რომელ დღეებში იქნება შესაძლებელი საქალაქთაშორისო გადაადგილება და როდიდან იხსნება შეზღუდვა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე - მშობლები

რომელ დღეებში იქნება შესაძლებელი საქალაქთაშორისო გადაადგილება და როდიდან იხსნება შეზღუდვა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე

2020-04-24 13:12:57+04:00

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 27 აპრილიდან საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები არ იხსნება.

როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ გამონაკლისი დაუშვა მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რაიონში ან სხვა ადგილზე იმყოფებიან და მათ ორი დღის განმავლობაში, ორშაბათსა და სამშაბათს ექნებათ შესაძლებლობა, თავისი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილზე დაბრუნდნენ.

„ორშაბათიდან ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება. ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც საქალაქთაშორისო გადადგილებაზე იყო დაწესებული და ასევე, არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი. ეს შეზღუდვები შენარჩუნდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე გასული იყო ან საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში, ან თავისი სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით: ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, თავისი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილზე დაბრუნდნენ. შესაბამისად, ორი დღის შემდგომ, შესაბამისი შეზღუდვები სატრანსპორტო გადადგილებაზე საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით, აღდგება“, - განაცხადა გახარიამ.

მოგვიანებით მთავრობის ადმინისტრაციამ კიდევ უფრო დააზუსტა ეს ინფორმაცია:

27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და გასვლა გარკვეული პირებისთვის დასაშვები იქნება.

„როგორ ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.