"მშობლის არასტაბილურობა და ჭარბი ემოციურობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახის ყველა წევრზე, განსაკუთრებით - ბავშვებზე..." - როდის არის საჭირო ფსიქიატრი? - მშობლები

"მშობლის არასტაბილურობა და ჭარბი ემოციურობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახის ყველა წევრზე, განსაკუთრებით - ბავშვებზე..." - როდის არის საჭირო ფსიქიატრი?

2020-02-04 06:18:56+04:00

ადამიანთა უმრავლესობას ჰგონია, რომ ფსიქიატრის დახმარება არასდროს დასჭირდებათ. მომატებული შფოთვის, უხალისობის, გამღიზიანებლობისათუ შიშების გამო თითქმის არასდროს განვიხილავთ ფსიქიატრთან ვიზიტს. სინამდვილეში კი ძალიან ბევრი ჩივილი, რასაც ვერაფერს ვუხერხებთ და ვერც სხვა ექიმები მკურნალობენ, სწორედ ფსიქიატრის ჩარევით გვარდება. რა სიმპტომების დროს უნდა მიმართოთ ფსიქიატრს და რა დახმარების გაწევა შეუძლიათ ამ სპეციალისტებს ჩვენთვის - თემაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი, ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი საუბრობს.

- რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ადამიანმა ნევროლოგს, ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს?

- ნევროლოგებს შეუძლიათ დაუზუსტებელი შფოთვის შემთხვევაში ერთჯერადად, სანამ შფოთვის მიზეზს დაადგენენ, გარკვეული მოცულობით მხარდაჭერა აღმოუჩინონ პაციენტებს, მაგრამ, ზოგადად, მათი კომპეტენციის სფერო არა - ფუნქციური დარღვევები, არამედ ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებით გამოწვეული პრობლემებია, როგორიცაა მაგალითად, ინსულტი, სხვადასხვა ნევრალგიები, გაფანტული სკლეროზი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ფსიქიატრიას, ფსიქიატრია განიხილავს და მკურნალობს ყველა ფსიქიკურდა ქცევითი აშლილობებას, რომელიც დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში კოდით F 00-F 99 არის აღნიშნული, გარდანარკოტიკული საშუალებების, ალკოჰოლისა და სხვადასხვა ფსიქოტროპული ნივთიერებით მიღებით გამოწვეული დარღვევებისა. ასე რომ, თავად დარგს თავისი ჩარჩოები აქვს და იგი ამ ჩარჩოების გარეთ არ მუშაობს.

ფსიქოლოგია სამედიცინო სპეციალობა არ არის, ამიტომ, ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტთა კომპეტენციები განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ტექნიკებს ფლობენ. ინტერვენციების სახეობები კი მრავალია - კოგნიტურ-ქცევითი თერაპია, გეშტალთერაპია, ფსიქოანალიზი და სხვა. კონკრეტულ შემთხვევაში კი ფსიქიატრი განსაზღვრავს, ფსიქოთერაპევტმა პაციენტთან, რომელი მეთოდით უმჯობესია, რომ იმუშავოს. ფსიქოლოგიური კრიზისების შემთხვევაში პირდაპირ ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი კარგია, მაგრამ რთული დიაგნოზების შემთხვევაში საჭიროა, რომ ფსიქიატრთან კომბინაციაში იმუშაოს.

- რა შემთხვევაში გაგიწევიათ დახმარება იმ ადამიანებისათვის, როლებიც თავს ჯანმრთელებად თვლიდნენ, თუმცა რეალურად დახმარება სჭირდებოდათ?

- ფსიქიატრიულ პათოლოგიებში არსებობს დაავადებების მთელი რიგი, რომელიც ადამიანს სწორი განსჯის უნარს უკარგავს. გააჩნია ფსიქიატრიულ პათოლოგიას, ადამიანი ხშირ შემთხვევაში, მაგალითად მანიის მდგომარეობაში, თავს ავადმყოფად არ თვლის. ეს ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმია. ზოგადად, ადამიანს ავადმყოფობის ფაქტის მიღება არ სურს, როგორც ეს ხდება აზარტომანიის ან ნარკოდამოკიდებულების დროს.

- რამდენად უშლის ხელს არსებული სტერეოტიპები დროულ მიმართვიანობასა და შემდგომ მკურნალობას?

