არსებობს საიდუმლოებები, რათა ზამთარში არ გაცივდე, ჩვენ მათ გაგმხელთ ვიღაცას არ უყვარს ზამთარი და მოუთმენლად ელოდება გაზაფხულის მზის გამონათებას. მომავალ დედას კი ყველაფერი პირიქით აქვს. ყოველ სუსხიან დილას გახარებული ხვდება.
შენ არ დგახარ გაჩერებაზე და სხვებივით არ კანკალებ. შეიძლება ქურთუკიც შეიხსნა. შენ გცხელა. ეს ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა, რადგან ფეხმძიმობისას ნივთიერებათა ცვლის პროცესი 20 პროცენტით იზრდება. სიცივე არ გაშინებს. მოიწყვე სუფთა ჰაერზე სეირნობა, დატკბი დათოვლილი ხეებით, სუსხიანი ჰაერით. სახლში დაბრუნებულმა კი ბალახების ჩაი მოიდუღე. ის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარება. ხშირად გაიღიმე - კარგი განწყობა ამარცხებს გაცივებას. გარდა ამისა, არსებობს საიდუმლოებები, რათა ზამთარში არ გაცივდე, ჩვენ მათ გაგმხელთ.
შეარჩიე სამოსი
ნუ შეშფოთდები, შენს მუცელში მყოფი ნაყოფი ტემპერატურის ცვლილებას ვერ გრძნობს. სასეირნოდ ყინვაშიც რომ გახვიდე, ის მაინც თბილად და კომფორტულად იქნება. იზრუნე, რომ თბილად და კომფორტულად თავად იყო. ჩაიფუთნე, ხოლო, როცა დაგცხება, შეგიძლია, ერთი წყება სამოსი გაიხადო. ისიც მხოლოდ თბილ შენობაში. მოერიდე ორპირ ქარს. ფეხმძიმობისას ქალი ხშირად ოფლიანობს, ქარის ერთ შემობერვას კი შეიძლება გაცივება მოჰყვეს. შეარჩიე თბილი ქურთუკი, სასურველია, რამდენიმე ზომით დიდი, რადგან ზამთრის 3 თვის განმავლობაში მუცელი საგრძნობლად გაგეზრდება. თანაც, მის ქვეშ თბილი სვიტერის ჩაცმაც მოგიწევს.
ფეხსაცმელი
როცა მის ასარჩევად წახვალ, თან თბილი წინდა ჩაიცვი და ფეხსაცმელი მასზე მოირგე. აირჩიე ისეთი, რომელიც არ მოგიჭერს. ჩვეული ზომის ფეხსაცმელი შეიძლება აღარ მოგერგოს და ეს ნუ გაგიკვირდება. ფეხმძიმობის დროს ფეხი ერთი ზომით იზრდება. ზამთრის ფეხსაცმლის არჩევისას ყურადღება მიაქციე, რომ ძირი მყარი იყოს და მოყინულ ზედაპირზე არ სრიალებდეს. ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ სითბოს გავლენით და მოჭერილ ფეხსაცმელში სიარულის დროს ფეხი სივდება. ამიტომ, უმჯობესია, ქუჩისთვის ერთი ფეხსაცმელი გეცვას, ინსტიტუტში ან სამსახურში კი გამოსაცვლელი წაიღო.
შეინარჩუნე წონასწორობა
სამსახურში/ინსტიტუტში წასასვლელად სახლიდან ცოტა ადრე გამოდი, რათა დაგვიანების შიშით სირბილმა არ მოგიწიოს. იარე დინჯად. როცა მუცელი გაგეზრდება, წონასწორობის შენარჩუნება გაგიძნელდება და ამისთვის მომზადებული უნდა იყო. სიფრთხილე გმართებს კიბეებსა და გაუწმენდავ ასფალტზე. სეირნობისას რთული ადგილის გასავლელად ნუ მოგერდება დახმარების გამვლელისთვის თხოვნა. თუ დაეცი, საშიში არაფერია. შენი ნაყოფი კარგადაა დაცული, თუმცა, თუ ნაყოფი დიდია და თან უხერხულად დაეცი, სასწრაფოდ მიმართე ექიმს.
