წიგნები, რომელიც 5-9 წლის ბავშვებს დააინტერესებს - მშობლები

წიგნები, რომელიც 5-9 წლის ბავშვებს დააინტერესებს

2020-03-10 12:07:09+04:00

არდადეგების პერიოდში ბავშვებისთვის წიგნის კითხვა განსაკუთრებულად საჭიროა. ამჯერად კი, როცა ბავშვებს არაგეგმიური სასკოლო არდადეგები აქვთ და იმის პროგნოზირებაც რთულია, თუ როდის აღდგება სასწავლო პროცესი, მნიშვნელოვანია, რომ მათ ასაკისთვის შესაბამისი ლიტერატურა მოუმარაგოთ.

საქართველოში წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელი „ბიბლუსი“ გირჩევთ წიგნებს, რომელიც თქვენი 5-9 წლის ბავშვებს დააინტერესებს და საინტერესო თავგადასავლებში ამოგზაურებს, ამავდროულად კი კითხვას შეაყვარებს.

ჩემი პირველი ბიბლია

ამ წიგნში თავმოყრილია მშვენიერი ამბები ბიბლიიდან. ბავშვები გაეცნობიან ძველი აღთქმის დიდებულ გმირებს - ნოეს, აბრაამს, მოსესა და სოლომონს. ახალი აღთქმიდან კი - იესოს ქადაგებებსა და საქმეებს. წიგნი დაწერილია მარტივი ენით, ახლავს მშვენიერი ილუსტრაციები.

კოსმოსი - წიგნი მოძრავი ჩანართებით

ამ წიგნიდან შეიტყობთ, რა პროცესი მიმდინარეობს ვარსკვლავების წიაღში, რას წარმოადგენს პლანეტები და როგორ არის აგებული კოსმოსური ხომალდი. გაეცნობით საოცარ ფაქტებს და დაათვალიერებთ ილუსტრაციებს, რომელთა საშუალებით ჩვენს საოცარ სამყაროს უკეთ გაიცნობთ.

„პატარა პრინცი“

"პატარა პრინცი" ანტუან დე სენტ-ეგზიუპერმა 1944 წელს ფრანგული რევიერის თავზე ავიაკატასტროფაში დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა და თავადვე დაასურათა. ეს არის ზღაპარი-იგავი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მთავარზე: ჩვენს პალნეტა დედამიწაზე, ერთგულებასა და მეგობრობაზე, სიყვარულსა და მოვალეობაზე... და კიდევ, სილამაზეზე. "ჩვენ ყველანი ბავშობიდან მოვდივართო", შეგვახსენებდა, ადამიანებს უძღვნა ეს ულამაზესი ზღაპარი და როგორც პატარა უფლისწული, თავადაც ვარსკვლავებთან გაფრინდა.

„ჭრაჭუნები“

ერთ დილით გაღვიძებული ლუსი აღმოაჩენს, რომ მისი დედიკო უკვალოდ გაქრა. საზრიანი გოგონა ხვდება, რომ დედა მის გარეშე არსად წავიდოდა, მაგრამ... ის აქ არ არის. რა მოხდა? სად წავიდა ლუსის დედიკო? წიგნი, რომლის კითხვასაც ახლა იწყებთ, სწორედ ამ შეკითხვის გარშემო ტრიალებს. ლუსი მალე აღმოაჩენს, რომ არა მხოლოდ მისი, არამედ უიფინგტონში ყველა ბავშვის მშობლები უკვალოდ გაქრნენ.

„ბავშვი ჩვეულებრივი“

გრეგ ჯეიმზისა და კრის სმითის "ბავშვი ჩვეულებრივში" ბევრი საინტერესო რჩევის წაკითხვა შეგვიძლია, მაგალითად: როგორ უნდა მოიქცე, თუ ყველაფერი შენს წინააღმდეგ მოქმედებს. პასუხი კი ასეთია: პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, დათრგუნვილობას შეეგუო. იყავი ანჩხლი. სანამ ადამიანებს არ ეუზრდელები. ამით შეიძლება გაერთო კიდეც. იყავი ცოტა ხანს ბუზღუნა და ამით ისიამოვნე.