მასწავლებლის როლსა და დანიშნულებაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ალბათ ის არის, რომ თავის საგანთან ერთად ან მასზე უფრო მეტადაც, ბავშვს ცხოვრება უნდა შეაყვაროს, თავისუფალ აზროვნებას მიაჩვიოს, ანალიზის უნარი განუვითაროს, მომავლის რწმენა ჩაუსახოს და უკეთესობისკენ შეცვალოს ბევრი რამ. მასწავლებელს შეუძლია, როგორც კარგი, ისე ცუდი როლის შესრულება თავისი მოსწავლეების ცხოვრებაში და როგორც ცუდი დაღის დასმა მთელ მათ ცხოვრებაზე, ასევე ნამდვილ გამონათებად ქცევა მათ მომავალში.
ეს არის ნაკრები ფილმებისა, რომელთა უმრავლესობის სიუჟეტი და ამბავი არ არის მოგონილი - მათი დიდი ნაწილი რეალურ ადამიანებზეა, რომლებიც მართლა არსებობდნენ და მართლა ცვლიდნენ ბავშვების ცხოვრებას უკეთესობისკენ, თუნდაც ყველაზე "წყალწაღებული" თუ ცხოვრებისგან განწირული ბავშვების. გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარს ამ თემაზე, რომლებიც მასწავლებლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ნანახი. ასევე მოზარდებს და მათ მშობლებს. თქვენ წინაშეა რამდენიმე საუკეთესო ფილმი მასწავლებლებზე, რომლებიც არა მარტო მოსწავლეებს, მათ გარშემო სამყაროსაც ცვლიდნენ.
"მკვდარი პოეტების საზოგადოება"
ერთ-ერთი საკულტო ფილმია იმაზე, თუ რას ასწავლიან ბავშვებს და რა უნდა ასწავლონ, და რომ აკადემიური განათლება ხშირად დასულია მხოლოდ პარაგრაფების დაზეპირებამდე და თავის დატენვამდე სხვადასხვა ფაქტით. იმის ნაცვლად, რომ იყოს აზროვნება, გაგება, შეგრძნება. ლიტერატურის სწავლების დროსაც კი. მასწავლებელმა კიტინგმა აჩვენა თავის მოსწავლეებს არა მხოლოდ ინგლისური ენისა და ლიტერატურის სიმდიდრე, არამედ ასწავლა მათ ამ ყველაფრის განცდაც.

"ადამიანი აღორძინების ეპოქიდან"
ამბავი ბილზე, რომელიც სარეკლამო სააგენტოდან გააგდეს და არმიის ახალწვეულებთან მასწავლებლობა შესთავაზეს. მართლაც საინტერესო ამბები განვითარდება - კეთილი და ცოტა სევდიანი კომედიაა.

"გუნდის მომღერლები"
მუსიკის მასწავლებელი ძნელად აღსაზრდელ მოზარდებთან აღმოჩნდება, რომლებსაც საკმაოდ მკაცრად ექცევიან. კეთილი და ოპტიმისტი მატიე ბავშვებში საუკეთესო უნარებს განავითარებს და მართლა სასწაულებს მოახდენს.

"რონ კლარკის ისტორია"
ნამდვილი ამბავი ამერიკელ პედაგოგზე, რომელიც "ყველზე წყალწაღებული" ბავშვების კლასში შედის და მათ ცხოვრებას პრაქტიკულად თავდაყირა დააყენებს, დანარჩენებს კი დაანახებს, რომ სიყვარულითა და სიკეთით, პატივისცემით ნებისმიერ მოზარდზე შეიძლება დადებითი გავლენის მოხდენა.

"თავისუფლების მწერლები"
ასევე ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ფილმი, თუ როგორ ხვდება მოწოდებით მასწავლებელი, ახალგაზრდა გოგონა კრიმინალური რაიონის სკოლაში, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები სწავლობენ. და როგორ შეძლებს მათ გარდაქმნას, მათთვის მომავლის რწმენის ჩანერგვას და განათლების აუცილებლობის გააზრებას. მისი მეთოდები და თავგანწირვა, რომელიც დანარჩენი პედაგოგებისთვის მიუღებელი და უცნაურია, ადამიანების სიცოცხლეს და მომავალს გადაარჩენს.

