როგორ უნდა მოიქცეს ორსული, თუ მოულოდნელად წნევამ ან მაღალმა სიცხემ შეაწუხა. რომელი წამლების მიღება არის მიზანშეწონილი ამ დროს და როგორ უნდა გაარჩიოს სიმპტომების მიხედვით, ეს სეზონური გრიპია თუ კორონავირუსი, mshoblebi.ge-ს გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი ესაუბრება.
- ქალბატონო მანანა, წელს უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა გრიპის ვირუსი და ამას დაემატა კორონავირუსის პანდემიაც, როგორ უნდა გაარჩიოს სიმპტომების მიხედვით ორსულმა, ჩვეულებრივი გრიპია თუ კორონავირუსი?
- გაზაფხულზე ჩვეულებრივ მატულობს ვირუსული ინფექციების გავრცელების მასშტაბი, რაც დაკავშირებულია ადამიანის იმუნური სისტემის შესუსტებასთან ამ პერიოდში და ეს ნორმალური სტატისტიკაა. კოვიდ-19 კორონავირუსების დიდი ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია, ისევე როგორც მწვავე რესპირატორული სინდრომი SARS და MERS. კოვიდ-19-ის სიმპტომებია: ტემპერატურა 37-ის ზემოთ და სისუსტე, ასევე შესაძლოა იყოს მშრალი ხველა, სურდო, დიარეა, სუნისა და/ან გემოს მგრძნობელობის დაქვეითება. აღსანიშნავია ისიც, რომ ინფიცირებულ ადამიანს შესაძლოა აღნიშნული სიმპტომებიდან არც ერთი არ აწუხებდეს. კოვიდ-19-ის სიმპტომები ფაქტობრივად არ განსხვავდება სხვა სახის რესპირატორული ინფექციების და ე.წ. “სეზონური გრიპების“ სიმპტომებისგან.

- ორსულები ყველაზე ხშირად კითხულობენ, რომელი წამლების მიღება არის დასაშვები მათ მდგომარეობაში სხვადასხვა პრობლემის დროს. თუ შეიძლება, ამ დროს მიიღონ სიცხის დამწევი საშუალებები და რომელი ჯგუფის?
- თუ ორსულს აქვს სიცხე, პირველ რიგში დასადგენია მიზეზი, ამიტომ სიცხის დამწევის დალევა თვითნებურად არაა რეკომენდებული. აუცილებლად უნდა მიმართოს პირად ექიმს, თუნდაც სატელეფონო კონსულტაცია გაიაროს. მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, უნდა დარეკოს 114-ზე, სადაც მას გადაამისამართებენ შესაბამის სპეციალისტთან.
- ასევე ხშირია წნევასთან დაკავშირებული პრობლემები ორსულობის დროს. როგორ უნდა მოიქცე ორსული მაღალი წნევის დროს, თუ შეიძლება რაიმე პრეპარატის მიღება და ასევე - დაბალი წნევის დროს?
- მაღალი წნევა ორსულებში ძალიან საყურადღებოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორსულს ხშირად აღენიშნება მაღალი წნევა, თუმცა აღნიშნული მდგომარეობა შესაძლოა გამოწვეული იყოს ძლიერი ემოციური სტრესისა და დაძაბულობის ფონზეც. მაღალი წნევის შემთხვევაში ორსული დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს ექიმს და მიიღოს სათანადო რეკომენდაციები, რათა გამოირიცხოს პრეეკლამფსია. დღეს ყველა ორსულს ჰყავს ექიმი-გინეკოლოგი, რომელთანაც ის ორსულობის პერიოდში გადის აუცილებელ კვლევებსა და კონსულტაციებს.
რაც შეეხება დაბალ წნევას, ხშირად აწუხებთ ორსულებს და ეს იმდენად საგანგაშო არაა, როგორც მაღალი. წნევის ვარდნა ორსულობის დროს უმეტესად განპირობებულია სისხლის ცირკულაციის, ჰორმონალური და სხვა ცვლილებებისგან, რაც რაც იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას. სიმპტომები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ჰაერის უკმარისობა, თვალებში დაბნელება და შესაძლოა გონების დაკარგვაც. ამგვარი სიმპტომების შემთხვევაში ორსულმა უნდა მიმართოს ექიმს, მაგრამ თუ არაა ამის შესაძლებლობა იმ მომენტში და ორსული იგრძნობს მსგავს სიმპტომებს, პირველ რიგში უნდა დაჯდეს ან უმჯობესია დაწვეს ჰორიზონტალურად. როცა ორსულს ხშირად აწუხებს დაბალი წნევები და ეს არაა დაკავშირებული რაიმე პათოლოგიასთან, ეძლევა რეკომენდაციები, რომ მოაწესრიგოს დღის რეჟიმი და კვება, სვას დიდი რაოდენობით სითხე, შეუძლია ყავა ან ჩაი მიირთვას იმ დროს, როცა შეაწუხებს აღნიშნული სიმპტომები და წნევა იქნება დაბალი.
- განსაკუთრებულად რომელი წამლების მიღება არის დაუშვებელი ორსულობის დროს, რომელი ჯგუფის?
