რეჟისორი და სცენარისტი ირაკლი მახარაძე საინტერესოდ წერს გახმაურებული ფილმის შესახებ, კინომოყვარულთა ჯგუფში:
"მელ გიბსონის პოპულარულ ფილში The Passion of the Christ აუდიტორია ლამის ორი საათის განმავლობაში თვალს ადევნებს ეკრანული ქრისტეს ნატურალისტურად დადგმულ წამება-ჯვარცმას. მელ გიბსონი აცხადებდა, რომ იესოზე ფილმის გადაღების იდეა მას დიდი ხნის წინ მოუვიდა, ხოლო მის განხორციელებას მძიმე სულიერი დეპრესიის დროს შეუდგა, რამაც მისი სიტყვებით გადაარჩინა მძიმე ცოდვისაგან - თვითმკვლელობისაგან. ფილმში მსახიობები მხოლოდ ლათინურად და არამეულ ენებზე საუბრობენ. რეჟისორს სუბტიტრების გამოყენებაც კი არ სურდა, მაგრამ გამქირავებლების დაჟინებული თხოვნის შემდეგ დათანხმდა. გადაღებისას ქრისტეს როლის შემსრულებელს ჯეიმს კავიზელს (რომელიც ქასთინგზე მისვლისას დარწმუნებული იყო რომ ფილმს სერფინგისტების შესახებ იღებდნენ) ორჯერ შემთხვევით ისე გადაუჭირეს მათრახი, რიომ მან ხელის მტევანი დაიზიანა, ერთხელ კი მას მეხი დაეცა, მაგრამ საბედნიეროდ არაფერი დაუშავდა. ფიზიკური ტანჯვა რომ განესახიერებინა მსახიობს თამაში არ დასჭირვებია: გრიმისაგან, რომელსაც ყოველ დღეს შვიდი საათის განმავლობაში უკეთებდნენ, მთელი ტანი წყლულით დაეფარა და მას დაძინება არ შეეძლო. ჯვარი, რომელიც მას გოლგოთაზე მიჰქონდა არ ყოფილა ბუტაფორული, ის 70 კილოგრამს იწონიდა. გადაღება ზამთარში მიმდინარეობდა და კავიზელი ისე იყინებოდა (მას კი მხოლოდ ლომის ტყავი ემოსა), რომ იძულებულნი იყვნენ მისი სახე გაეთბოთ, რათა მას ტუჩები ემოძრავებინა.
"ქრისტეს ვნებანი"
ფილმი გამოსვლისთანავე სენსაციად იქცა. ყველა ბილეთი პრემიერამდე დიდი ხნით ადრე გაიყიდა. ფილმის პრემიერის პირველივე დღეს კი ერთ 56 წლის ქალბატონს, როცა ჯვარცმის სცენას უყურებდა, გულის შეტევა მოუვიდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვით ჯვარცმის სცენა იტალიის სამხრეთის ერთ ქალაქში იყო გადაღებული, სადაც 1964 წელს პიერ პაოლო პაზოლინი იღებდა The Gospel According to St. Matthew ("მათეს სახარება").
"მათეს სახარება"
ეს ფილმი ბევრი კრიტიკოსისა თუ კინომცოდნეს მიერ კრიტიკის ქარცეცხლში იყო გატარებული იესოს ცხოვრების მარქსისტულ-კათოლიკური მსოფლმხედველობის გამო, მას “კომუნისტურ მანიფესტსაც” კი უწოდებდნენ, რაც გასაკვირი არაა, რადგან რეჟისორი პაზოლინი კომუნისტი და ათეისტი იყო. მან იესო რევოლუციონერად აქცია, მისი ქადაგებანი რევოლუციურ აგიტაციად, ხოლო ვინც მაცხოვრის დაიჯერა ხალხის მასებად, რომლებიც ბრძოლისთვის არიან მზად. მიუხედავად ყველაფრისა ფილმი იტალიაში დიდი პოპულარობით საარგებლობდა, დღემდე ის ინტელექტუალების ერთ-ერთ საყვარელ ნაწარმოებად რჩება, რაც მთავარია ფილმი ითვლება ბიბლიური ტექსტის ყველაზე ნაღდ ეკრანიზაციად, რაზეც რეჟისორმა განაცხადა, რომ “გამოსახულება ვერასოდეს მიაღწევს ტექსტის პოეტურ სიმაღლეებს”. იესოს როლი 19 წლის ესპანელმა სტუდენტმა ენრიკე ირაზოკიმ შეასრულა, ამბობენ, რომ პრემიერის შემდეგ ვატიკანმა მას პენსია დაუნიშნა, რათა მას არასოდეს ეთამაშა კინოში. არანაკლებ საინტერესო იყო ფილმის ეკლექტური საუნდტრეკი, სადაც ერთმანეთში იყო გადახლართული ბახი, მოცარტი, ბლუზი და ჯაზის ნიმუშებიც".