"მასწავლებელი ჩანაცვლებით"
ჰენრი ბარტი მასწავლებელია ჩანაცვლებით, რომელსაც საკმაოდ რთულ კლასში მოუწევს ინგლისურ ენასა და ლიტერატურაზე საუბარი. ესეც ფილმია იმაზე, რომ ადამიანებზე არ უნდა იმსჯელო პირველი შთაბეჭდილებით და ყველა რთული მოზარდის უკან დგას ამბავი, რომლის შეცვლა შეიძლება უკეთესობისკენ.

"შეინარჩუნე რიტმი"
დაუნდობელი მოზარდების და პედაგოგის ამბავი, რომელმაც ისინი მიზანდასახულებად და გულღიებად აქცია, აჩვენ ცხოვრების საუკეთესო მხარეები.

"ოქტომბრის ცა"
ეს რეალური ამბავია ნასა-ს ინჟინერ ჰომერ ჰიკემის, მაღაროელის შვილის, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში ოცნებობდა რაკეტის შექმნაზე. მათ მაღაროელთა ქალაქში ეს ოცნება სრულიად უჩვეულოდ ჩანდა, თუმცა ოცნების ასრულებაში მათემატიკის მასწავლებელი დაეხმარა.

"მონა ლიზას ღიმილი"
იმ დროში, როცა ქალის წარმატებას მხოლოდ წარმატებული გათხოვებით განსაზღვრავდნენ, მდიდარი და განებივრებული გოგონების სოლაში გამოჩნდა მასწავლებელი, რომელიც მათ ესაუბრებოდა თავისუფლებაზე, ხელოვნებაზე, განათლების აუცილებლობაზე.

"სიმღერა მაწანწალისთვის"
ირლანდიის კათოლიკურ სკოლაში მიდის ახალი მასწავლებელი, რომელიც აღმოაჩენს ბავშვების მიმართ სისასტიკეს და დაუნდობლობას ღვთისმსახურების მხრიდან. ის ცდილობს, წინ აღუდგეს ძალადობას და პატარებს ცხოვრება გაუუმჯობესოს.

"ნიჭიერი უილ ჰანტინგი"
20 წლის ბიჭი ფენომენური ინტელექტით ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს თავის ნიჭს და უსიამოვნო ამბებში ეხვევა. მის ცხოვრებას სრულიად ცვლის მათემატიკის პროფესორი, რომელიც ცხოვრებას და მის ნიჭს სულ სხვა კუთხით დაანახებს.

"საიმპერატორო კლუბი"
კლასიკური ლიტერატურის პროფესორის უილიამ ჰანდერის ცხოვრება თითქოს ინგრევა მის კლასში ახალი მოსწავლის შემოსვლით, თუმცა თანდათანობით უსიამოვნო ურთიერთობები დიდ მეგობრობაში გადაიზრდება და ეს ორივესთვის საუკეთესო ცხოვრებისეულ გამოცდად იქცევა.

"კლასის წინ"
ნამდვილი ამბავი ბიჭისა, რომელსაც განსაკუთრებული სინდრომი აქვს და ამის გამო ბავშვობაში ბულინგის ობიექტი ხდება. სიტუაციას შეცვლის მორიგი სკოლის დირექტორი, სადაც პატარა ბიჭი აღმოჩნდება. სწორედ ამ ადამიანის წყალობით შეიცვლება მისი ცხოვრება, დაისახავს მიზნად მასწავლებლობას და თავადაც საუკეთესო პედაგოგი გახდება.

ფილმები ბავშვებზე, რომლებსაც შეგიძლიათ მათთან ერთად უყუროთ - სია მშობლებისთვის