"ამ ეტაპზე, თავს დაცულად ვგრძნობთ... ექიმებს ონლაინ-რეჟიმში ვეკონტაქტებით..." - ჩინეთში მცხოვრები ქართველი არსებული სიტუაციის შესახებ - მშობლები

"ამ ეტაპზე, თავს დაცულად ვგრძნობთ... ექიმებს ონლაინ-რეჟიმში ვეკონტაქტებით..." - ჩინეთში მცხოვრები ქართველი არსებული სიტუაციის შესახებ

2020-01-26 18:00:39+04:00

კორონავირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება. ვირუსი გასცდა ჩინეთის საზღვრებს და შემთხვევები სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში. ია მირიანაშვილი ჩინეთის ქალაქ შენჟენში მეუღლესა და 4 წლის გოგონასთან ერთად ცხოვრობს. ინგლისურ ენას ასწავლის და საკუთარი ტრენინგ-ცენტრი აქვს. ის იქ არსებულ სიტუაციაზე გვიყვება:

- ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა ჩინეთის ისტორიაში, როდესაც საჯაროდ გამოიტანეს ვირუსის შესახებ ინფორმაცია და ყველანაირად ცდილობენ პრევენციას. დარწმუნებული ვარ, რომ პანიკაა. პროვინციები ერთმანეთს ეხმარებიან და ჰუბეის პროვინციაში გამოცდილი ექიმების ეკიპაჟებს აგზავნიან. ასევე, 6 სამუშაო დღეში შენდება ჰოსპიტალი, სადაც პაციენტების ერთად მოთავსება მოხდება. მაღალჩინოსნები მოსახლეობას ურჩევენ, რომ პანიკას არ აყვნენ და თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან. არასწორი ინფორმაციის გავრცელება დასჯადია, თუმცა რა სანქციებს ითვალისწინებს აკრძალვა, დეტალურად არ ვიცი.

- თქვენ რამდენად დაცულად გრძნობთ თავს?

- ამ ეტაპზე, თავს დაცულად ვგრძნობთ, ვინაიდან შენჟენი, ფაქტობრივად, დაცლილია. გარეთ პირბადის გარეშე არ გავდივართ. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ექიმებს ონლაინ-რეჟიმში შეგვიძლია ვეკონტაქტოთ.

- საავადმყოფოში ვიზიტი არ შეგიძლიათ?

- საავადმყოფოში ვიზიტი მხოლოდ მას შემდეგაა საჭირო, თუ ვირუსის ალბათობაა. ისე სასურველი არაა. ძალიან უჭირთ ჩვეულებრივი გრიპისგან განსხვავება, რადგან მსგავსი სიმპტომები აქვს.

- პროდუქტისა და სხვა საჭირო ნივთების დეფიციტი ხომ არაა?

- პროდუქტების დეფიციტის შექმნის ნაკლები ალბათობაა ისეთ დიდ ქალაქში, როგორიც შენჟენია.

- ზოგადად, ვირუსის დროს, რას ანიჭებენ ექიმები მკურნალობის დროს უპირატესობას?

- ჩინეთს სძულს ანტიბიოტიკები, უმეტესად წამალს არ ნიშნავენ, მე თუ დაჟინებით არ მოვითხოვე. ბევრი სითხის მიღების რეკომენდაციას გვაძლევენ, ვიტამინებს ნიშნავენ და „ხალხურ მეთოდებს“ ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითად, ხველის დროს ორთქლზე მოხარშული მსხლის მიღებაა რეკომენდებული.

ჩინეთში მცხოვრებ ქართველებს მინდა ვუთხრა: ხშირად გაანიავეთ ოთახები, სახლში სადეზინფექციო საშუალებები გამოიყენეთ, იკვებეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ, დაიცავით პირადი ჰიგიენა და ქუჩაში პირბადის გარეშე ნუ გახვალთ. მე მაინც მჯერა, რომ საქართველოსა და ქართველებს ვირუსი ვერ დაგვამარცხებს.

თამარ იაკობაშვილი

altშესაძლებელია, ჩი­ნე­თი­დან ავიარე­ი­სე­ბი შე­ი­ზღუ­დოს და კი­დევ უფრო გამ­კაცრ­დეს მგზავრთა კონტროლი - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პრევენციულ ღონისძიებებზე