"შხამიანი გველები ხვდებიან ისეთ ადგილებშიც, სადაც წესით არ ბინადრობენ..." - ჰერპეტოლოგის გაფრთხილება მშობლებს, რომლებიც ბავშვებს ბუნებაში ატარებენ - მშობლები

"შხამიანი გველები ხვდებიან ისეთ ადგილებშიც, სადაც წესით არ ბინადრობენ..." - ჰერპეტოლოგის გაფრთხილება მშობლებს, რომლებიც ბავშვებს ბუნებაში ატარებენ

2020-06-23 14:49:20+04:00

ზაფხულის სეზონზე ქვეწარმავლების გამოჩენის შიში მოქალაქეების უმეტესობას აწუხებს. ამ კუთხით როგორი სურათი გვაქვს წელს და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ისეთ სივრცეებში ყოფნის დროს, სადაც შესაძლოა ქვეწარმავლები ბინადრობდნენ, ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე გვაპსუხობს ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი:

-ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აღარ ვმუშაობ და ზუსტად ვერ გეტყვით, როგორია სტატისტიკური მონაცემები გამოძახებების, თუმცა მიმდინარე სეზონზე რა მდგომარეობაა, ამაზე საუბარი შემიძლია - ჩემი ჯგუფი მყავს და კერძო საქმიანობას ვეწევი, ექსპედიციებს ვაწყობ ქვეწარმავლების შესწავლის და მათი გავრცელების არეალეების ზუსტი დადგენის მიზნით. ქვეყნის მაშსტაბით ქვეწარმავლების რიცხვი მომატებული არ არის. ბუნებრივი კლიმატური პირობების შედეგად ხდება ხოლმე პოპულაციის ოდნავ შემცირება ან მომატება. შარშანდელთან შედარებით წელს ქვეწარმავალთა რაოდენობა გაზრდილიაო, ვერ ვიტყვით, მაგრამ შემცირებულიც არ არის. ასე ვთქვათ, ისინი ქალაქის მაშსტაბით და ქვეყნის მაშსტაბით, ურბანულ სივრცეში მაინც გვხდებიან, თუმცა რადიკალურად შეცვლილი სურათი ამ კუთხით არ გვაქვს. ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ შარშანდელი წლის მსგავსია წლევანდელი წელიც.

- ლისის ტბა, კუს ტბა, თბილისის ზღვა, თბილისის ბოტანკური ბაღი - ეს ის ადგილებია, სადაც დედაქალაქში მყოფი უფროსები ბავშვებთან ერთად სეირნობენ ან გრილდებიან. როგორ უნდა მოვიქცნენ თუ გველს გადააწყდენ ბავშვები?

- თბილისის ტერიტორიაზე კუს ტბა, ლისის ტბა, თბილისის ზღვა არის მწვანე ზონა, სადაც არ ბინადრობენ შხამიანი გველები. სხვა სახეობები ბინადრობენ, იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივ ბუნებრივი არეალია ქვეწარმავლებისთვის, აქედან გამომდინარე, ამ წყლებში ხშირად გვხვდებიან გველები, რომლებსაც ადამიანები აწყდებიან ხოლმე და ამის გამო პანიკაში ვარდებიან. თუმცა მინდა დავაწყნარო მოქალაქეები, რადგან შხამიანი გველები აქ არ გვხდებიან, მათი გავრცელების არეალი არ მოიცავს ამ ადგილებს. რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღს, იქ ვხვდებით შხამიან გველ გიურზას, თუმცა იშვითად, არაშხამიანი გველები კი, რა თქმა უნდა, ბინადრობენ.

- რას ურჩევთ მშოლებს, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებს ბუნებაში ატარებენ ბავშვებს?

- პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, როცა ბუნებაში მივდივართ, შეიძლება შევხვდეთ ნებისმიერ ცოცხალ არსებას, რომელიც ბინადრობს, მათ შორის გველს, ამიტომ ბავშვს არ უნდა ჩავუნერგოთ პანიკური შიში ამ არსებების მიმართ, თუმცა უნდა ავუხსნათ, რომ თუ დაინახავს ქვეწარმავალს, არ მიეკაროს და არ დაუწყოს მას თამაში, დაჭერა ან შეწუხება, პირიქით, უნდა გაეცალოს. მაგალითად, ლისის ტბაზე დაცურავს წყლის ანკარა, თუ ბავშვი მას შეეხო, დაიჭირა, ან რამე მსგავსი, ძალიან მცირე შანსია, ამ სახეობამ უკბინოს, მაგრამ თუ მოხდა დაკბენა, ამ შემთხვევაში, არანაირი საფუძველი არ გვაქვს შიშის, იმიტომ, რომ არანაირი გართულება ამ ნაკბენს არ მოჰყვება, იმიტომ, რომ,უშხამო გველის ნაკბენის შემთხვევაში, საფრთხე ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება.

- ქვეწარმავლის კბენის შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ?

- ყველა ვარიანტში, რადგან ადამიანთა უმეტესობამ არ იცის, ქვეწარმავალი შხამიანია თუ არა და მიუხედავად იმისა, იმ კონკრეტულ ადგილში ბინადრობს თუ არა შახმიანი გველი, აუცილებელია მივმართოთ სპეციალურ სამსახურს, სასწრაფოს, რომელიც დაადგენს შხამიანია ნაკბენი თუ არა. ვინაიდან ხდება ხოლმე, რომ შხამიანი გველები ხვდებიან ისეთ ადგილებშიც, სადაც წესით არ ბინადრობენ, შეიძლება მანქანას გაჰყვა, ან სამშენებლო მასალაზე მოხვდა და ამ ფორმით გადააგილდა. აქედან გამომდინარე უნდა დავიზღვიოთ თავი. თუ ვცნობთ ნაკბენს და დარწმუნებული ვართ, რომ არ არის შხამიანი, მაშინ ნაკბენი ადგილი ჩამოვბანოთ ცივი წყლით.

- სპირტით თუ შეიძლება ნაკბენის დამუშავება?

- ჭრილობა უნდა დავამუშავოთ, იმისთვის, რომ ინფექცია არ შეიჭრას. ეს შეიძლება მოხდეს ცივი წყლით, სპირტით, ან თუნდაც წყალბადის ზეჟანგით, საპნიანი წყლით. ამას დიდი მინიშვნელობა არ აქვს. არის ისეთი პატარა გველები, რომლის ნაკბენიც შეუმჩნეველია.

რუსკა კილასონია

altრომელ სართულამდე შეუძლია გველს აძრომა და როგორ შეიძლება მოხვდეს კორპუსის ბინებში - სპეციალისტი გირჩევთ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გველს გადაეყარეთ ან დაგკბინათ