რა პლუსები აქვს ბავშვის განვითარებისთვის კალიგრაფიით წერას და უნდა ეუფლებოდნენ თუ არა მას სკოლაში მოსწავლეები? - მშობლები

რა პლუსები აქვს ბავშვის განვითარებისთვის კალიგრაფიით წერას და უნდა ეუფლებოდნენ თუ არა მას სკოლაში მოსწავლეები?

2020-01-07 10:59:37+04:00

მთელი საქართველო ამაყობს ახალგაზრდა კალიგრაფის, ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ დახატული ქართული ანბანით, რომელიც სტრასბურგში მოძრავ ტრამვაის ამშვენებს. აღნიშნულმა ფაქტმა ბევრი დააფიქრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, უნდა ეუფლებოდნენ თუ არა მას სკოლაში მოსწავლეები და საჭიროა თუ არა, რომ მოსწავლეებმა მას გარკვეული დრო დაუთმონ.
mshoblebi
როგორც ცნობილია , 2010 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად ტარდება კონკურსი "ქართული კალიგრაფია" და სწორედ ამ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახლავთ ნიკოლოზ ღუნაშვილი, რომელმაც ქართული ანბანი ევროპელებს ასე ორიგინალურად წარუდგინა.
თუ რამდენად არიან ქართველი მოზარდები დაინტერესებული კალიგრაფიით და რა მნიშვნელობა აქვს მის შესწავლას, ამის შესახებ სასაუბროდ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამის განყოფილების უფროსს ნესტან ბაგაურს დავუკავშირდით:

- რა პლუსები აქვს ბავშვის განვითარებისთვის კალიგრაფიას?

- კალიგრაფია, როგორც ლამაზად წერის ტექნიკა და როგორც ხელოვნება უმნიშვნელოვანეს ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე ადრეული ასაკიდანვე. რთულია? კი, გეთანხმებით, რთულია. მაგრამ მაგალითისთვის, ყველა ხომ ვერ ხსნის მათემატიკის ამოცანებს ერთნაირი წარმატებით? ამიტომ უნდა ამოვიღოთ მათემატიკის სწავლება სასწავლო პროგრამიდან? ვიდრე კალიგრაფიის სწავლება სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმით თუ სხვა პროგრამით დარეგულირდება, ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშონ პედაგოგებმა და თავად მშობლებმაც. ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენც, როგორც ქართული კალიგრაფიის უნიკალური ნიმუშების ყველაზე დიდი საცავი - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება – აცნობიერებს ვალდებულებას, რომ ჩვენს კოლექციაში დაცული საოცარი კალიგრაფიული ნიმუშები გააცნოს მოზარდებს, ვასწავლოთ, როგორ შეიძლება მოხატო ქართული ანბანის თითოეული გრაფემა.

როგორც ზოგადად, სწავლა-სწავლების პროცესში, დაუშვებელია იძულება, თუმცაღა ამის საპირწონეა თამაშის, იმპროვიზაციის შემოტანა ბავშვთან ურთიერთობისას. ძალიან დიდიმნიშვნელობა აქვს წერის დროს იმპროვიზაციას - „ბურთები“, „ჯოხები“, „კუდები“ თუ „გვირგვინები“ ბავშვისთვის უფრო სახალისო მოსახაზია.

კალიგრაფიულად წერისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ესთეტიკა: ქართული ანბანი იმდენად მუსიკალურია,იმდენად ხატოვანია, რომ შეუძლებელია, ლამაზად წერო და შენს შინაგან სამყაროზე წარუშლელი კვალი არდატოვოს, არ დაიხვეწოს შენი მხატვრული ხედვა და ესთეტიკა.

ამასგარდა, კალიგრაფიულად წერა მოითხოვს დაგეგმვას: კალიგრაფმა უნდა გაიაზროს ფურცელი, როგორც სივრცე, მოცემულობა. თანაბრად და კომპოზიციის სწორი გააზრებით გაანაწილოს ეს სივრცე. კალიგრაფიულად წერის დროს, ბავშვები ხდებიან უფრო მობილიზებულები. ისინი გეგმავენ თავის ნააზრევს: ასოები და სტრიქონებს შორის მანძილები თავიდანვე იმ ზომის უნდა შეარჩიოს, რომ ტექსტი სრულად და ლამაზად დაეტიოს.

