19 წლის მარიტა დარასელია იტალიაში სამოგზაუროდ ოჯახის წევრებთან ერთად ჯერ კიდევ თებერვალში წავიდა, როცა კორონავირუსის შემთხვევების მატებაზე მხოლოდ ჩინეთიდან იუწყებოდნენ. იტალიაში ჩასვლიდან მალევე შეიცვალა სიტუაცია და ოჯახის წევრებთან ერთად, მიიღო ყველა ზომა თავის დასაცავად და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად - ამ ზომებს შორის იყო ნაკლებ ხალხმრავალ ადგილებში სიარული, იტალიის მხოლოდ იმ მხარეების მონახულება, სადაც კორონავირუსის საფრთხეები არ იყო, ჰიგიენური ნორმების მუდმივი დაცვა... იქიდან დაბრუნებული კი, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და პასუხისმგებლობის გამოვლენით, თვითიზოლაციაში მოექცა... თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვერ აიცილა თავიდან ის ნეგატიური დამოკიდებულება, რაც ბოლო დროს იტალიაში სხვადასხვა მიზნით წასული ადამიანების მისამართით იგრძნობა სციალურ ქსელში და ერთგვარ ბულინგის მსხვერპლადაც კი იგრძნო თავი. სწორედ ამიტომ ჩათვალა საჭიროდ, ვრცელი პოსტი მიეძღვნა ამ ყველაფრისთვის. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"პოსტი შეიცავს ექსკლუზიურ ინფორმაციას ჩემ შესახებ, ექსკლუზიურად ჩემგან. ცოტა დიდია, მაგრამ ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს.
მალე დასრულდება ჩემი თვითიზოლაციის პროცესი, ესე იგი მალე სამყარო ისევ ისეთი ფერადი და ლაღი გახდება.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩემ გარშემო ბევრი კითხვა, გაურკვევლობა და შიში ტრიალებს ჩემს გარემოცვაში, გადავწყვიტე, საქმის კურსში ჩაგაყენოთ ჩემი მდგომარეობით აღშფოთებული საზოგადოება.
იტალიაში ჩავფრინდით თებერვლის ბოლოს, მანამ სანამ კორონა გუგლის საძიებო სისტემაში ყველაზე პოპულარული სიტყვა გახდებოდა. ჩვენი ჩასვლიდან დაახლოებით მეორე ან მესამე დღეს (ზუსტი თარიღი არ მახსოვს) გახდა კორონას ვინაობა აშკარა და საშიში. ამიტომ დავრჩით კომოს ტბაზე და არ წავსულვართ იტალიის სხვა ქალაქებში, სადაც არსებობდა რეალური საფრთხე. კომოზე ყოფნის პერიოდში ვითვალისწინებდით ყველანაირ რჩევასა თუ რეკომენდაციას, რასაც ვკითხულობდით და ვისმენდით. დიდი სურვილის და პატივისცემის მიუხედავად, არ ვუახლოვდებოდით ადგილობრივებს, ვცდილობდით ახლო კონტაქტი არ დაგვემყარებინა არც მაღაზიაში გამყიდველებთან.
როდესაც ჩამოვედი, ხელები მქონდა გამომშრალი და დასიებული - ზედმეტი არაფერი არ შეიძლება, ხელების დაბანაც კი.
გამოვფრინდით მილანის ბერგამოს აეროპორტიდან. მილანში კომოდან ჩავედით რაღაცის 17 წუთზე მატარებლით, აეროპორტამდე კი ავტობუსი გადიოდა იმავე რაღაც საათის 30 წუთზე, აქედან გამომდინარე მილანის მიწაზე სულ რაღაც 13 წუთი ვიდექით. თვითმფრინავში ვისხედით დაახლოებით 28 ქართველი და 2 ტურისტი. ჩემს წინ, უკან და გვერდით ადგილები ცარიელი იყო. დაველოდეთ თვითმფრინავის დაცლას და შემდეგ დავტოვეთ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ტრანსპორტი.
ვირუსზე შემოწმებაც ბოლომ გავიარე, რათა ახლოს არ მივსულიყავი სხვა ადამიანებთან.
ჩამოსვლის წუთიდან ვართ თვითიზოლაციაში...
ვარ ქართველების ფრიად მდიდარი ლექსიკონის ახალი აღმაფრთოვანებელი სიტყვის "მაღალი საზოგადოებრივი შეგნების მქონე პირის" წარმომადგენელი. ვზრუნავ ჩემს თავზე, რადგან ზედმეტად მიყვარს იმისთვის, რომ რამე ვავნო. იმაზე მეტადაც მიყვარს, რომ 20-ევროიან, 50-ლარიან ბილეთს (თუ ახლა როგორ ეძახით?) დავხარბებოდი და თავი საფრთხეში ჩამეგდო.
მე ჩემი მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით არ ვაზიარებ უამრავ მცდარ თუ სწორ სტატიას, არ ვუზივარ უსაქმურად მთელი დღე საინფორმაციო გამოშვებას და არ ველოდები იტალიის კიდევ ერთ რეისს, რომ ეგრევე დავწერო, თუ როგორი უნამუსოა ეს ახალგაზრდობა. არ ვზივარ სახლში შეშინებული, საკუთარი უაზრო ფიქრებით შეპყრობილი და ასევე არ გავცემ რჩევა-დარიგებებს.
ამიტომ გთხოვთ, ნუ წერთ ისეთ გაუაზრებელ პოსტებს, რომლებიც შეიძლება შეეხოს უდანაშაულო ადამიანის თავმოყვარეობას და გრძნობებს. ნუ განსჯით დამნაშავეებს, რომლებსაც არ ეყოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ ჩემსავით დამსხდარიყვნენ ორი კვირა სახლში.
მადლობა მათ, ვინც რეალურად დაინტერესდა ჩემი ამბით, შეწუხდა ჩემი მდგომარეობით და ამიტომ მომიკითხა და არა იმიტომ, რომ თავი დაემშვიდებინა, ოდესღაც შეხვედრილი მე კილომეტრებით შორს რომ არ გადავდებ არაფერს.
ყველას, ვინც დაბრუნდა მაღალი რისკის ქვეყნიდან, გისურვებთ გამძლეობასა და ჯანმრთელობას".