ვინ არის 12 წლის ლადუკა ჩ.ც.დ-დან, რომელიც მაქსიმემ სიკვდილს გადაარჩინა? - მშობლები

ვინ არის 12 წლის ლადუკა ჩ.ც.დ-დან, რომელიც მაქსიმემ სიკვდილს გადაარჩინა?

2020-01-20 12:39:27+04:00

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიები მაქსიმეს გმირობას დაეთმო, რომელმაც კომპიუტერულ თამაშებში ჩართული 12 წლის მეგობარი, ლადუკა, სიკვდილს გადაარჩინა. სერიალი ყოველთვის იმ პრობლემებს ასახავს, რომლის წინაშეც დგას საზოგადოება და არც ეს საკითხია გამონაკლისი.

ბუნებრივია, დიდი იტერესი გამოიწვია ლადუკას პერსონაჟმა, რომელსაც დათა ლანდია ასახიერებს. მართალია, დათა ცნობილი მომღერლის, სოფო გელოვანის შვილია, მაგრამ ეს არ ყოფილა გადამწყვეტი მაშინ, როცა ამ როლზე ამტკიცებდნენ. დათას ახალ ამპლუაზე სოფოს ვესაუბრეთ:

- საირმეში ვისვენებდით, როცა სერიალიდან დამირეკეს, მითხრეს, რომ ახალი პერსონაჟი უნდა დაემატებინათ, ლადუკა, ამიხსნეს, რა პრობლემა იქნებოდა წამოწეული წინ და გამოთქვეს სურვილი, რომ დათას განესახიერებინა ეს გმირი. მოგეხსენებათ, ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ და უყურებენ. ამ მხრივ, არც დათაა გამონაკლისი. როცა ვკითხე, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას, ძალიან გაუხარდა და მაშინვე დამთანხმდა. სიმართლე გითხრა, მე გადაღებებში და ზოგადად, ამ საკითხში ჩართული არ ვარ, ახლაც მოაკითხეს და წაიყვანეს, პირველადაც უჩემოდ, დამოუკიდებლად წავიდა. რომ გითხრა, დიდად ამბებს მიყვება-თქო, ასეც არ არის, უფრო მეტი თვითონ სერიალიდან გავიგე, ვიდრე დათასგან. როცა ვეკითხებოდი, როგორ ითამაშე, მოგეწონა გადაღებები? - ბევრს არაფერს მპასუხობდა, კი, მომეწონა, როგორ ვითამაშე, ნახავო. მთავარია, რომ თვითონ მოსწონს პროცესი და კმაყოფილია. რაც შეეხება თემას, ძალიან აქტუალურია, ჩვენს რეალობაში ბავშვების უმრავლესობა ეკრანსაა მიჯაჭვული, ჩართულია ტელეფონში და თამაშებში. ეს დიდი ბიჭი, მაქსიმე, ბავშვებთან ერთად რომ თამაშობს ამ საშინელ თამაშებს, კიდევ ცალკე პრობლემაა, სერიალიც ხომ რეალურ პრობლემებს გვანახებს, ჰოდა ესეც ერთ-ერთი მათგანია.

- თვითონ დათას თუ უყვარს ასეთი თამაშები და რამდენად ხშირად თამაშობს?

- რა დაგიმალოთ და არც დაგიმალავთ, რომ თამაშობს. ახლაც, საირმეში რომ ვიყავით, მეგობრები თამაშობდნენ, მაგრამ ვაკონტროლებ ძალიან. ცოტა ხნით ვაძლევ ტელეფონსაც, იცის, რომ ცოტა ხნით აქვს თამაშის უფლება. მკაცრად ვაკონტროლებ ამ საკითხს. სრულად აკრძალვაც არ მიმაჩნია სწორად. რაც უფრო მეტად დაუშლი, შემდეგ უფრო ცუდ შედეგამდე შეიძლება მიხვიდე, ამიტომაც, მგონია რომ აკრძალვა არ არის გამოსავალი.

mshoblebi

- მართალია, ბევრ რამეს არ ჰყვება სახლში, მაგრამ იმას მაინც ხომ არ ამბობს, როგორი განვითარება ექნება მის გმირს?

- კი, არ მიყვება ბევრ რამეს, მაგრამ ფაქტია, რომ კმაყოფილი მოდის, გახარებული ხვდება მსახიობებს, უხარია და მოსწონს ეს გარემო. როგორც ჩანს, კამერასთან მუშაობა მოსწონს. არ ვიცით, სამომავლოდ მოვლენები როგორ განვითარდება, ექნება თუ არა განვითარება ლადუკას პერსონაჟს, მეც ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ბევრი მეც არაფერი ვიცი.

- არ გაგიჩნდა კითხვა, პირდაპირ დათაზე რატომ შეაჩერეს არჩევანი?

- დათამ ადრე მიიღო მონაწილეობა ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში, იქაური პროდუსერი დამეკონტაქტა და დათას ვიდეოების გაგზავნა მთხოვა, გადავუგზავნეთ და მითხრა, დაგირკევანო, ასეც მოხდა. არ ყოფილა ეს ჩემი დიდი მონდომების შედეგი, ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა ყველაფერი, ყოველთვის ვცდილობ ჩემი გვარ-სახელი ნაკლებად დომინირებდეს დათასთან დაკავშირებულ საკითხებში და ცხოვრებაში, მირჩევნია, თვითონ გააკეთოს ყველაფერი.

- სერიალის შემდეგ როგორი იყო თუნდაც კლასელების რეაქცია, ქუჩაში თუ გრძნობს ყურადღებას?

- კი, კი კლასელებს ძალიან მოეწონათ დათას ახალი ამპლუა, რამაც დათა ძალიან გაახარა. თვითონვე მეუბნება ხოლმე, იცი, იქ რომ ვიყავი მითხრეს, სერიალში გნახეო. ფაქტია მოსწონს, რომ სერიალიდან იცნეს (იღიმის).

ციცი ომანიძე