კალიგრაფიულად წერის თანდათან შესწავლისა და სრულყოფის პროცესს თუ მიადევნებს მშობელი თვალს, პატარამ, შესაძლოა, გამოავლინოს ისეთი უნარები, რომლებიც სხვა შემთხვევაში ყურადღების მიღმა დარჩებოდა.მაგალითად, აღმოაჩინოს პატარა კალიგრაფის შემოქმედებაში მომავალი არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი, ხატმწერი და სხვ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართული კალიგრაფიის მნიშვნელობის წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე. თუჩვენ გვინდა ევროპაში ინტეგრაცია, უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი უნიკალური მხარე. აკი აღიარა კიდეც იუნესკომ ქართული ანბანის სამი სახეობა კაცობრიობის არამატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად. ქართული ანბანი, V საუკუნიდან მოყოლებული უწყვეტი ხელნაწერი მემკვიდრეობა, სწორედ ისაა,რასაც შეუძლია გააოცოს ნებისმიერი კულტურა და ცივილიზაცია.

მაგალითად, როდესაც იგეგმებოდა საქართველოში ნობელიანტი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას ჩამოსვლა, ჩემთვის ვიფიქრე: რით შეიძლება გავაოცოთ 80 წელს გადაცილებული მწერალი? არქიტექტურით? მხატვრობით? შესაძლოა, მაგრამ მე-5 საუკუნის ხელნაწერ ტექსტთან შეხება ყველაზე წარუშლელი ემოცია იქნებოდა, ალბათ, მისთვის.

ძალზე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ვაჩვენოთ ჩვენი კულტურის, მათ შორის, კალიგრაფიული ხელოვნების,უნიკალურობის მნიშვნელობა. მე სულ ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს, რომლებიც ევროპაში აპირებენ სწავლის გაგრძელებას: აქ, საქართველოში თქვენ უკან დგას თქვენი ოჯახი, უბანი, ქალაქი თუ სოფელი. როდესაც ამ ქვეყნიდან საზღვარგარეთ მიდიხართ, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვთ, იქ უნდა აჩვენოთ, რომ თქვენ უკან დგას ათასწლეულების ინტელექტუალური მეხსიერება, მათ შორისაა უნიკალური ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა და კალიგრაფია.

mshoblebi

- ხომ არ მიგიმართავთ განათლების სამინისტროსთვის, რომ კალიგრაფიის სწავლება დაიწყონ სკოლაში?

-2020 წელი გვინდა გამოვიყენოთ კალიგრაფიის თემატიკის წინ წამოწევისათვის, საგულისხმოა, რომ ამ კონკურსს ყოველწლიურად აფინანსებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 10 წელი გავიდა კონკურსის „ქართული კალიგრაფია“ დაფუძნებიდან. ათწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სწორედ ეს კონკურსი გახდა ქართული კალიგრაფიის ხელოვნების ახალი სიცოცხლის იმპულსი.

წარმატებულად ვთანამშრომლობთ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან. კომიტეტის ხელმძღვანელი, ბატონი გენადი მარგველაშვილი წლების წინ იყო ჩვენი კონკურსის გამარჯვებული. მისგან გვაქვს თანხმობა, რომ 2020 წელს განვახორციელოთ არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა.

რაც შეეხება სასკოლო გეგმებსა და სწავლების ფორმას, ამაზე სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ, ფსიქოლოგებთან ერთად. ეს რომ მნიშვნელოვანი საკითხია, ლამაზად წერის სწავლების მეთოდებსა და გზებს რომ საქართველოში გამუდმებით ეძებდნენ, ამას ი. გოგებაშვილის შემდეგი წერილი მოწმობს: „ხელოვნური წერა (ხელით წერა) ჩვენში

ბოლო ხანებში ძალიან დაეცა და იშვიათად მოსძებნით ჩვენს განათლებულს დასში პირსა,რომელიც ლაზათიანი, მოსაწონი, ქართული ხელით სწერდეს. ევროპული წერის შესახებ დიდი ხანია დადგინდა კანონები, გაკვალულია გზა, რომელსაც სკოლა და საზოგადოება მტკიცედ ადგია. ჩვენებური ანბანი, ძველებური და ხელთნაწერი, ბევრად განსხვავდება ევროპული ანბანისაგან და ამიტომ ვერ დაემორჩილება მის კანონებს უცვლელად“. (იაკობ გოგებაშვილი. 1883 წ.).