ვიტამინები და მიკროელემენტები
გასაზრდელად და მოსაძლიერებლად შენს ნაყოფს ვიტამინები და მიკროელემენტები სჭირდება. ყოველდღე აუცილებლად უნდა მიირთვა ბოსტნეულის კერძი, ხილის სალათები და დიდი რაოდენობით C ვიტამინი. ბოსტნეულის ვინეგრეტი, მჟავე კომბოსტო, სტაფილოს, რძის ნაწარმი. ეცადე, ყოველდღე დალიო ვაშლისა და სტაფილოს წვენი. გააგემრიელებ, თუ გოგრის ნაჭერსაც დაუმატებ. დღის განმავლობაში სეზონური ხილი მიირთვი. სხვათ შორის ვიტამინების მიღების შემდეგ სახის კანის მდგომარეობა გაგიუმჯობესდება. ზამთრის პერიოდში სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ქუჩაში გასვლამდე არ დაგავიწყდეს დამატენიანებელი კრემის წასმა. შეგიძლია კოსმეტიკური ზეთიც გამოიყენო. აგრეთვე არ დაგავიწყდეს სუსხში გასვლამდე ტუჩებზე კოსმეტიკური პომადის წასმა.
მშვიდობით, სურდო!
ზამთრის ვირუსმა განწყობა რომ არ გაგიფუჭოს, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინე. ვირუსი ისეთი ვერაგია, რომ ავტობუსში ერთმა გასეირნებამაც კი შეიძლება ყელისა და თავის ტკივილი გამოიწვიოს.
შინ დაბრუნებულმა მოადუღე გვირილისა და პიტნის შაქარი, მურაბის ნაცვლად კი 1 ჩაის კოვზი თაფლი დაუმატე. ჩაიფუთნე შალის პლედში და სასმელი პატარა ყლუბებად სვი. იგრძენი სითბო? მშვენიერია! სხვათ შორის, ეცადე, სასმელი ხშირად მიიღო. მოიმზადე ხოლმე ლიმონიანი ჩაი, ხილისა და ჩირის კომპოტი.
გაითბე ხელები (ფეხმძიმობისას ფეხების დათბობა ცხელ წყალში კატეგორიულად გეკრძალება). ღრმა თასში ჩაასხი ცხელი წყალი და ჩაყავი ხელები. დატკბი თითოეული წუთით. ნელ-ნელა ამატე ცხელ წყალი იჯექი ასე ნახევარი საათი. პროცედურის დასრულების შემდეგ ხელები კარგად შეიმშრალე.
თუ ყელი გაგიცივდა, მომენტი არ გაუშვა ხელიდან, დაიწყე მკურნალობა. ყელში მარილისა და სოდის თბილი ნარევი გამოივლე. ან შეგიძლია კალენდულას ნაყენი მოამზადო. 1 ჩაის კოვზ გამხმარ მცენარეს 100 გრამი თბილი წყალი დაასხი. გადაწურე, გამოივლე და ყელის ტკივილი დაგიამდება.
გაცივების დროს ცხვირში კრაზანას ნაყენი ჩაიწვეთე. მოამზადე ისე, როგორც კოლოფზეა მითითებული. ყოველ ორ საათში ერთხელ, დაწექი, თავი ტანის დაბლა უნდა გქონდესშ და ორივე ნესტოში ორი სავსე პიპეტი ჩაიწვეთე. იწექი რამდენიმე წუთი. ამ პერიოდში კარაზანას ნაყენი მთელ ცხვირხახის პერიმეტრს მოივლის. ეს სინუსიტის საუკეთესო პროფილაქტიკაა. ასეთი პროცედურის წყალობით სწრაფად გათავისუფლდები გაცივების ყველა უსიამოვნო შეგრძნებისგან.