო, რომელშიც ვერ ერკვევა და რომელზეც საინტერესოდ ვერ დაგელაპარაკება. მთელი ბავშვობა მას წიგნით ხელში ვხედავდი. როცა თინეიჯერი გავხდი და ცოტა დიდური წიგნების კითხვა დავიწყე, კონფლიქტიც კი მქონდა დედასთან ამის გამო. წიგნის კითხვას რომ დავიწყებდი, ისიც პარალელურად იწყებდა ხოლმე ამავე წიგნის კითხვას, წაკითხულიც რომ ჰქონოდა, მაინც. შემდეგ ერთმანეთს ვუცვლიდით ხოლმე ემოციებს წაკითხულის შესახებ.

როცა მამა სახლში იყო, ისიც მუდმივად წიგნებთან იჯდა, ამას ვუყურებდით შვილები, ასე ვიზრდებოდით. ეს ჩემთვის იყო მაგალითი.

ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმას, რომ არასდროს დაუძალებიათ, რომელი პროფესია ამერჩია. ჩემთვის რომ ექიმობა დაეძალებინათ, ძალიან ცუდი ექიმი ვიქნებოდი, ან საერთოდ ვერ ჩავაბარებდი. ყოველთვის გვაძლევდნენ თავისუფალი არჩევანის საშუალებას, რჩევასაც გვაძლევდნენ, მაგრამ ეს იყო რჩევა და არა იძულება. ყოველთვის ერთად განვიხილავდით საინტერესო საკითხებს. დედას და მამას ძალიან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ შვილებთან.

სამწუხაროდ, არ ვარ დედაჩემის მსგავსად მშვიდი, ენერგიული. ვფიქრობ, ის გაცილებით უკეთესი დედაა, ვიდრე მე ვარ. თან ამას ალბათ ისიც განაპირობებს, რომ დედა არ მუშაობს. დიასახლისია, მიუხედავად იმისა, რომ უცხო ენები აქვს დამთავრებული.

ალბათ, მუშაობა წარმოუდგენელიც იყო, რადგანაც ყოველ წელს თუ არა, ყოველ მეორე წელს ახალშობილი გვყავდა სახლში, თან 90-იანი წლები დაემთხვა. ვერ ვარ მის მსგავსად ყურადღებიანი. დღემდე ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და-ძმების ასაკის შვილები მყავს, დღეში რამდენჯერმე მირეკავს, მომიკითხავს. თუ იცის რომ ავად ხარ ან პრობლემა გაქვს, გეკითხება, აბა დალიე წამალი? ასე ქენი? ისე ქენი? არ არსებობს, რომ გამორჩეს მოკითხვა და დაკვალიანება.

ხატია ვარდოსანიძე

alt"სულ ვფიქრობ, რომ ამისთვის ღირდა ცხოვრება..." - 12 შვილის დედა და 11 შვილიშვილის ბებია, რომელიც მრავალშვილიან დედებზე ზრუნავს

alt"შენ გმირი ხარ. ახლა მე მომეცი საშუალება, გმირად ვიქცე!" - ერთი კარგი მასწავლებლის ემოციური წერილი თავის მოსწავლეს