პროცესში კი ჩვენი ცენტრისა და მსგავსი პროფილის სამუზეუმო-საარქივო ინსტიტუციების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ფაქტია, რომ ათწლეულების განმავლობაში ქართულ კალიგრაფიას ღრმად ეძინა. ჩვენი კულტურის ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულება საერთოდ არ იყო ჩვენი ცნობიერების თუ ყოფიერების ნაწილი. სუფთა წერის იქით, რომელსაც სკოლაში გვასწავლიდნენ, არაფერს ვეხებოდით. ისტორიული, გნებავთ, გენეტიკური მეხსიერება კი, როგორც ჩანს, თავის ჟამს ელოდა: 2010 წელს, როდესაც პირველად გამოცხადდა საერთაშორისო მასშტაბის კალიგრაფიის კონკურსი, სკეპტიკოსები, მათ შორის ჩვენი კოლეგებიც, გვიკიჟინებდნენ, რა დროს კალიგრაფიააო... სულ რამდენიმე ადამიანი, ბატონი ბუბა კუდავას (ისტორიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იმჟამინდელი დირექტორი) იდეის გარშემო გავერთიანდით და დავიწყეთ... მოხდა გასაოცარი რამ: პირველივე წელს 10 000-ზე მეტი ნაწერი მივიღეთ. ეს ის რაოდენობაა, რომლის დათვლაც შევძელით. ძალიან დიდი სიფრთხილე გამოვიჩინეთ, არ ვიცოდით, რა შედეგებს მივიღებდით. თუმცა შედეგმა ყველა თვალსაზრისით გადააჭარბა მოლოდინს. გვყავდა მონაწილეები ყველა რეგიონიდან, ზემო აჭარიდან დაწყებული ჰერეთით დასრულებული. ხულოდან ღამის მატარებლით ჩამოსული პატარები სისხამ დილით გვხვდებოდნენ საკონკურსო დარბაზთან. ქართული კალიგრაფიის ხვეულებს შეეხო არაერთი ქართველი თუ არაქართველი კონკურსანტი ევროპისა და აზიის 20-მდე ქვეყანაში: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთის ფედერაცია, ყაზახეთი, თურქეთი, ირანი (ფერეიდანი), უკრაინა, ბელორუსი, საბერძნეთი, კვიპროსის რესპუბლიკა, გერმანია, ავსტრია, ბელგია, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვ.

mshoblebi
რაც შეეხება შედეგებს: 10 წლისთავზე ყველაზე მცირე მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომყოველ წელს საზოგადოება ელოდება კონკურსის დაწყებას. გამარჯვებული მოსწავლეები კი თანასკოლელებისთვის მოტივატორები ხდებიან. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში აკადემიურად, კალიგრაფიულად წერას პროგრამულად დიდი ყურადღება არ ექცევა, არიან მოხალისე მასწავლებლები, რომლებიც ყურადღებას უთმობენ ამას და დიდი მიღწევებიც აქვთ.შეიქმნა კალიგრაფიის სკოლა-სტუდიები, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. რუსთავში კალიგრაფ დავით მაისურაძის წყალობით გვაქვს ორი სკოლა: კერძო სკოლა „ლაზარეში“ და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „მთაწმინდელში“. ასევე გვაქვს ჭუბერში კალიგრაფიის სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობს კალიგრაფი ლილეჩხეტიანი. მან დაამთავრა თუ არა სამხატრო აკადემია, დაბრუნდა სოფელში და დაიწყო ხელოვნების სწავლება, შემდეგ კი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ჩართულობით, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა კალიგრაფიის სტუდიის დაარსება.

mshoblebi
მთავარ მიღწევად მაინც უნდა ჩაითვალოს ის, რომ ჩვენს ქვეყანას უკვე ჰყავს საერთაშორისო მასშტაბის კალიგრაფები: გიორგი სისაური, დავით მაისურაძე, ალექსანდრე მამუკაშვილი, ქალბატონი ლეილა ბაღბაია აფხაზეთიდან, რომელიც თავის ნიმუშებს კერამიკაზე და სხვა განსხვავებულ მასალაზე ქმნის; გიორგი გორგიაშვილი, ვაჟა ერემეიშვილი, ლილე ჩხეტიანი, ნინო იკაშვილი და არაერთი სხვა.

2017-2018 წლებში კალიგრაფების: დავით მაისურაძის, გიორგი სისაურის, ნინო იკაშვილის, ანა გოქაძისა დალევან ცხვირავაშვილის შექმნილი უნიკალური „ვეფხისტყაოსანი“ გამოიფინა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე, ხოლო შემდეგ უნიკალურმა ხელნაწერმა გაეროს არტ კოლექციაში დაიდო ბინა.

ახალგაზრდა კალიგრაფების ქმნილებები წარმოდგენილი იყო არაერთ გამოფენაზე უცხოეთში: ეგვიპტეში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კუვეიტში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში.

სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა ქართული კალიგრაფია ახალგაზრდა კალიგრაფმა ალექსანდრე მამუკაშვილმა. იგი ქმნის კალიგრამებს, რაც გულისხმობს ანბანის მეშვეობით რთული მხატვრული გრაფიკული ნაწარმოებების შექმნას. ალექსანდრემ 2018 წელს საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში წარმოადგინა ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების: ჯუზეპე ვერდის, მოცარტის, ბიძინა კვერნაძის, ვაჟა აზარაშვილისა და სხვათა გამონათქვამები ანბანის მუსიკით. მსოფლიოში ცნობილმა მუსიკოსებმა და შემსრულებლებმა: იანო ალიბეგაშვილმა, ალექსანდრე კორსანტიამ, ჯუზეპე ჯიპალიმ, ატილიო ტომაზელომ, ქრისტიან ბენედიქტმა თუ ვიტორიო ვიტელიმ ასე გაიცნეს ქართული ანბანი - ხატად და მუსიკად ქცეული.

კალიგრაფი ნიკა ღუნაშვილი, რომელმაც ქართული ანბანის ჩუქურთმებით გააოცა და აალაპარაკა ევროპა და საქართველო, ასევე ჩვენი კონკურსის გამარჯვებული გახლავთ.

ის იყო დავით მაისურაძის მოსწავლე, ჩვენს თვალწინ დგამდა პირველ ნაბიჯებს, როგორც კალიგრაფი. ახლა კი მის მიერ შექმნილი ქართული ანბანის დეკორაციით გაფორმებული ტრამვაი სტრასბურგის ქუჩებში დადის.

mshoblebi
ქართულ ანბანს, ამ უნიკალურ კალიგრაფიულ ხელოვნებას უსაზღვრო პოტენციალი აქვს. საყოველთაო ცნობილია ამბავი "იავნანამ რა ჰქმნა". ჩვენ გაგიზიარებთ ამბავს, თუ რა ქმნა ქართულმა კალიგრაფიამ: 2011 წლიდან ვთანამშრომლობთ გერმანულ-ქართულ სკოლა-ლიცეუმ „სხივთან“, რომელიც ყოველ გაზაფხულზე ატარებს „დედა ენის“ რესპუბლიკურ ოლიმპიადას. ცალკე სექციაა კალიგრაფია და სწორედ ამ ნაწილში არის ჩართული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.სამი წლის წინ გამარჯვებულთა შორის იყვნენ და-ძმა ქირები (ეროვნებით თურქები) და ჩვენმა ცენტრმა ისინი დააჯილდოვა, როგორც კალიგრაფთა ოჯახი. საჩუქრადგადავეცით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, სამეფო "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით მომზადებული ფოტოტიპური გამოცემა. როცა ვაჩუქეთ, მაშინ მითქვამს კონკურსის ხელმძღვანელისთვის:„შეიძლება ვერ წაიკითხონ და ვერ ისწავლონ, მაგრამ ხომ გადაფურცლავენ და თავს მოიწონებენ ახლობელ-მეგობრებში-თქო“. თქვენ არ იცით, რა მოხდა: ერთი წლის თავზე სამი პატარა ქირი იდგა ივანე ჯავახიშვილის სახლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სცენაზე და ერთხმად მიუყვებოდა რუსთველის სტრიქონების ხვეულებს. როგორც ბავშვების მამამ მითხრა, დილით რომ მიდიოდნენ სკოლაში, საღამოს დასწავლილ„ვეფხისტყაოსნის“ სტროფებს მანქანაში იმეორებდნენ. ასე ამგვარად, უკვე 50-ზემეტი სტროფი ჰქონდათ ნასწავლი და გაჩერებასაც არ აპირებდნენ.

- ვის შეუძლია კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობის მიღება?

- - მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ეს არის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი კონკურსი: სასკოლო ასაკისათვის (3 ასაკობრივი ჯგუფი), სტუდენტებისთვის და სხვა ზრდასრული დაინტერესებული პირებისთვის. თითოეულ კატეგორიაში კონკურსის გამარჯვებულთა სამეულს ვავლენთ. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ გვაქვს. 91 წლის ქალბატონი, იოლანდა მარშევი,იყო ერთ-ერთ წელს კონკურსში მონაწილე (ამერიკიდან). დიახ,ცალკე კატეგორიად არის გამოყოფილი უცხოეთი. ამ კატეგორიაში, უცხოეთში მცხოვრები ქართველები იღებდნენ, ძირითადად, მონაწილეობას, თუმცა გერმანიის საკვირაო სკოლიდან გერმანელი მონაწილეებიც გვყავდა.