- სტიგმა ადამიანის გადაწყვეტილებას ამუხრუჭებს, რომ მიმართოს ფსიქიატრს. გაცილებით უფრო მძიმე იყო მდგომარეობა 1998-2008 წლებში. დღეს ბევრად უფრო მარტივად მოდიან ადამიანები და ცუდად აღარ რეაგირებენ, ექიმის შეთავაზებაზე, რომ ფსიქიატრს მიმართონ.

- რამდენად რთული შედეგი შეიძლება მივიღოთ მაშინ, თუ ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, დროულად არ მიმართავენ ფსიქიატრს?

- შეიძლება მიკროსოციუმში სერიოზული პრობლემები იყოს, სუიციდიდან დაწყებული, სხვის მიმართ ძალადობით დამთავრებული. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი შეიძლება თავად აღმოჩნდეს გამოუვალ მდგომარეობაში, ანუ თვითონ გახდეს ძალადობის, უღირსი მოპყრობის ობიექტი. ასეთი რისკის ჯგუფია გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირები, რომლებსაც ყოველთვის მედიკამენტებით მკურნალობა არ სჭირდებათ, მაგრამ სერიოზულ სოციალური მხარდაჭერას საჭიროებენ.

- ყველაზე ხშირად რა ხდება ხოლმე ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის მიზეზი?

- როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის ნომერი პირველი მტერი - ნარკოტიკებია. ასევე დიდ როლს თამაშობს ძლიერი ემოციური სტრესები და განათლების დეფიციტი.

- ზედმეტი აგრესია მშობლის შვილის მიმართ ან მასწავლებლის მოსწავლის მიმართ, შეიძლება ფსიქიკური პრობლემებით იყოს გამოწვეული? თუნდაც ძალიან ხმამაღალი ყვირილი, ისტერიკის მოწყობა...

- მშობლის არასტაბილურობა და ჭარბი ემოციურობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახის ყველა წევრზე, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია - ბავშვები, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ მშობლის ხასიათის ცვალებადობის მიზეზი, თავსაც კი იდანაშაულებენ და ვერ ხვდებიან, როგორ მოიქცნენ. იგივე შეიძლება ითქვას მასწავლებელზე, რომელიც დიდ როლს თამაშობს მოზარდი თაობის პიროვნებად აღზდის საქმეში და, როგორც იცით, მას სკოლაში სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად მრჩევლის ფუნქციაც აქვს დაკისრებული.

- რა შეგიძლიათ ურჩიოთ როგორც ახალბედა, ასევე გამოცდილ მშობლებს, რომლებსაც შვილებთან მიმართებით აკვიატებული აზრები, გაძლიერებული შიშები აქვთ?

- ეს არის არა აკვიატებული მდგომარეობა, არამედ მშობიარობის შემდგომი გუნება-განწყობის ცვლილება, დეპრესია. ეს უფრო ადაპტაციური რეაქციაა, როდესაც ადამიანი ერთი სოციალური მდგომარეობიდან მეორე სოციალურ მდგომარეობაში გადადის, შესაბამისად, პასუხისმგებლობებიც იმატებს. ამიტომ, ასეთ დედებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ, უჩნდებათ ირაციონალური აზრები, რომ ბავშვს შეიძლება რაიმე დაემართოს, ვურჩევ, მიმართოს ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახურ მხარდაჭერას და უფრო მეტსაც გეტყვით, ახალბედა დედებს შეიძლება სულაც არ მოსწონთ, რომ მათ შვილზე პასუხისმგებლობას სხვებს უზიარებენ. მაგალითად, დედას, დედამთილს ან სხვას და ჰგონიათ, რომ მასავით ბავშვს ვერავინ მიაქცევს ყურადღებას. ესეც ადაპტაციური დარღვევაა და ფსიქიატრიული დიაგნოზია. ზოგადად, ფსიქიატრიული დიაგნოზები, საშიში არ არის.

ყოველ მეოთხე ადამიანს მსოფლიოში ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც ჰქონია რომელიმე ფსიქიატრიული დიაგნოზი და ისეთი ტიპის ქვეყნებში, სადაც უფრო მაღალია შფოთვისთვის ნიადაგი, შფოთვითი პრობლემებიც უფრო მატულობს. უნდა ვუთხრათ მშობლებს, რომ აკვიატებული აზრები საშიში და კატასტროფული არ არის, რომ ეს ნორმალური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და რომ ეს არის მაღალი პასუხისმგებლობა საკუთარი მოვალეობების მიმართ, მაგრამ ამ მაღალი პასუხისმგებლობების უკან ვტანჯავთ ჩვენს სხეულსა და მდგომარეობას.

ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ეს მდგომარეობა დავთრგუნოთ არა მხოლოდ მედიკამენტურად, არამედ ფსიქოლოგთან კონსულტაციით.

მინდა გითხრათ, ნევროლოგთან ან ფსიქიატრთან მიმართვის საკითხს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ოჯახის ექიმი განიხილავს. სწორედ მან უნდა შეაფასოს ადამიანი ჩივილების მიხედვით და მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროებს თუ არა სხვა სერვისში გადამისამართებას. სამწუხაროდ, ეს სისტემა საქართველოში ცუდად მოქმედებს, ამიტომ ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რა ჩივილების დროს ვის მიმართოს და რომელ ექიმს ანდოს საკუთარი ჯანმრთელობა. ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრისას ისინი ინფორმირებულნი არ არიან იმ სიმპტომატიკაზე, რაც შეიძლება ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები იყოს. ამიტომ ჰგონიათ, რომ მათი პრობლემების გადაჭრა „ნაკლებად საშიშ“ ნევროლოგს შეუძლია და არა ფსიქიატრს. ეს გარკვეული სტიგმაა, რაც ართულებს დროულ მიმართვიანობას.

სიმპტომები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, თუმცა არის დაავადებები, რომლებიც ყველა ასაკობრივ ჭრილში ყურადსაღებია. ასეთია დეპრესია, რასაც ძალიან მაღალი კორელაცია აქვს თვითდესტრუქციულ ქცევებთან, როგორიცაა თვითდაზიანება და ასე შემდეგ. ეს პრობლემები უფრო მეტად გამოვლინდება გუნებ-განწყობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაქვეითებით, უინტერესობით, ადრე არსებული ინტერესების სფეროს შევიწროებით, სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვით ან შესუსტებით, მადისა და წონის დაკარგვით, ძილის ციკლის დარღვევით, ზოგადად, აქტივობების ცვლილებებით. დეპრესიის დროს მოტორული აქტივობა შემცირებულია, ანუ ადამიანი ნაკლებად მოძრაობს, დროის უმეტეს ნაწილს სახლის პირობებში ატარებს. შეიძლება, გარკვეული პერიოდი საწოლიდანაც არ დგებოდეს. ამ შემთხვევაში, უმჯობესია ფსიქიატრს მიმართონ.

თვალშისაცემია მეორე ტიპის სიმპტომატიკა, რომელიც ასევე ფსიქიატრების კომპეტენციის ფარგლებშია - ესაა უცნაური გამონათქვამები, როდესაც თქვენს გვერდით მყოფი ადამიანი უცნაურ კავშირს ამყარებს სხვადასხვა მოვლენას შორის. ჩვენ ამას არაკორეგირებად მცდარ მსჯელობას ანუ ბოდვით აზრებს ვუწოდებთ. მაგალითად, ადამიანს გამოაქვს უცნაური დასკვნები - "ვიღაცამ შემომხედა, შეიძლება მოგზავნილია.. გვისმენენ დაგვითვალთვალებენ" და ასე შემდეგ. ეს ფსიქიატრიული სიმპტომია და ამიტომ უპრიანია, მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანმა ან მისი ოჯახის წევრებმა ფსიქიატრს დროულადდ მიმართონ.

არ უნდა დაგვავიწყდეს ნევროზული ტიპის სიმპტომები, როდესაც ადამიანს ეშინია, რომ ქუჩაში ცუდად არ გახდეს, ამიტომ სახლში იკეტება. შფოთვითი აშლილობის უკიდურესი ვარიანტია ე.წ. პანიკის შეტევები ანუ განგაშის შეგრძნებები, რომელიც გულის აჩქარებით, სუნთქვის გაძნელებით, მაჯის ცემის გახშირებითა და არტერიული წნევის მომატებით გამოიხატება.

