4 ჯგუფი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ბავშვის მენიუში და დავალევინოთ თუ არა კომპოტები პატარებს - პედიატრის პასუხები როგორი უნდა იყოს ბავშვის მენიუ შემოდგომა-ზამთარში და რა უნდა გავაკეთოთ მისი იმუნიტეტის გასაძლიერებლად? გვპასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი ხატია შუკაკიძე:
- როგორი უნდა იყოს ბავშვის მენიუ შემოდგომა-ზამთარში?
- სწორი ჯანსაღი კვება გარკვეულწილად სეზონურ ხასიათსაც ატარებს, რადგან სხვადასხვა სეზონი წარმოდგენილია კონკრეტული საკვები პროდუქტების სიჭარბით ან ნაკლებობით. შემოდგომაზე ორგანიზმში გარდაქმნა იწყება - სიცივეებისთვის ემზადება. მკვებავი ნივთიერებები უჯრედისში სათანადო რაოდენობით ვერ ხვდება და ცვლის პროცესები ირღვევა. შედეგად, ორგანიზმი ნახშირწყლებს ცუდად შეითვისებს. ამიტომ ამ პერიოდში რაციონში რაც შეიძლება ბევრი მცენარეული ზეთი, გაღივებული მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული უნდა შედიოდეს. წელიწადის ყველა დროს არის ის სეზონური ხილ-ბოსტნეული, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს. ერთია სამკურნალო კვება, მეორე კი – სწორი კვება, რომელიც ადამიანს სჭირდება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად წელიწადის ნებისმიერ პერიოდში. შემოდგომით თუ არ მიიღო ადამიანმა საკვები სწორად, ძნელია ზამთრის რთულ პერიოდს ჯანმრთელად გაუძლოს.
როგორც გითხარით, ამ დროს ნივთიერებათა ცვლა შენელებულია, მატულობს გაციების, ვირუსების ალბათობა. ამიტომ, ახლავე უნდა ვიზრუნოთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე. თუ ზაფხულში უნდა გეჭამათ ქლიავი, ბალი, მარწყვი და სხვადასხვა ბოსტნეული თუ ხილი, შემოდგომა-ზამთარში ის უნდა ჩაანაცვლოთ ციტრუსებით, რადგან მათში შემავალი c ვიტამინი იმუნური სისტემისთვის აუცილებელი პროდუქტია. შემოდგომის ბოლოდან მთელი ზამთრის განმავლობაში უნდა ჭამოთ მანდარინი, ფორთოხალი, კივი, ფეიხოა, ვაშლი, გოგრა – ისინი არაჩვეულებრივად არეგულირებენ და აძლიერებენ ადამიანის იმუნურ სისტემას. მართალია, ზოგიერთი ზამთრისთვის ზაფხულის ხილს იმარაგებს კომპოტის, მურაბის ან წვენის სახით. ეს დიდი შეცდომაა, რადგან არანაირი კვებითი ღირებულება არ აქვს ზამთრის პერიოდში ამგვარად შენახულ ხილს. ორგანიზმს ასეთი პროდუქტებით ვერ მოატყუებთ. როგორც გითხარით, სჯობს, სეზონურად მიიღოთ შესაბამისი ხილ-ბოსტნეული და არა კონსერვირებული ნებისმიერ დროს. აუცილებელია, ამ პერიოდში სეზონური ხილ-ბოსტნეულის ცოცხალი სახით მიღება და ხორბლის ფაფის ჭამა. კარგია ნატურალური, ახალგამოწურული წვენების დალევა. აბსოლუტურად ყველა დაავადება, არ ვგულისხმობ, რასაკვირველია, გენეტიკურ პათოლოგიას, სათავეს იღებს არასწორი კვებიდან. ძირითადად კი, დაავადების საწყისი ბავშვობიდან მოდის. ამიტომ, ადრეული ასაკიდანაა საჭირო ჯანსაღი, სწორი კვების რაციონის შემუშავება. აუცილებელია ნატურალური და არა გენმოდიფიცირებული საკვების შერჩევა, ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის ხილფაფების ჭამა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვი ყოველდღიურად თითო სახეობის პროდუქტს მაინც უნდა იღებდეს საკვები პროდუქტების შემდეგი ოთხი ძირითადი ჯგუფიდან:
1-ლი ჯგუფი: მარცვლეულის პროდუქტი და სახამებლის შემცველი
ბოსტნეული (პური, ფუნთუშეული, მაკარონი, ვერმიშელი, კარტოფილი,
ბრინჯი, ა.შ.);
მე-2 ჯგუფი: ხილი და ბოსტნეული;
მე-3 ჯგუფი: ხორცი და მისი ალტერნატივები (შემცვლელები) – (ხორცი, თევზი, კვერცხი, თხილი, კაკალი, პარკოსნები - ბარდა, ლობიო, სოია);
მე-4 ჯგუფი: რძე და რძის პროდუქტები (ყველი, ხაჭო, მაწონი, ნადუღი...)
შეძლებისდაგვარად, ამ ჯგუფებიდან განსხვავებული საკვები კომბინაციები
უნდა შეირჩეს. თუ თქვენი შვილი არ ჭამს ხორცს და თევზს, აუცილებლად აჭამეთ პარკოსნები (ლობიო, ბარდა, მუხუდო, სოია), კვერცხი და თხილი/კაკალი (დაქუცმაცებული). არაფრის ჭამას თუნდაც შეზღუდული ნაირსახეობის საკვების მიღება სჯობს. შიგადაშიგ, სცადეთ ახალი სახეობის საკვების მიცემა. სასურველია ახალი ან ადრე უარყოფილი საკვების - მაგ. ხორცით დამზადებულის, იმ საკვებთან ერთად მიტანა, რომელიც თქვენს შვილს ნამდვილად მოსწონს - თუ ახალ შეთავაზებულ საჭმელს მაინც არ მიიღებს, წინააღმდეგობის გარეშე გადადეთ ის გვერდით და ხელმეორედ მხოლოდ რამდენიმე კვირის მერე შესთავაზეთ.
ოჯახის წევრებთან, პატარა მეგობრებთან ან უფროს ბავშვებთან ერთად სადილმა შესაძლოა თქვენს შვილს ახალი სახეობის საჭმლის გასინჯვისაკენ უბიძგოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების ჯგუფების ცოდნა იმ მოზრდილი ბავშვების მშობლებისათვის, რომლებსაც უკვე ჩამოუყალიბდათ ვეგეტარიანული მადა და იმ ოჯახებისათვისაც, სადაც ძვირად ღირებული საკვები პროდუქტების (მაგ. ხორცის, ყველის,) შეძენა ყოველთვის არ ხერხდება.
სალომე გორგოშიძე