რაც შეეხება ქვედა ასაკობრივ ზღვარს: პირველ წელს ჩვენ გვყავდა მეხუთე კლასიდან მოსწავლეები. შემდეგ პრაქტიკამ აჩვენა, რომ მეხუთე კლასელები იჩაგრებოდნენ და 2011 წლიდან ქვედა ზღვარი იყო მეშვიდე კლასი. 2020 წელს ეს ზღვარი ისევ მე-5 კლასამდე დაიწევს, რადგან ამ 10 წლის განმავლობაში პატარების კალიგრაფიული ხელოვნების დონემ გასაოცრად აიწია.

- რამდენ ეტაპიანია კონკურსი?

- კონკურსი არის სამეტაპიანი. ჩვენი მიზანი იყო, რომ პირველი შესარჩევი ეტაპიდან, ვიდრე ბოლოში გავიდოდა მონაწილე, მას უფრო მეტი სცოდნოდა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. მაგ.: რასტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს გამართული ქართული ხელნაწერი. გოგებაშვილს აქვს თავის ერთ-ერთ წერილში ესეთი გენიალური ფრაზა:„ჩვენში ძლიერ გახშირებულია ერთი ნაკლულოვანება წერისა.სახელდობრ ისა, რომ ზემო და ქვემო ნაწილები ასოებისა ორჯერდა სამჯერ სჭარბობენ ცენტრსა, შუაგულსა. გამოდის რაღაც ვიწრო და წოწლოკინა ხელი,რომელიც საწერათაც ძნელია და საკითხავათაც....ფრიად შესანიშნავია, რომ ეს ხელი ჩვენ,ქართველებს, შემოგვიღია საუკუნის დამდეგიდან,რუსეთთან შეერთების შემდეგ, თითქო საკუთარი პოლიტიკური ცენტრის გაუქმებასდა გაქარწყლებას წერაზედაც უმოქმედნია,შეუსუსტებია, დაუპატარავებია მათი ცენტრიდა გაუდიდებია ზემო და ქვემო ნაწილები. წინანდელ საუკუნეებში ამ წოწლოკინა ხელსადგილი არა ჰქონია“.

არის რაღაც სტანდარტი, რასაც ქართული წერის მუსიკა უნდა აკმაყოფილებდეს, ეს გვინდოდა, კონკურსის ბოლოში გასულთ სცოდნოდათ. ტურებს შორის არის განსხვავებული მოთხოვნები. პირველ ტურში თვითონ წერენ მონაწილეები, მეორე და მესამე ტურები კი ტარდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

mshoblebi
ეტაპებს შორის შუალედებში აქვთ საგანმანათლებლო შეხვედრები, პრეზენტაციები და ძირითადი შტრიხების მიწოდებაზე ვზრუნავთ. ზოგჯერ არის, რომ ძალიან ლამაზი კალიგრაფია აქვს მონაწილეს, მაგრამ ორნამენტით ისე აფუჭებს, ან კომპოზიციით, რომ აუცილებელია ესთეტიკურად დაიხვეწოს.

კონკურსი გამორჩეულია იმითაც, რომ რამდენიმე ათეული პრიზიორი ყავს, როგორც წესი. ეს შესაძლებელი ხდება კონკურსის მიმართ ძალიან დიდი ინტერესის წყალობით: სამთავრობო, არასამთავრობო თუ კერძო სექტორის მხრიდან დიდ ჩართულობას ვხედავთ. აქეთ გვირეკავენ, გულდაგულ ათვალიერებენ საკონკურსო ნამუშევრებს და ავლენენ რჩეულებს.

mshoblebi

-რა ჯილდოებია კონკურსში გამარჯვებულებისთვის?

- 5 საკონკურსო კატეგორიაში გამოდის, რომ გვყავს 15 გამარჯვებული, რომლებიც ინაწილებენ პირველ, მეორე, მესამე ადგილებს. მთავარ გამარჯვებულებს გადაეცემა ფულადი პრიზები, თუმცაღა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კონკურს სჰყავს არაერთი რჩეული და მათთვის საჩუქრებს აწესებენ პარტნიორი ორგანიზაციები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.

კონკურსი „ქართული კალიგრაფია“ 2020 წლის თებერვალში გამოცხადდება. საიუბილეო წლის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს, ასევე მთელ საზოგადოებას არაერთ სიახლეს შევთავაზებთ.

რუსკა კილასონია