საინტერესოა, რომ ეს შემთხვევები ხშირად მეორეულ შიშს წარმოქმნის. მაგალითად, შიშს იმისა, რომ ადამიანი გაგიჟდება, მოკვდება ან ვიღაცას ცუდს გაუკეთებს. გარდა ამისა, არსებობს სიმპტომატიკა, რომელიც ასევე ფსიქიატრის კომპეტენციის ფარგლებშია, ესაა აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები სხვადასხვა ექიმთან დადიან, სხვადასხვა ჩივილს წარმოადგენენ, იტარებენ თვითნებურად უამრავ კვლევას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ორგანული პათოლოგია არ არის, მათ მაინც აქვთ მძიმე სხეულებრივი შეგრძნებები, ესაა მაგალითად ჰიპოქონდრია, ე.წ. კუჭის ნევროზი, გულის ნევროზი და ასე შემდეგ. ყველა ეს დაავადება ფსიქიატრის კომპეტენციის სფეროა.

მოზარდებში უფრო მეტად ყურადსაღებია ქცევის ჩვეული სტერეოტიპების შეცვლა და დაბალი მოსწრება, გამღიზიანებლობა ან პირიქით - ჩაკეტილობა და გარე სამყაროსთან ურთიერთობისგან თავის არიდება. ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ქცევითი სიმპტომატიკაა ოპოზიციურობა (ოპოზიციურობა წინააღმდეგობას ნიშნავს, როდესაც ადამიანი არ ემორჩილება იმ წესებს, რასაც გარემო უწესებს), მაგრამოპოზიციურობა შეიძლება არ იყოს ავადმყოფობის ნიშანი. აქედან გამომდინარე, ოპოზიციური, გამომწვევი მოჩხუბარობა და ქცევა ნიშანდობლივია არა მხოლოდ ფსიქიატრიული პათოლოგიისთვის, ასევე შეიძლება ნორმალური ადამიანური განვითარების შემადგენელი ნაწილიციყოს და გარდამავალი ასაკის კრიზისის კონტექსტშიგანვიხილოთ. თუმცა შეფასება, მაინც სპეციალისტის პრეროგატივაა და უმჯობესია, დიფერენცირება ფსიქოლოგის, ოჯახის ექიმის, სკოლის ფსიქოლოგის მხარდაჭერით მოხდეს იმიტომ, რომ გარკვეულ პერიოდში ბავშვები უფრო მეტად იმყოფებიან იმ სოციუმში, სადაც მას მშობელი ვერ ხედავს. ეს არის სკოლა და გარესამყარო.

ზოგადად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარდატეხის ასაკს, რადგან თანატოლებისგან იწყება სხვადასხვა მავნე ჩვევის გაზიარება. ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ მშობლები განსაკუთრებით მოზარდებთანიმიტომ, რომ ეს პერიოდიცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებას ემსახურება, ამის პარალელურად, გარედან მოქმედი მავნეობები (თამბაქო, ალკოჰოლი, მოსაწევი თუ სხვა სახის ნარკოტიკი), კატასტროფულად მოქმედებს პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე.

მეორე ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც მინდა განვიხილო, ესაა ჩვენი უფროსი თაობა, ადამიანები 65 წლიდან ზემოთ. მათთან უფრო თვალშისაცემია შემდეგი ტიპის პრობლემები: გულმავიწყობა, გამღიზიანებლობა, უცნაური გამონათქვამები. უფროს თაობას შეიძლება მცირე დანაკლისის ბოდვითი გამონათქვამები ჰქონდეს, როდესაც, მაგალითად ამბობს: "მეზობელი შემოვიდა და მარილი მოიპარა", "ჩურჩხელა დავმალე და ვერ ვპოულობ. შეიძლება სხვამ წაიღო" და ასე შემდეგ.

ასაკოვანი ადამიანები ხშირად ერთსა და იმავე კითხვებს სვამენ, ეშლებათ ფინანსური გათვლები, იკარებიან ნაცნობ ადგილებში. თუ ზემოაღწერილ სიმპტომებს სისტემატიური ხასიათი აქვს და სააზროვნო ფუნქციაც იცვლება, აუცილებელია სპეციალისტთან მიმართვა. ამ შემთხვევაში, უპრიანია, პირველად ნევროლოგს მიმართონ და არა ფსიქიატრს. იმიტომ, რომ, როგორც წესი, ასაკში მსგავსი ცვლილებები ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანულ დარღვევებთანაა დაკავშირებული.

თამარ იაკობაშვილი