- მედიკამენტების საკმაოდ დიდი ჯგუფებია, რომელთა მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში, თუმცა ექიმს შესაძლოა მოუწიოს ზოგიერთი მათგანის დანიშვნა მაშინ, როცა ორსულის მდგომარეობიდან გამომდინარე სხვა ალტერნატივა არ არსებობს და მედიკამენტის არდანიშვნამ შესაძლოა უარესი შედეგები გამოიწვიოს. ფართოდ ცნობილი ისეთი პრეპარატები, როგორიცაა მაგალითად: ნოშპა, ასპირინი - ორსულობის პერიოდში ინიშნება, პარაცეტამოლი და ციტრამონი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
ნუროფენიც არ არის რეკომენდებული სიცხის დამწევად ორსულობის დროს, განსაკუთრებულად მესამე ტრისმეტრში. პირველ და მეორე ტრიმესტრშიც გამოიყენება სიფრთხილით. ასევე სასურველი არ არის ლაქტაციის პერიოდში, როდესაც ქალს ბავშვი ბუნებრივ კვებაზე ჰყავს. აუცილებლად გაირკვეს სიცხის მიზეზი, თუ საიდან მოდის ტემპერატურა. პარაცეტამოლი შესაძლებელია, თუ ტემპერატურა 38.5 ან მეტია.
38 გრადუსამდე არ სჭირდება არც ორსულს და არც არავის, რომ დამწევი მიიღოს. სიცხე თუ 38.5-ს ზევითაა, ასევე შეიძლება მიიღოს ასპირინი, ანუ აცეტილსალიცილის მჟავაა აქტიური ნივთიერება. ასპირინს ასევე ტკივილგამაყუჩებლადაც ვუნიშნავთ ორსულებს. იბუპროფენსაც ვნიშნავთ, გააჩნია მდგომარეობას, მაგრამ ხშირად და ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ შეიძლება.
- დასასრულს, ორსულებისა და კორონავირუსის თემაზე რომ ცოტა ვრცლად მოგვახსენოთ, ამ დროისთვის რა რჩევებს მისცემდით ორსულებს და როგორია სტატისტიკა მსოფლიოს მასშტაბით?
- კოვიდ-19 ახალი ვირუსია, რომლის სამკურნალო პრეპარატი ჯერჯერობით არაა შექმნილი, ასევე არ არსებობს ვაქცინა. კოვიდ-19-ით დაავადებულების დაახლოებით 80%-ს საერთოდ არ სჭირდება სტაციონარული მკურნალობა, დაახლოებით ყოველ 6 პაციენტში 1-ს შესაძლოა განუვითარდეს გართულება: პნევმონია და მასთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობა. კოვიდ-19-ით ინფიცირებულებში სიკვდილიანობა დაახლოებით ისეთია, როგორც ვირუსული გრიპის დროს, თუმცა ეს მაჩვენებელი განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ბევრი სხვა ფაქტორითაა გამოწვეული. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ კოვიდ-19-ის კონტაგიოზურობა, ანუ გადადების უნარი სხვა ვირუსული ინფექციებისგან განსხვავებით არის ბევრად მაღალი, რაც იწვევს მის ძალიან სწრაფ გავრცელებას მოსახლეობაში და დროულად შესაბამისი ზომების არმიღების შემთხვევაში, შეიძლება ერთდროულად დაავადდეს იმდენი ადამიანი, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ შეძლოს მასთან გამკლავება, რაც ბუნებრივია, სიკვდილიანობის მაჩვენებელს გაზრდის. ცნობილია, რომ იმუნური სისტემის თავისებურებების გამო ორსულები უფრო ადვილად ავადდებიან ნებისმიერი ვირუსული ინფექციით, ამიტომ აქ კოვიდ-19 არაა გამონაკლისი. როგორ გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე, ეს ჯერ არაა ცნობილი, რადგან ორსულებში ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები ცოტაა აღწერილი და დროც არაა საკმარისი გასული. დღემდე ვერტიკალური ტრანსმისია, ანუ დედიდან ნაყოფზე კოვიდ-19-ის გადაცემის ფაქტი არ გამოვლენილა. არის ინფორმაცია, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირებულმა 9 ორსულმა იმშობიარა ფიზიოლოგიურად და საკეისრო კვეთით, ყველა ახალშობილი ჯანმრთელია. დაფიქსირდა რამდენიმე ახალშობილის დაინფიცირება კოვიდ-19-ით ანუ დაბადების შემდეგ, რომლებიც მალევე გამოჯანმრთელდნენ.
- გადადის თუ არა კორონავირუსის ინფექცია ბუნებრივი კვებისას დედის რძით?
- დედის რძე ახალშობილს იცავს უამრავი ინფექციისგან და აძლიერებს მის იმუნიტეტს. ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც დედის რძე უკუნაჩვენებია ახალშობილისთვის. სხვადასხვა სახის ვირუსული გრიპით დაინფიცირებისას დედის რძეში ვირუსი არ გადადის. რაც შეეხება კოვიდ-19-ის შემთხვევას, ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ დიდი ალბათობით კოვიდ-19 არ გადადის დედის რძით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, დასაშვებია, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირებულმა დედამ ბუნებრივად კვებოს ახალშობილი, თუ ის დაიცავს განსაკუთრებული ჰიგიენის წესებს.
დღევანდელ სიტუაციაში ორსულებმა ზუსტად ის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ, რასაც დღეს დაავადებათა ეროვნული ცენტრი გვაწვდის: ხელის ხშირი დაბანა და პირადი ჰიგიენა, დახველების ან დაცემინების დროს პირზე იდაყვის ან ხელსახოცის აფარება, სამედიცინო ნიღბის გამოყენება, სოციალური დისტანცია.
ნინო გიგიშვილი