როგორ მოვაშოროთ ბავშვს ტილები - თანამედროვე და ხალხური საშუალებები - მშობლები

როგორ მოვაშოროთ ბავშვს ტილები - თანამედროვე და ხალხური საშუალებები

2014-10-22 18:50:45+04:00

ტილები დაახლოებით 5 მმ სიგრძის არსებები არიან. თუ აქამდე არ გქონიათ მათთან შეხვედრის შემთხვევა, ე.ი გაგიმართლათ.

მიკროორგანიზმები ადამიანის სხეულისთვის უცხო არ არის, მაგრამ არსებობენ პარაზიტებიც, რომლებსაც საშინელი დისკომფორტი ახლავთ. სწორედ ასეთი პარაზიტები არან ტილები, რომლების გამოჩენასაც დისკომფორტის გარდა მშობლის პანიკა და ისტერიკაც მოჰყვება. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ტილები მხოლოდ უსუფთაო და ცუდად მოვლილ ბავშვებს ეხვევიან. არც ერთი ბავშვი და მოზრდილი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში, ბაღსა თუ სკოლაში ხვდება, დაზღვეული არ არის ამ დაუპატიჟებელი სტუმრებისგან.

როგორ აღმოვაჩინოთ ტილები

დატილიანების, იგივე პედიკულეზის დადგენა ძალიან იოლია. ის თავის ფხანით იწყება და თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, გაცხოველებულ ქავილში გადავა. ბავშვმა შეიძლება ძილშიც იფხანოს თავი. თავის კანზე აღინიშნება გამონაყარიც, რაც დაკბენის შედეგია, გამოხატული წითელი ლაქების სახით.

როგორ კი ეჭვი გაგიჩნდებათ, ბავშვს თმა ყურადღებით დაუთვალიერეთ. შეიძლება ცოცხალი ტილი ვერ შენიშნოთ, მაგრამ თმის ძირებზე მის კვერცხებს შეამჩნევთ. ეს მოთეთრო ფერის წერტილოვანი კაფსულებია, რომლებიც შეიძლება ქერტლშიც აგერიოთ. თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, კვერცხი ძალიან მჭიდროდ ეკვრის თმის ძირს და თითქოს ოდნავ პრიალებს კიდეც.

დაავადების სამკურნალოდ, დატილიანების ხარისხიდან გამომდიარე, სხვადასხვა საშუალება არსებობს. ზოგი მშობელი ნაცად ხალხურ მეთოდებს მიმართავს, ზოგი კი მაშინვე აფთიქში გარბის თანამედროვე სამკურნალო მედიკამენტის შესაძენად.

თანამედროვე პრეპარატები, რომლებიც ტილებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ:

• მედიფოქსი

• ნიტიფორის ხსნარი

• პედილინის შამპუნი

• ბენზილბენზოატის ემულსია

• პარა-პლუსის აეროზოლი

• ბუტადიონი

ყველა მათგანს მოხმარების საკუთარი ინსტრუქცია აქვს და ამაში აფთიაქის ფარმაცევტები გაგარკვევენ. თუმცა ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში პროცედურის შემდეგ ბავშვს თმა ძალიან წვრილი სავარცხლით უნდა დავარცხნოთ და სათითაოდ გააცალოთ ტილის კვერცხები. საქმე რომ გაგიიოლდეთ, თმა ბალზამით ან ზეთით დაუმუშავეთ.

ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ზემოჩამოთვლილი პრეპარატები ტოქსიკურია, ამიტომ მათი თვალში ან პირში მოხვედრა დაუშვებელია.

ხალხური მეთოდები

1. ჟანგბადით მომარაგების შეწყვეტა ტილებისა და კვერცხებისთვის. ამისთვის თმაზე ძალიან ცხიმიანი და ბლანტი მასა უნდა წაისვათ, მაგალითად ვაზელინი ან მაიონეზი. შემდეგ თმა ცელოფნით შეიფუთეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ. პროცედურა რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ.

2. ეთილირებული ზეთი. ზოგიერთ სუნს პარაზიტები ვერ იტანენ. ასეთია ჩაის ხის, ნუშის, ლავანდის ეთილირებული ზეთები. ეს ზეთი თავზე რამდენიმე საათით უნდა გაჩეროთ და შემდეგ ჩამოივარცხნოთ.

3. მცენარეებით მკურნალობა:

1 ჭიქა ბროწეულის წვენი, 3 სუფრის კოვზი პიტნა აურიეთ და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. ეს ხსნარი თმის ძირებში უნდა შეიზილოთ.

4. ნივრით მკურნალობა - ტილები ნივრის სუნს ვერ იტანენ. დაანაკუწეთ რამდენიმე კბილი და 7 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ შეიზილეთ თმის ძირებში.

წარსულ წლებში ასევე აქტუალური იყო ნავთის წასმა თავზე - ნავთის სუნსაც ვერ იტანენ ტილები. თუმცა ყველა შემთხვევაში, ტილების მოკვლის შემდეგ კვერცხები უნდა მოაცილოთ თავიდან.

რაც მთავარია, ყურადღებით იყავით ბავშვებთან. რაც მალე აღმოაჩენთ დაავადებას, მით უფრო ადვილად გათავისუფლდებით მისგან.